როგორ ვჭამო იაფად ბათუმში?! - ტურისტის ექსპერიმენტი ზღვისპირა ქალაქიდან

როგორ ვჭამო იაფად ბათუმში?! - ტურისტის ექსპერიმენტი ზღვისპირა ქალაქიდან

ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად მეც ბათუმში გადავინაცვლე… კარგად გარუჯვასა და დასვენებასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, რა თქმა უნდა, კვებაა. დავინტერსდი, როგორ და სად იკვებებიან დამსვენებლები და როგორი სიტუაციაა 2016 წლის სეზონზე ფასების მხრივ.

გადავწყვიტე ტურისტებსაც გავსაუბრებოდი და საკუთარი გამოცდილებაც გამეზიარებინა თქვენთვის. საბედნიეროდ, ტურისტის პოვნა არ გამჭირვებია... პირველი, ვისაც ვესაუბრე, უკრაინელი ოჯახი იყო, რომელიც ბათუმში 2 პატარასთან ერთად ჩამოვიდა. როგორც მითხრეს, საკმაოდ ძვირი უჯდებათ ყოველდღიურად რესტორანში კვება - ამმბობენ, რომ მათი ბიუჯეტი 10 დღის განმავლობაში გარეთ კვებას ნამდვილად ვერ გაწვდება.

"ყოველდღიურად რესტორანში რომ ვისადილოთ 100 ლარამდე გვიჯდება. ეს დაახლოებით 45 დოლარია. თანაც, პატარებთან ერთად ვართ, რომლებიც ყველაფერს არ მიირთმევენ. ამიტომ უკვე ალტერნატიული გზების ძიება დავიწყეთ, რადგან ასე თუ გავაგრძელეთ, ვფიქრობ, ნაკლებ დროში მოგვიწევს აქედან წასვლა", - მითხრა ქსენიამ.

ახალგაზრდა აზერბაიჯანელ ტურისტებს კი, რომლებიც ჰოსტელში არიან დაბინავებულნი, გადაწყვეტილი აქვთ კვებაზე რაც შეიძლება ცოტა თანხა დახარჯონ. იციან, რომ ბათუმში კვება ძვირია და ამიტომ სუპერმარკეტში შეძენილი პროდუქტით იკვებებიან.

ერთ ქართველ ოჯახსაც გავესაუბრე: "ორი დღეა რაც ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე... ძირითადად კაფეებში ვსადილობთ, თუმცა მეეჭვება, ბოლომდე ასე გავაგრძელოთ. ორი კვირით ვართ და ამდენი დღე კაფეებში სადილობა ძალიან ძვირი სიამოვნებაა".

ახლა კი ჩემი ექსპერიმეტის შესახებ გიამბობთ და გაგიზიარებთ, რა თანხა დამჭირდა კვებისთვის.

დღე I- გეგმა A: ექსპერიმენტი კაფეებით უნდა დამეწყო... ეს აუცილებლად უნდა მესინჯა, რადგან ზღვაზე კერძების მზადების იდეა არ მხიბლავს. თანაც, შედარების საშუალებაც ხომ უნდა მქონოდა? და, აი, ჩემი კვების დღის განრიგიც. იქიდან გამომდინარე, რომ დილაობით ყავას ვჯერდები, საუზმე საკმაოდ იაფი დამიჯდა - ნალექიანი ყავა 3 ლარი, მომსახურების პროცენტით 3,70 ლარი.

შემდეგ სადილის დროც დადგა, რომელსაც მხოლოდ ყავაზე ვერ გადავივლიდი... ერთ-ერთ კაფეს მივაშურე და აჭარული ხაჭაპური დავაგემოვნე - ცომგამოცლილი, კვერცხით, საშუალო ზომის. ფასი 7,80 ლარი. ლიმონათი 2 ლარი და მომსახურების პროცენტით ჯამში 12 ლარი. საღამოს გადავწყვიტე მსუბუქად, სალათით მევახშმა, თუმცა, ყველაზე ძვირი სწორედ ეს მსუბუქი ვახშამი დამიჯდა - სალათი ცეზარი ერთი ჭიქა ღვინით და მომსახურების პროცენტით 28 ლარი. რომ შევაჯამოთ დღის განმავლობაში ერთი ადამიანის კვება 43 ლარი და 70 თეთრია.

დღე II, გეგმა B: მეორე დღეს დავიწყე ალტერნატიული გზის ძებნა. ახლა ბაზარში გადავინაცვლე... სამარშუტო ტაქსი 40 თეთრი... ჯერ ბოსტნეულს გადავხედე - კიტრი-პომიდორი სულ 3 ლარი, მაგრამ ეს ნამდვილად არ მეყოფა, კიდევ რამე უნდა მოვიფიქრო. ხორცს ბაზარში ნამდვილად ვერ ვიყიდი, ისეთი სიცხეა კიტრ-პომიდორს ხელი ძლივს მოვკიდე, ცეცხლი უკიდია და ხორცს წარმომიდგენია რა სჭირს - გაფიქრებამაც შემზარა. დავდივარ დახლებს შორის - უამრავი ხალხია, დასიცხული... მაინც რა შეიძლება ვიყიდო და გამახსენდა კარტოფილი - ფასი 1,50 ლარი. მშვენიერია, შემწვარი კარტოფილი სალათთან ერთად და ეს ყველაფერი 4,50 ლარი მიჯდება, მაგრამ რომ წარმოვიდგინე თაკარა მზის გულიდან, ცეცხლოვან გაზის ქურასთან უნდა გადავინაცვლო, ცუდად გავხდი. ისევ სხვა გზაზე დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლებოდა ჩემი ბათუმში ყოფნის პერიოდში კვებაზე ეკონომია გამეკეთებინა თანაც ისე, რომ კომფორტულად მეგრძნო თავი.

სახლისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე მაღაზიაში შევიარე. საბოლოოდ, სახლთან ყველაზე ახლო მდებარე "ნიკორას" სუპერმარკეტში გავჩერდი. არჩევანიც დიდია, არც ცხელა და რამეს აუცილებლად მოვიფიქრებდი. საუზმეს ისევ ყავით ვიწყებ, მაგრამ შემდეგ თვალი უკვე ფენოვან ხაჭაპურზე გამექცა, რომელსაც თურმე იქვე ამზადებენ. ცდუნებას ვერ გავუძელი და ავიღე. ხაჭაპური 1,15 ლარი - არანაირი მომსახურების პროცენტი და მეც კმაყოფილი ვარ. გადავწყვიტე ბარემ სადილზეც მეზრუნა და მზა კერძების დათვალიერებას შევუდექი. შეწვარი ქაშაყის ბურთულები ტომატში, 100 გრამის ფასი 1.30 ლარია - თანაც ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება.

კონსულტანტს ვეკითხები, რა შეიძლება მასთან ერთად მივირთვა? სასმელის სექციაში "როგანის" ლუდისკენ გამიძღვა, რომელიც აქციაში იყო და 2-ლიტრიანი შეფუთვა საკმაოდ იაფად - 4.80 ლარად შევიძინე. საერთო ჯამში, ჩემი სადილი 6.10 ლარი დაჯდა.

საღამოს ვახშმად კი გადავწყვიტე სოსისით გავმასპინძლებოდი საკუთარ თავს. "ივერია სპეცი", რომელიც კილო 16.90 ლარი ღირს, ნახევარი კილო შევიძინე და მომდევნო ორი დღე კიდევ არ მექნება საფიქრალი სადილზე ან ვახშამზე. დახლებს შორის სიარულისას "ნიკორას" წარმოების მოცარელას მოვკარი თვალი. საინტერესოა ქართული წარმოების იტალიური ყველი. ერთი შეფუთვა შევიძინე 5 ლარად, ამას სპაგეტი დავუმატე 4.75 ლარად, და ერთი ქილა "ჩვენი ფერმერის" არაჟანიც 2.80 ლარად. ასე ერთი დღის სადილიც მაქვს თანაც მხოლოდ 12.55 ლარად - და ეს მაშინ, როცა რესტორანში ერთი ულუფა სპაგეტის ფასი 18 ლარიდან იწყება. ისიც კი ვიცი ხვალინდელ დილას როგორ დავიწყებ - პიცა სარდელის ჰოთ-დოგით. პიცა-სარდელი, რომელიც ბულგარული წიწაკით და ჰოლანდიური ყველით არის დამზადებული, მისგან მომზადებული ჰოთ-დოგი კი 3,50 ლარი ღირს.

ერთი სიტყვით ჩემმა გეგმა B-მ გაამართლა! ახლა ვიცი მომდევნო 4 დღე როგორ ვიკვებო, თუმცა გეგმა A-ზეც ვერ ვიტყვი ბოლომდე უარს. რესტორანში სადილს თავისი ხიბლი აქვს - თან გემრიელად რომ მიირთმევ და თანაც, გემსახურებიან. გემრიელ დასვენებას გისურვებთ!

სპეციალურად ბათუმიდან მარიამ ლორთქიფანიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი