ეკა სირაძე-დელონე - ვაგრძელებთ ინფორმაციის მოძიებას, არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები ნიცაში დაშავებულთა და დაღუპულთა შორის

ეკა სირაძე-დელონე - ვაგრძელებთ ინფორმაციის მოძიებას, არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები ნიცაში დაშავებულთა და დაღუპულთა შორის

საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულ ცხელ ხაზზე საქართველოს მოქალაქეებს ჯერჯერობით არ მიუმართავთ.

როგორც საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საელჩოს აქვს ინტენსიური კონტაქტი ადგილობრივ სამართალდამცავებთან და ჯერჯერობით დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა არ დასტურდება.

"ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული პოლიციის, ასევე პარიზის პოლიციის დონეზე. არც იქ დასტურდება საქართველოს მოქალაქეების დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ყოფნა. მიუხედავად ამისა, ეს მაინც არაფერს ნიშნავს ამ ეტაპზე, რადგან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ამოცნობილი. ჩვენ ვაგრძლებეთ გამოკითხვას, ინფორმაციის მოძიებას არიან თუ არა ქართველები დაშავებულთა და დაღუპულთა შორის", - განაცხადა ელჩმა.

ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს. საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე +337833186 89.

გუშინ ადგილობრივი დროით 23:00-ზე ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი შევარდა.

თვითმხილველების ცნობით, მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაესრისა.

ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრის გზა გაიარა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.

სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინეს.

პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია