და იდგა სიონთან თეთრი სიფრიფანა კაბით კაფანდარა გოგო და შემოდგომის გრილი ნიავი თმას უწეწავდა… ხო, წესით ასე უნდა იწყებოდეს ყველა პოსტი ქორწილის და პატარძლის შესახებ, მაგრამ არა: ეს სულ სხვა ისტორიაა.
ვიდექი სიონთან, შევყურებდი ახლადჯვარდაწერილ, ნეილონის, ქართულ მოტივებზე შეკერილ კაბაში გამოწყობილ პატარძალს, მის პრიალა, გახრიგინებულ "ლოკონებს" ქარი რომ ძვრას ვერ უშვრებოდა და ლურჯად შეღებილ თვალებს დაბნეული რომ აცეცებდა. გვერდით თეთრჩოხიანი ქმარი ედგა. როყიო (კაი ხანია ეს სიტყვა არ წამომცდენია). ნეფე როყიო იყო. ედგა პატარძალს სხვათაშორის. გაჩერებაზე რომ ვინმე ამოგიდგება გვერდში, აი, ეგრე ედგა. შინდისფერკაბიანი, "ჰაიჰილზებზე" შემდგარი მეჯვარე პატარძალს თავზე დასცქეროდა და დიდ ძუძუებზე მანდილს იფარებდა. ქარი ჯიუტობდა. მანდილს ებრძოდა. მის ძუძუებს თვალს არიდებდა ქამარ-ხანჯალში ცერათითებჩაყოფილი შავჩოხიანი მეჯვარე. ქალები დადიოდნენ კისერწაგრძელებულები და მუხლებში ჩაკეცილები. ადვილი არ არის "ჰაიჰილზე" დგომა. აქა-იქ ქუსლები კაბის გრძელ ბოლოებზე ედებოდათ და ასეთ დროს ფერად და სულელ ფლამინგოებს ემსგავსებოდნენ, ცალ ფეხზე დარჩენილები, კაბის ბოლოს ქუსლიდან განცალკევებას რომ ლამობდნენ.
ნაჭრები იყო ხავერდის. ატლასის. შიფონისაც. ეს ის მაყარი იყო, ტანგას რომ არ ცნობენ, მაგრამ გულამოღებულ და მოტკეცილ კაბებზე უარს ვერ ამბობენ. დუნდულებზე და ხორციან ფერდებზე ზედმეტად შემოჭერილი კაბები ქალების საცვლების კონტურებს ხაზს უსვამდა განაგრძეთ კითხვა