"მე უკვდავი გავხდები სიკვდილის შემდეგაც" - საინტერესო ფაქტები ნოსტრადამუსის შესახებ

"მე უკვდავი გავხდები სიკვდილის შემდეგაც" - საინტერესო ფაქტები ნოსტრადამუსის შესახებ

მიშელ დე ნოტრდამი (Michel de Notredame), ცნობილი, ფსევდონიმით ნოსტრადამუს (1503-1566) - ფრანგი პოეტი, ექიმი და ალქიმიკოსი, ასტროლოგი, სახელგანთქმული თავისი წინასწარმეტყველებებით.

სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ, ნოსტრადამუსმა დიდ წარმატებას მიაღწია შავ ჭირთან ბრძოლაში - ჰიგიენის დაცვის წესებს ასწავლიდა. ცნობილი ექიმის ასტროლოგად და წინასწარმეტყველად მოვლენა ძალზედ მოულოდნელი გახდა. 1555 წელს ნოსტრადამუსმა ასტროლოგიური ალმანახები გამოსცა. იმავე წელს ქალაქ ლიონში ცენტურის პირველმა გამოცემამ იხილა დღის შუქი, რომელიც 353 კატრენს შეიცავდა. ამ პირველმა წინასწარმეტყველებებმა ნოსტრადამუსს ერთდროულად წარმატება და უსიამოვნებაც მოუტანა.

ნოსტრადამუსის პირველი წინასწარმეტყველებანი

ამბობენ, რომ ჯერ კიდევ სკოლაში მას "პატარა ასტროლოგს" უწოდებდნენ. ლეგენდის თანახმად, ნოსტრადამუსმა ორი გოჭის მომავალი იწინასწარმეტყველა "თეთრ გოჭს მგელი შეჭამს, შავს კი სადილად მიირთმევენ" - თქვა მან. მიშელის შესარცხვენად, გოჭების პატრონმა თეთრის დაკვლა უბრძანა, მაგრამ ის უკვე მგელს შეეჭამა, მზარეულმა კი შავი დაკლა, რაც მოგვიანებით აღიარა.

თავისი პირველი წინასწარმეტყველების გამოცემის შემდეგ, ნოსტრადამუსი პარიზში მიიწვიეს, სადაც მეფე ჰენრიხ II-მ დიდი პატივით მიიღო. 1556 წელს ნოსტრადამუსმა თავისი ერთ-ერთი ალმანახის წინასიტყვაობაში დაწერა: "ამჟამად ცოცხალი, მე უკვდავი გავხდები სიკვდილის შემდეგაც. ჩემი სახელი სამყაროში დიდი ხნით დარჩება".

წინასწარმეტყველებანი, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ნოსტრადამუსს

1559 წლის 1 ივლისს, ორმაგი ქორწილის დღეს - მეფის ასულის, ელისაბედისა და ნოსტრადამუსის დის, მარგარიტასი, ორივე პატარძლის პატივსაცემად რაინდული ტურნირი გაიმართა. ტურნირის დროს, ჰენრიხ II და გრაფ მონტგომერის შეტაკებისას, ახალგაზრდა გრაფს შუბი გაუტყდა და მეფეს შემთხვევით ხის ნაჭერი მოხვდა თვალში. 10-დღიანი ტანჯვის შემდეგ მეფე ჰენრიხ II გარდაიცვალა.

ხალხმა ამ მოვლენის წინასწარმეტყველება I ცენტურის XXXV კატრენში ამოიკითხა (მიშელ ნოსტრადამუსი. ცენტური 1-3): "ახალგაზრდა ლომი ბებერს დაამარცხებს ბრძოლის ველზე, დუელის დროს, ოქროს გალიაში მას თვალს ამოთხრიან. ორი ფლოტი ერთში გაერთიანდება, შემდეგ ის საშინელი სიკვდილით მოკვდება".

ტროას ეპისკოპოსი, რომელიც იმ დროს პარიზში იმყოფებოდა, ერთ-ერთ წერილში ადასტურებს, რომ მეფე და გრაფი ლომის ფორმებში იყვნენ გამოწყობილი.

ნოსტრადამუსის უკანასკნელი წინასწარმეტყველება

1566 წლის 1 ივლისს ერთგულმა მსახურმა და ბიოგრაფმა ჟაკ შავინიმ ნოსტრადამუსს უთხრა: "ხვალამდე, ოსტატო", "ხვალ, გამთენიისას მე სულს განვუტევებ", -  მიუგო ნოსტრადამუსმა. ეს გახლდათ მისი უკანასკნელი წინასწარმეტყველება, და იგი ასრულდა: ნოსტრადამუსი 1566 წლის 2 ივლისს, გამთენიისას გარდაიცვალა.

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებათა მემკვიდრეობა

ნოსტრადამუსის შემოქმედებითი მემკვიდრეობა 10 ცენტურის (942 კატრენს) ითავსებს, მათ წინასიტყვაობას (წერილები შვილს - სეზარს და მეფე ჰენრიხს), კატრენემს ნუმერაციის გარეშე და 1555 წლიდან მოყოლებულ ყოველწლიურ ალმანახებს.

ყველა თავის წინასწარმეტყველებას ნოსტრადამუსი შიფრავდა: კატრენები 4 ენის ნარევზე იყო დაწერილი, ის არასოდეს უთითებდა ზუსტ თარიღებს, კატრენები არეულია, დროის ქრონოლოგია დაცული არ არის. თუმცა, ნოსტრადამუსის შემოქმედების მკვლევარებმა არაერთი საინტერესო და ზუსტი ისტორიული დამთხვევა აღმოაჩინეს მის წინასწარმეტყველებებში. ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებანი მრავალსაუკუნოვანი დროის მონაკვეთს მოიცავს 3797 წლამდე (ერთ-ერთი ზუსტად მითითებული თარიღი).

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს