სათამაშო ბიზნესი საქართველოში ისევ სწრაფი ტემპებით იზრდება. ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ ფართოვდება მისი შეღწევადობაც საზოგადოების სხვადასხვა ფენებში, სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალებში. თუ რამდენიმე წლის წინ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი იყო უშუალოდ სათამაშო დაწესებულებაში მისვლა, დღეს ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერი საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ონლაინ აზარტული თამაშების სამყაროში აღმოჩნდეთ.
როგორც წესი, ნებისმიერი გარემოს ცვლილების და განვითარების შემთხვევაში, იცვლება ის საკანონმდებლო ჩარჩოც, რომლის საფუძველზე "დგინდება" წესრიგი ამ გარემოში.
აზარტული თამაშები კი კვლავ იმ რეალობას მორგებული კანონებით რეგულირდება, რომელიც იმ დროიდან იღებს სათავეს, როდესაც კომპიუტერი საქართვლეოში რამდენიმე ადამიანს თუ ჰქონდა.
დღეს კი ინტერნეტზე საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მიუწვდება ხელი, რაც რადიკალურად განსხვავებული რეალობაა, რომელიც ონლაინ სერვისების მიმწოდებლებს, მათ შორის ონლაინ აზარტული თამაშების პროვაიდერებს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. გამოწვევაა ეს სახელმწიფოსთვისაც, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ამა თუ იმ სფეროში თამაშის სამართლიანი და თანამედროვე პრაქტიკის შესაბამისი წესების დანერგვაზე.
სათამაშო ბიზნესი ყოველთვის აქტუალური თემაა, ერთიანი პოზიცია და დამოკიდებულება მის მიმართ არ არსებობს, ზოგისთვის დაქცევასთან და ადამიანის განადგურებასთან ასოცირდება, ზოგისთვის თავის რჩენის საშუალებასთან, იდეაში აზარტული თამაშები გართობის საშუალებაა, მაგრამ ალბათ ნაკლებად თუ შეხვდებით ისეთ ადამიანს, რომელიც აზარტული თამაშით მხოლოდ და მხოლოდ ერთობა. აზარტული ბიზნესი რომ გართობის საშუალება არაა, ამას დიდი ლოგიკა და ანალიზი არ სჭირდება, რახან ეს ბიზნესი არსებობს და მითუმეტეს ვითარდება, ესე იგი იქ ადამიანები ძირითადად აგებენ, ვიდრე იგებენ, ანუ აზარტული ბიზნესის არსებობის წყარო არის ბევრი წაგებული და ცოტა მოგებული ადამიანი (გააჩნია კაზინოს მადას).
რაც უფრო იზრდება აზარტულ თამაშებში მონაწილეთა რიცხვი, სულ უფრო მეტი ადამიანი, სხვაგვარად საზოგადოების სულ უფრო დიდი ნაწილი გადადის წაგებულების რიგებში, თუმცა იზრდება მოგებულთა რაოდენობაც, მაგრამ საზოგადოება რჩება წაგებული, ვინაიდან, როგორც "შევთანხმდით", კაზინოებში უფრო მეტი აგებს, ვიდრე იგებს.