ავტორი:

"შეყვარებულმა შემაცდინა და შვილი მომპარეს" - "პლეხანოველი მარინას" რეალური ისტორია

"შეყვარებულმა შემაცდინა და შვილი მომპარეს" - "პლეხანოველი მარინას" რეალური ისტორია

ყველა ქალაქსა თუ სოფელს თავისი კოლორიტი ჰყავს, მათ შორის, ჩვენს დედაქალაქსაც... "პლეხანოველი მარინაც" თბილისელებს ერთ-ერთ კოლორიტად მიაჩნდათ. მარინა ზაქარიას ასული გელაშვილი - უცხოებს ასე ეცნობოდა. "პლეხანოველ მარინა" - ხალხმა შეარქვა, რადგან თავიდან "პლეხანოვის" გამზირზე ცხოვრობდა...

ეს ქალბატონი 2011 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ბოლო წლებში რადგანაც ავადმყოფობდა, ფეხებიდან მოწყვეტილი იყო, დილიდან-საღამომდე, სოლოლაკში, დადიანის ქუჩაზე იჯდა, იქვე №20-ში ცხოვრობდა და გამვლელ მანქანებს ფულს სთხოვდა...

მარინა ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობის თბილისიდან მახსოვდა, ერთხელ, "პლეხანოვზე" კინოთეატრში შემოვიდა, ყურადღება ფრჩხილებზე წასმული წითელი ლაქით, წითელი პომადით აბდღვიალებული ტუჩებითა და ბევრი ბეჭდით მიიქცია, ასევე, მისთვის დამახასიათებელი ლექსიკითა და მეტყველების სტილით, - ორ თითზე ღვინით სავსე ჭიქა ედგა, ისე დაატრიალა, არ გადმოვარდნია და იქიდან წვეთი ღვინოც არ დაჰღვრია. მერე ვიღაცას მიადგა და უხამსი სიტყვებით ეხუმრებოდა...

წლების წინ კი როგორც რესპონდენტს ისე შევხვდი, იქვე დადიანის ქუჩაზე ჩავწრე, - ინტერვიუზე მცირეოდენი ფიქრის შემდეგ დამთანხმდა, - ფეხები მტკივა, ყავარჯნების გარეშე ვერ ვდგები, თუ რამე გინდა, გვერდით დამიდექი და მკითხეო. მერე მეზობლებს სკამი გამოატანინა, - მართლა ფეხზე ხომ არ იდგები? ჟურნალისტებს რა გაგაჩერებთ, ბევრი კითხვა იცით, ოღონდ, ძალიან არ შემაწუხოო, თან, მანქანებს 20 თეთრს სთხოვდა...

როგორც ამბობდა, ახალგაზრდობაში ლამაზი გოგო იყო, შეყვარებულიც ჰყოლია, რომელსაც შეუცდენია, მისგან შვილი, ულამაზესი გოგონა შესძენია, მაგრამ დაუკარგავს, უფრო სწორად, მისთვის გოგონა მოუპარავთ... შვილის დაკარგვით გამწარებულს, სმა დაუწყია და ცხოვრება აჰრევია... იმის მერე მთხოვნელები კი ჰყოლია, მაგრამ ყველასთვის უარი უთქვამს. "ოჯახი არავისთვის დამინგრევია, ჩემს გზაზე არავინ წამიყვანია, ცუდი არავისთვის მომინდომებია... გაფუჭებული ის არის, ვისაც კარგი ოჯახი აქვს და კიდევ სხვას ჰყვარობს, ოჯახს ანგრევს," - ამბობდა.

ალკოჰოლით სავსე ჭიქას ორ თითზე დადებულს ძირითადად თურმე რესტორნებში ატრიალებდა და სადღეგრძელოებსაც იქ ამბობდა, რითაც როგორც მითხრა, "კაი ფულს" შოულობდა, - თურმე მოქეიფეები მაგიდებთან იწვევდნენ და ფულს ჩუქნიდნენ. ჭიქა ხელიდან მხოლოდ ერთადერთხელ ჩამოუვარდა და გაუტყდა... ერთხელ კი ერთ კაცს მისთვის უთქვამს, - ეს რა მასწავლე, სახლში "სერვანდის" ჭიქები სულ დავამტვრიე და ცოლმა "პოლის ჯოხით" თავი გამიტეხაო. მარინას უპასუხია, ჯერ ალუმინის "კრუშკაზე" უნდა გევარჯიშაო...

მამაკაცებზე თავისი შეხედულება ჰქონდა: "ვინც გაფუჭებული და უვარგისი იყო, იმათგან მიწას ბევრი მიებარა, ვინც ვაჟკაცია, ყველას ვენაცვალე, რადგანაც მაგათ ვეცოდები... ისიც ყოფილა, კაცს 100 დოლარიც მოუცია, მე დამილოცია, - 100 ამდენი გეშოვოს-მეთქი. მერე ის 100 დოლარი დახურდავებულა და ბევრი ადამიანისთვის პური გამიყვია, გამინაწილებია და მიჭმევია"...

როგორც თბილისელებისგან მსმენია, - სიკეთის კეთება მართლაც ჰყვარებია, ცუდი გულის ადამიანი არ იყო, არავისთვის არაფერი დაუშავებიაო... რეალურად კი, ერთი უბედური ქალი გახლდათ, თამამი და თავისუფალი თავის ქცევებში, რითაც ქალაქს თავი დაამახსოვრა და თბილისის ცხოვრებას, როგორც არაერთი ადამიანი, ისიც ისე შეერწყა...

ბოლო პერიოდში, უკვე აღვნიშნე, რომ ავადმყოფობდა, რაზეც ძალიან წუხდა: "დავბერდი, ფეხები, მუხლები მაწუხებს, მიჭირს მოძრაობა, მაგრამ გარეთ რომ გამოვდივარ და ხალხს ვხვდები, მგონია, რომ კიდევ გავივლი, "კასტილები" აღარ დამჭირდება... ასეთ მდგომარეობაში რომ არ ვიყო, ხელს სამოთხოვროდ არ გავიაშვერი, მაგრამ ხალხს ვენაცვალე, ვუყვარვარ და მეც მიყვარს ისინი. მოკლედ, რაც ფეხები მომწყდა, მას მერე აქ ვზივარ. მანამდე იმდენი მქონდა, გაჭირვებულებს იქით ვეხმარებოდი... რესტორანში აღარ მიშვებენ, დაცვა დააყენეს, თან, აღარც შემიძლია, ძველებურად ენერგიუად ვეღარ ვარ." მისი ჩვეული საუბრის მანერა, ბილწსიტყვაობა შერჩენილი ჰქონდა, რაც არც ჩვენს დიალოგს დაჰკლებია...

თითქმის ყველა თითზე ბეჭედს ატარებდა, სამკაულები უყვარდა, მაგრამ ამბობდა, რომ ადრე უკეთესი ბეჭდები ჰქონდა, რომლებიც მისთვის წაურთმევიათ. ეგ როგორ-მეთქი? - როგორ და ტაქსი რომელშიც ვიჯექი, ვიღაცებმა გააჩერეს, მძღოლს უთხრეს, - ბიძია, დედა გვიკვდებაო და მერე 500 მანეთი წაართვეს, მე კიდევ თითებიდან ბეჭდები წამგლიჯეს. თავიდან რომ მეცნენ, მეგონა, სხვა რამე უნდოდათ (აქ გულიანად გადაიხარხარა), თურმე ოხრებს ჩემი ბეჭდები სდომებიათ"...

მთავრობაზე ლაპარაკი დიდად არ უყვარდა, მაგრამ კომუნისტური პერიოდის ლიდერებზე, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივნები ასე იხსენებდა, - მჟავანაძეს ვიცნობდი, ერთად გვიქეიფია, ერთხელ ჰალსტუხშიც დავეჭიდე, ცუდი არაფერი მიქნია, - უბრალოდ, ასე გავეხმუმრე... შევარდნაძეს კიდევ ერთ დღეს სამსახურში ვესტუმრე, ჩემი იქ მისვლის ამბავი რომ გაიგო, მითხრეს, - აქ მეორედ აღარ მოხვიდეო... ინტერვიუს როცა ვწერდი, მაშინ უკვე სააკაშვილი იყო ქვეყნის პრეზიდენტი, მასზე კი ასეთი რამ მითხრა, - ჩემთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ჩემნაირ საწყალ ხალხს უნდა მიხედოს. ამ ქუჩაზე ერთხელ მაინც უნდა ჩამოიაროს, მე პირველმა მივეცი მაგას ხმაო.

მარინა ყველაზე მეტად იმას ნანობდა, რომ შვილი არ ჰყავდა, რადგანაც მასთან ცხოვრება ურთიერთობა უნდოდა, "ერთი გოგო თუ დავკარგე, "ნაბიჭვარი" გამეჩინა - ჩემი შვილი ახლა ხომ ჩემ გვერდით იქნებოდა?!. "მაგრამ "დურაკი" ვარ, მეგონა, სულ ახალგაზრდა ვიქნებოდი, მაგარი "აჩაინი" გოგო ვიყავი"...

და კიდევ ერთი, როგორც მაშინ მის უბანში შევიტყვე, ერთი პატარა ბიჭი გაუზრდია, ბიჭუნას ერთი თვიდან აქცევდა თურმე ყურადღებას, ძალიან უყვარდა, მის გარეშე ვერ ძლებდა. ჩვილი მისთვის დაქალს, ბავშვის ბებიას, სიკვდილის წინ ჩაუბარებია, "შენი არაფერი მინდა, ოღონდ, ამ ბუთხუზას მიმიხედეო". ეს ამბავი მარინამ დაადასტურა, პატარას მართლა კარგად მოვუარე, მაწვნით გავზარდე, ლამაზი და კარგი ბიჭიაო...

დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს თვალში დიდხანს აკლდათ მარინა, რადგანაც იმ ქუჩაზე თითქმის 2 ათეული წელი იჯდა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

მთავარი ფოტო: ეკა მაზიაშვილი