ბევრ მოქალაქეს აინტერესებს, შეძლებს თუ არა საკუთრებაში არსებული მიწის უფასოდ რეგისტრაციას და რა საბუთები დასჭირდება. გვესაუბრება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი, თეა ზაქარაშვილი:
- ჯერჯერობით, არ არის განსაზღვრული ბიუჯეტი, რაც მიწების რეგისტრაციას დასჭირდება. ამიტომ გამიჭირდება თქმა, რა ფინანსური შეღავათებით ისარგებლებენ მოქალაქეები და რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის კანონის ამოქმედება.
- როდის შევა კანონი ძალაში?
- ბევრს ჰგონია, რომ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე შედის ძალაში, რაც მართალი არ არის. ამ კანონშივე არსებობს დათქმა, რომლის მიხედვით, ზოგიერთი მუხლი კანონის გამოქვეყნებიდან 45 დღის შემდეგ ამოქმედდება. ესე იგი, ჯერ მას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ ეს მუხლები ამოქმედდეს და ამასთან, წინასწარ განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში ეკონომიკის სამინისტროს ევალება, წარმოადგინოს ფინანსური ანგარიში, თუ რა თანხის ფარგლებში გეგმავს ამ პროექტის განხორციელებას. იუსტიციის მინისტრმაც შესაბამისი ბრძანებები და ინსტრუქციები უნდა გასცეს, პროცესი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება. აქედან გამომდინარე, "მიწების რეგისტრაციის შესახებ" კანონი, სავარაუდოდ, სექტემბრიდან ამოქმედდება.
- პარლამენტს კანონპროექტი იმ სახით უნდა მიეღო, რომ ხარჯთაღრიცხვაც ჰქონოდა.
- რა თქმა უნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ახლა მინისტრების ბრძანებებითა და ინსტრუქციებით უნდა მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება.
- შეიძლება, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ დეკლარირებული უფასო რეგისტრაცია უფასო სულაც არ იყოს?
- იმედია, ხელისუფლების წარმომადგენლები დაპირებას შეასრულებენ.
- რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა მიწების დასარეგისტრირებლად?
- პირველ რიგში, უნდა მიმართონ რეესტრს იმ საბუთით, რომლის მიხედვითაც, დასარეგისტრირებელ მიწაზე რაღაც უფლება მაინც აქვთ, დანარჩენი დოკუმენტების მოძიებაში მათ რეესტრი დაეხმარება. ამის შემდეგ მოქალაქეს დასჭირდება აზომვითი ელექტრონული ნახაზი, რომელიც ფასიანია. შესაძლოა, იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნოს იმ ამზომველების სია, რომლებსაც სახელმწიფო განსაზღვრულ თანხას ჩაურიცხავს (ანუ დაფინანსების თანამონაწილე გახდება). თუმცა ჯერ გასარკვევია, სახელმწიფო რა თანაფარდობით მიიღებს ფინანსურ მონაწილეობას, არც ის არის გამორიცხული, რომ ელექტრონული ნახაზების შედგენა არ დააფინანსოს.