გარუჯვის შემდეგ დამწვრობის ცენტრს 270-მა ადამიანმა მიმართა - რეკომენდაციები უსაფრთხო ნამზეურისთვის

გარუჯვის შემდეგ დამწვრობის ცენტრს 270-მა ადამიანმა მიმართა - რეკომენდაციები უსაფრთხო ნამზეურისთვის

ზაფხულია და ნამზეურის მიღება ყველას უნდა, მაგრამ ყველა როდი იცავს იმ მარტივ წესებს, რაც დამწვრობისგან დაიცავს. ზაფხული და დასვენების სეზონი ჯერ არ დამთავრებულა და დამწვრობის ცენტრს უკვე ბევრმა ადამიანმა მიაკითხა, ზოგიერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშიც აღმოჩნდა... 

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი პლასტიკური ქირურგი, პროფესორი გუგა ქაშიბაძე რეკომენდაციებს სთავაზობს მათ, ვინც ახლა აპირებს ნამზეურის მიღებას:

- სამედიცინო ენაზე ამას სოლარული დამწვრობა ჰქვია და დღესდღეობით ჩვენთან 270 პაციენტია გატარებული, აქედან 30 მათგანს სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა, 30-დან 8 დამწვრობის ცენტრის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა. სტაციონარული პაციენტებიდან, ვინც კლინიკაში მოთავსდა, მათგან ყველაზე უმცროსი 3 წლის იყო, ამბულატორიული პაციენტებიდან კი - ყველაზე მცირეწლოვანი - 6 თვის ბავშვი, 12-დან 13 საათამდე მზის აბაზანებს აღებინებდნენ და სახე დაეწვა...

- პაციენტების იმ საერთო რიცხვიდან, რაც დაასახელეთ, ყველას ნამზეურის მიღება უნდოდა?

- დიახ, ძირითადად მოტივი არის ეს. ყოფილა შემთხვევა, სათევზაოდ იყო ვიღაც და მაშინ დაიწვა, მაგრამ თითოეული ისეთი ტრავმა იყო, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა, არავის ხელი არ მოუკიდია და ძალით არ დაუსვამთ მზის გულზე. ყველა ნებაყოფლობით გაშიშვლდა, თუ მიეფიცხა მზეს.

- ზოგმა მართლა არ იცის, როგორ და როდის უნდა მიიღოს ნამზეური.

- არა, შეიძლება იცის, მაგრამ უნდა, რომ ერთ დღეში მიიღოს რუჯი. არადა, რომ ჰკითხო, ყველამ იცის, რა უნდა ქნას. ადამიანი კი არა, ბოლოს და ბოლოს, უკაცრავად და რქოსანი პირუტყვი ხვდება, რომ შუადღისას ჩრდილში გადავიდეს. დიახ, ძროხა ხვდება და ჩრდილში ინაცვლებს. ადამიანები როგორ ვერ ხვდებიან, რომ არ შეიძლება?! მაგრამ ძროხას რუჯი არ უნდა, მათ - უნდათ... რა რიცხვებიც დაგისახელეთ, ასახავს პაციენტების მხოლოდ იმ რაოდენობას, რომლებმაც დამწვრობის ცენტრში მოგვაკითხა. ვინც რეგიონშია და მოსვლა ვერ შეძლო, ან ტელეფონით გვირეკავს, სურათს გვიგზავნის, სატელეფონო კონსულტაციებს იღებს, ეს რაოდენობა კიდევ სხვა არის.

- რა შეიძლება ვუთხრათ მათ, ვინც ნამზეურის მისაღებად ახლა ემზადება?

- კარგი შრომისა და სწავლის შემდეგ კარგი დასვენებაა საჭირო. თუ კარგად არ დაისვენე, შრომას იმავე ხარისხში ვერ გააგრძელებ. ჰოდა, კარგი დასვენებისთვის გამოყოფილ დღეებს დამწვრობის მკურნალობაში ნუ ჩაიმწარებენ.

- კიდევ ერთხელ რომ ვუთხრათ, რომელ საათებში არ უნდა გავიდნენ მზეზე?

- ძალიან მარტივია, დამცავი საშუალება უნდა წაისვან. ეს არის ელემენტარული რამ: ბავშვები, მოხუცები და ისინი, ვისაც თეთრი კანი აქვს, ადვილად იწვებინ, გაითვალისწინონ, რომ არსებობს სხვადასხვა დამცავი საშუალება, მათ შორის იაფფასიანიც, აფთიაქებში იყიდება და წაივან. 11-დან 5 საათამდე არის არასასიამოვნო მზე და თუ მაინცდამაინც რუჯი გვინდა, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა წავისვათ და ისე მოვთავსდეთ. მარტივი წესია, როცა ჩრდილი გრძელია, მაშინ უსაფრთხოა, როცა ჩრდილი მოკლდება, ეს უკვე საფრთხეს ქმნის.

- რეკორდსმენი მკურნალი ხართ, რადგანაც ბოლო წლების განმავლობაში ისეთი და იმდენი პაციენტი გყოლიათ, რომლებიც უცნაური საშუალებების გამოყენებით დაიწვეს სხეული, მაგალითად, როგორიცაა, ლეღვის ფოთლის ნახარში. წელს თუ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა?

- უკვე გვყავდა ერთი პაციენტი, 13 წლის გოგონა რეგიონიდან, მართალია მას არ მოუხარშავს ფოთოლი და ნახარში არ წაუსვამს, მაგრამ ფოთლები გამოწურა და კიდურებზე ის სითხე შეიზილა. სტაციონარში 12 დღე იწვა. მოუწია მკურნალობამ, მწვავე ფორმის დამწვრობა იყო. საბედნიეროდ, მეტი არავის მოუკითხავს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი