გიორგი კვირიკაშვილი - პატივცემულო ელჩებო, ბედნიერი ადამიანები ხართ, რადგან წარმოადგენთ ქვეყანას, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ

გიორგი კვირიკაშვილი - პატივცემულო ელჩებო, ბედნიერი ადამიანები ხართ, რადგან წარმოადგენთ ქვეყანას, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ

პარლამენტის შენობაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა - ე.წ. ამბასადორიალი გაიხსნა.

დიპლომატთა შეხვედრაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოვიდნენ.

"ჩვენო პატივცემულო ელჩებო, თქვენ ბედნიერი ადამიანები ხართ, რადგან წარმოადგენთ ქვეყანას, რომლითაც შეგიძლიათ მხოლოდ იამაყოთ" - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალი 2016-ის მონაწილეებს.

მთავრობის მეთაურმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ჩვენს უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ".

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი მემორანდუმი "საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ" ქმნის პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის, მთლიანობაში, აშშ-თან ურთიერთობაში.

"ვფიქრობთ, მეტი სივრცე და შესაძლებლობა არსებობს თანამშრომლობის მთელი რიგი მიმართულებებით განმტკიცებისთვის, იქნება ეს უსაფრთხოება, ეკონომიკა თუ ხალხთაშორისი კონტაქტები. ჩვენი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა კიდევ უფრო გააღრმავოს და ახალ დონეზე აიყვანოს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრიორიტეტია მეზობელ და რეგიონის ქვეყნებთან გაგრძელდეს მჭიდრო, ურთიერსასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები და შესაბამისი პროექტები.

"საქართველო დიდ ინვესტიციას დებს, რათა სრულად მოახდინოს სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო კვანძის ფუნქციის რეალიზაცია და შეიძინოს რეგიონული ჰაბის როლი, რაც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, მეტ მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს მთელს რეგიონს. ამ მიმართულებებით კიდევ უფრო მეტი დიპლომატიური ძალისხმევის მიმართვაა საჭირო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა რუსეთთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.

"იმ ფონზე, როცა ქვეყნის 20% რჩება ოკუპაციის ქვეშ, როცა მეზობელი სახელმწიფო ახორციელებს ჩვენი განუყოფელი რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას, ცხადია, შეუძლებელია მათთან რაიმე პროგრესსა და მიღწევაზე საუბარი, თუმცა შედეგი, რაც რუსეთთან მიმართებაში ჩვენს პრაგმატულ და გაწონასწორებულ პოლიტიკას აქვს და რასაც ალტერნატივა არ გააჩნია, ეს არის ომისა და ღია შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება, განუწყვეტელი პროვოკაციების ფონზე. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ამ რეალობის ცვლილებას სჭირდება სწორედ გრძელვადიანი, გონივრული და თანმიმდევრული პოლიტიკა ჩვენი მხრიდან", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა ამისა, ის შესაძლებლობები, რასაც ჩვენი ევროპული დღის წესრიგი და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარება ხსნის, შესაძლოა, დამატებითი მყარი საფუძველი გახდეს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ჩართულობისა და კონტაქტების გასაძლიერებლად.

"ჩვენი მხრივ, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და სხვა ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობის სარგებელი ხელმისაწვდომი გახადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენთაგანი ძალ-ღონეს არ დაიშურებს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. მე მინდა გითხრათ, ჩვენო პატივცემულო ელჩებო, რომ თქვენ ბედნიერი ადამიანები ხართ, რადგან წარმოადგენთ ქვეყანას, რომლითაც შეგიძლიათ მხოლოდ იამაყოთ. დღეს საქართველო არის თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრი, რომელიც საკუთარი ისტორიითა და კულტურით, დემოკრატიითა და სამშვიდობო პოლიტიკით, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისაკენ სწრაფვით არის გამორჩეული და წარმოადგენს მაგალითს ბევრი ქვეყნისათვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."