ავტორი:

ელისაბედ II-ის ფარული ძალაუფლება

ელისაბედ II-ის ფარული ძალაუფლება

იცოდით, რომ ინგლისის დედოფალ ელისაბედს კარის პირადი პოეტი ჰყავს, რომელიც ხელფასს ღვინით იღებს? ან კიდევ ის, რომ დედოფალს ბრიტანეთის ყველა გედი ეკუთვნის და მას შეუძლია ავსტრალიის ხელისუფლება მთელი შემადგენლობით მოხსნას პოსტებიდან?

ამ სტატიაში, ელისაბედ II-ის ფარული ძალაუფლების შესახებ საინტერესო ფაქტებს მოგითხრობთ:

გედები

ბრიტანეთის დედოფალი ოფიციალურად ფლობს გედებს "თემზისა და მისი შენაკადების გარკვეულ მონაკვეთებზე", მაგრამ ნებისმიერი არამარკირებული გედი, რომელიც სხვა ადგილას აღმოჩნდება, გარდა თემზისა, ელისაბედის კუთვნილებად მიიჩნევა.

თევზი

1324 წლიდან, დიდი ბრიტანეთის წყლების ყველა ბინადარი - იქნება ეს დელფინი, ზუთხი თუ ვეშაპი, კანონით დედოფალს ეკუთვნის. 2004 წელს პოლიციამ მეთევზე დააკავა, რომელმაც ქვირითობის ჟამს 10-კილოგრამიანი ზუთხი დაიჭირა. ბრალდება მას დედოფლის სახელით წაუყენეს.

მართვის მოწმობა და პასპორტი

დედოფალს მის სახელზე გამოწერილი მართვის მოწმობა აქვს, მაგრამ კანონის მიხედვით, ის მისთვის აუცილებელი არ არის, ისევე როგორც მანქანის სანომრე ნიშანი. ცნობისთვის, დედოფალმა მანქანის მართვა მეორე მსოფლიო ომის დროს ისწავლა - ის სანიტარული მანქანის მძღოლად მუშაობდა.

1998 წელს ელისაბედ II-მ ძალზედ გააოცა საუდის არაბეთის მეფე (იმ დროს ჯერ კიდევ პრინცი), როდესაც მანქანით გაასეირნა. მემკვიდრე პრინცი მძღოლის გვერდით სავარძელზე მოკალათდა, უკანა სავარძელზე - თარჯიმანი, დედოფალი კი, არაბების განცვიფრებული მზერის თანხლებით - მძღოლის ადგილას.

საუდის არაბეთში ქალებს მანქანის ტარება ეკრძალებოდათ, მით უმეტეს, მოხუცი დედოფლისგან ამას არავინ მოელოდა. პრინცი ანერვიულდა, როდესაც ელისაბედმა შოტლანდიურ ვიწრო ქუჩებში სიჩქარეს უმატა. თარჯიმანის მეშვეობით ემუდარებოდა მას, ფრთხილად ეტარებინა.

სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრებისგან განსხვავებით, ელისაბედს არ აქვს პასპორტი, რადგან პასპორტს "დედოფლის სახელით" გასცემენ. მიუხედავად ამისა, დედოფალი შეუფერხებლად მოგზაურობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დედოფალს ორი დაბადების დღე აქვს. ფაქტიურად, ის 21 აპრილს დაიბადა, მაგრამ ოფიციალურად, დიდი ბრიტანეთი დედოფლის დაბადების დღეს ივნისში აღნიშნავს. სამეფო კოდექსის მიხედვით, მონარქების დაბადების დღეს ზაფხულში აღნიშნავენ აღლუმითა და ფოიერვერკებით.

კარის პოეტი

დედოფალს კარის პოეტი ჰყავს, რომლის კანდიდატურასაც თავად ამტკიცებს. პოეტის ყველა ნამუშევარი ავტომატურად "ერის უდიდეს მიღწევად" მიიჩნევა. როდესაც ეს თანამდებობა პირველად დაინიშნა, პოეტს ხელფასის სახით 200 ფუნტსა და 400 ლიტრ ღვინოს უხდიდნენ. ამჟამად პოეტებს 1 კასრ ხერესს უხდიან.

დედოფალი, მართლმსაჯულება და პოლიტიკა

დედოფლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შეუძლებელია, რადგან ბრალდებას, როგორც წესი, დედოფლის სახელით უყენებენ. ასევე, მას არ შეუძლია ჩვენებების მიცემა სასამართლოში, არ შეუძლია, იყოს მოწმე. კანონის თანახმად, ის გათავისუფლებულია გადასახადებისგან, მაგრამ საკუთარი ნებით იხდის ქონების გადასახადს.

2011 წლამდე დედოფალს პარლამენტის დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის უფლება ჰქონდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გამოცემული კანონის თანახმად, მას ამის გაკეთება თემთა პალატის 2/3-ის მხარდაჭერით შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი თავის გადაწყვეტილებებზე მინისტრთა საბჭოს ეყრდნობა, არის ერთი გამონაკლისი, რომელიც მას მართვის სადავეების საკუთარ ხელში აღების საშუალებას აძლევს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა "მძიმე კონსტიტუციური კრიზისის მდგომარეობაშია", მონარქს უფლება აქვს, მინისტრების თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილებები. მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ მომხდარა, ამიტომ ბოლომდე ნათელი არ არის, რას წარმოადგენს ეს ძალაუფლება და გადაწყვეტილებები.

ავსტრალია

როგორც ავსტრალიის დედოფალს, ელისაბედს სრული უფლება აქვს დაშალოს პარლამენტი. პრეცედენტი 1975 წელს დაფიქსირდა, როდესაც დედოფლის წარმომადგენელმა ავსტრალიაში, გენერალ-გუბერნატორმა სერ ჯონ კერიმ პრემიერ-მინისტრი გაათავისუფლა თანამდებობიდან, 2-3 საათში კი მთელი პარლამენტი.

ახლა კი დედოფლის ყველაზე ოდიოზური უფლებების შესახებ: ქალაქი ჰანგერფორდი ვალდებულია მიართვას დედოფალს წითელი ვარდი ახლომდებარე რაიონებში თევზის დაჭერის უფლების მოსაპოვებლად (როგორც უკვე აღვნიშნეთ, თევზი მონარქს ეკუთვნის)

ატოლის ჰერცოგი ვალდებულია მონარქს მიართვას ვარდები პირველი მოთხოვნის შემდეგ. ბოლოს მსგავსი რამ დედოფალი ვიქტორიას მმართველობის დროს მოხდა, ვარდების რაოდენობაზე ცნობილი არ არის.

მარკიზი ეილსბერი ვალდებულია ჩაჰყვიროს მონადირის საყვირში, ყოველ ჯერზე, როდესაც მონარქი მის სამფლობელოს გვერდს ჩაუვლის. ბოლოს მსგავსი რამ 1943 წელს მოხდა.

ზოგიერთი მიწათმფლობელი ძველი კანონების თანახმად ვალდებულია, ისტორიული უჩვეულო გადასახადი გადაუხადოს მონარქს: სასახლე სოჰლემურის მფლობელი ვალდებულია საახალწლო სუფრაზე სამი ჭიქა წითელი ღვინო დადგას ჯეიმს IV შოტლანდიელის (1474-1513წწ) საყვარელი ბებიის სახელზე.

ფოულისის მფლობელი ვალდებულია მოთხოვნის მიხედვით შუა ზაფხულში თოვლის გუნდა შეკრას.

ქალაქი გლოსტერი სამეფო მიწების სარგებლობისთვის გადასახადის სახით უზარმაზარ ღვეზელს იხდის.

ჰერცოგი ველინგტონი ვალდებულია, 19 ივნისს, ვატერლოოს ბრძოლის წლისთავზე შუადღემდე ფრანგული დროშა მიართვას.

ელისაბედის მმართველობა ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, სულ ახლახან მან პირველობა მის დიდ ბებიას, დედოფალ ვიქტორიას ჩამოართვა.

ელისაბედის სიცოცხლეში დიდი ბრიტანეთის 16 პრემიერ-მინისტრი, აშშ-ის 15 პრეზიდენტი და საფრანგეთის 12 პრეზიდენტი შეიცვალა.

მემკვიდრეობა

ხშირად ქვეყნდება სტატიები იმის თაობაზე, რომ დედოფალს სურს, პრინც ჩარლზის ავლით გვირგვინი საყვარელ შვილიშვილს, უილიამს გადასცეს, მაგრამ ასეთი რამ ძნელად წარმოსადგენია. თავად პრინცმა უილიამმა ამ ჭორებზე კომენტარი გააკეთა, რომ "ეს არც კი განიხილება".

დედოფალი ელისაბედი უკვე 93 წლისაა და ბრიტანელებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ მისი მმართველობა მალე დასრულდება. რა ელის ბრიტანეთს ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ?

პირველი 12 დღე - გარდაცვალებასა და დაკრძალვას შორის - მთელ ბრიტანეთს გლოვა მოიცავს. ბრიტანული ეკონომიკა მილიარდიან ზარალს განიცდის: ამ პერიოდში ყველა ბანკი და საფონდო ბირჟა დაიხურება.

დაკრძალვა და მემკვიდრის კორონაცია ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდება, რომლის ორგანიზაციაც ქვეყნის ჯიბეზე მსუყედ აისახება (წინასწარი დათვლით, დაკრძალვისა და კორონაციის ხარჯები დაახლოებით 1,2-დან 6 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე დაჯდება). გაურკვეველი ვადით დაიხურება კომედიური შოუები/არხები.

ბრიტანეთში შეიცვლება ეროვნული ჰიმნი, რადგან "ღმერთო, დაიცავი დედოფალი!" აქტუალური აღარ იქნება.

ბრიტანელების არაერთგზის გამოკითხვის შედეგად, მათ არც კი იციან, როგორ იცხოვრებენ დედოფლის გარეშე და აცხადებენ, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ დადგება "გაურკვევლობის ჟამი".

გასაკვირიც არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის უმეტესობა ელისაბედის მმართველობის პერიოდში დაიბადა - სხვა მონარქი მის ადგილას მათთვის წარმოუდგენელია...

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ