გაურკვეველი მიზეზით ამოხოცილი ოჯახი - ამაზრზენი დანაშაულის დეტალები

გაურკვეველი მიზეზით ამოხოცილი ოჯახი - ამაზრზენი დანაშაულის დეტალები

10 ივლისს, კაჩოტიანების ოჯახის 4 წევრი -37 წლის ქალი და მისი სამი შვილი სახლში სადისტურად დახოცილები იპოვეს. თავიდან ტრაგედიის მიზეზი მეზობლებს უბედური შემთხვევა ეგონათ, რადგან იქ მისულებს გაზის მილი გადაჭრილი დახვდათ, ირგვლივ კი გაზის საშინელი სუნი იდგა, სახლის ერთი ნაწილი დამწვარი იყო. თუმცა მალე გაირკვა, რომ ისინი სადისტურად იყვნენ დახოცილები და ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი მათი თანასოფლელი, 24 წლის ახალგაზრდა იყო. სავარაუდოდ, მკვლელობა წინადღეს მოხდა და მეზობელმა ოჯახი ახალგაზრდა ქალის მამის სატელეფონო ზარის შემდეგ მოიკითხა.

-დამირეკა გოგოს მამამ და მითხრა, ჩემი შვილი არ ჩანს, ტელეფონსაც არ იღებს და ხომ არ დაგინახავსო? ვუთხარი, არ ვიცი, არ მინახავს, მივალ და ვნახავ-მეთქი. წავედი, რომ მენახა, რა ხდებოდა. დავიძახე, არავინ გამომხედა, სახლში უკანა მხრიდან შევედი, გვამი ვნახე. სახლში არავინ ჩანდა, ვყვიროდი, ირგვლივ გაზის საშინელი სუნი იდგა. გაზი სასწრაფოდ გადავკეტე, პოლიციაც მალე მოვიდა. ძალიან კარგი, წყნარი ოჯახი ჰქონდათ. მტერი არ ჰყავდათ და არ ვიცი, ასე რატომ გაიმეტეს. ოჯახის უფროსი რუსეთშია სამუშაოდ წასული და ქალი ბავშვებთან ერთად მარტო ცხოვრობდა, -ამბობს მეზობელი, ჟორა პალოიანი.

შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებსა და მეზობლებს შემზარავი სურათი დახვდათ. დედა და მისი ორი ქალიშვილი, 18 და 16 წლის გოგონები ოთახში დახოცილები ეყარნენ. არსად ჩანდა 5 წლის პატარა ბიჭუნა, მაგრამ მალე ის სხვა ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. პატარა ბიჭი სავარაუდოდ გაგუდულია, ხოლო გოგონებსა და მათ დედას თავში ბლაგვი საგნით აქვთ სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. როგორც ამბობენ, მკვლელმა მათ "არმატურის" ნაჭერი თავში ჩაარტყა და ისე დახოცა. ცხედრები ნაწილობრივ დამწვარიც იყო, ისინი პროზექტურაში გადაასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდათ. ექსპერტები დაადგენენ, რა დაზიანებები აქვთ დაღუპულებს მიყენებული. მეზობლების თქმით, სახლი არეული იყო. დამნაშავეს უჯრებიდან ყველაფერი გადმოეყარა.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება 109-ე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

სოფლის მამაკაცების რიგი დადგა პოლიციის განყოფილებასთან. დაახლოებით 15 ადამიანი დაჰკითხეს გამომძიებლებმა, რამდენიმე საათში ძალოვანებმა დანაშაული გახსნილად გამოაცხადეს და მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს. სადისტური მკვლელობის მოტივად ქურდობა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მკვლე­ლი კაჩოტიანების სახლში გასაქურდად შევიდა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოდარ ა.-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარმა მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალბატონი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა. სამართალდამცველებმა ნოდარ ა. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში დააკავეს. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია გარდაცვლილთა კუთვნილი მობილური ტელეფონები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", -ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია