ბორჯომში აბონენტების უმეტესობას ელექტროენერგია აღუდგა, გზებზე მოძრაობა აღდგენილია

ბორჯომში აბონენტების უმეტესობას ელექტროენერგია აღუდგა, გზებზე მოძრაობა აღდგენილია

ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კონტროლის და კოორდინაციის მიზნით ბორჯომში იმყოფებოდა.

4 აგვისტოს მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ქალაქ ბორჯომში, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე გზაზე დააზიანა ასფალტის საფარი და შეაფერხაც გადაადგილება. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი.

სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე მობილიზებული იქნა ყველა შესაბამისი სამსახური. "რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, სტიქიით დაზიანებულ უბნებზე მობილიზებული იქნა საჭირო ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები. წაღვერის, ბაკურიანის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების სოფლების მიმართულებით გაიწმინდა გზა. ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია. სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა", - აცხადებენ სამინისტროში.

ბორჯომში აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სს "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, კომპანიის ტექნიკური სამსახური საგანგებო ვითარებაში მუშაობას ამ წუთებშიც განაგრძობს. გუშინ ღამე, ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, მოტეხილმა ხეებმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ბოძები დააზიანა, რამაც ბორჯომში 6 000-ზე მეტი აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია.

როგორც სს "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, მობილიზებულია კომპანიის არა მარტო ადგილობრივი, არამედ სხვა მომსახურების ცენტრების ტექნიკური ბრიგადები. ბორჯომში იმყოფება, აგრეთვე, კომპანიის მენეჯმენტი და ადგილზე აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას.

"ტექნიკური ბრიგადების ოპერატიული მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია მხოლოდ 1000 აბონენტი. ღამის განმავლობაში გადაადგილება გართულებული იყო, თუმცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დროულად მოხერხდა დაზიანების ადგილებში შეღწევა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება. მუშაობა ამ წუთებშიც გრძელდება და დღის განმავლობაში კომპანიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება", - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი