ჭიათურის გამგეობა: "შინაურ ცხოველებთან ფოტოსურათის გადაღება სავალდებულო არ არის"

ჭიათურის გამგეობა: "შინაურ ცხოველებთან ფოტოსურათის გადაღება სავალდებულო არ არის"

ჭიათურის გამგეობის მტკიცებით, შინაურ ცხოველებთან ფოტოსურათის გადაღება სავალდებულო არ არის. ამის შესახებ გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც საინფორმაციო საშუალებების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისთვის ჭიათურის გამგეობა შინაურ ცხოველთან ფოტოს გადაღებას ითხოვს.

"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მისაღებად, სავალდებულოდ მოითხოვს შინაურ ცხოველებთან ერთად გადაღებულ ფოტოსურათებს, სინამდვილეს არ შეესაბამება. ასეთი ფოტომასალის წარმოდგენას არ ითვალისწინებს არცერთი სამართლებრივი აქტი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ჰქონია ადგილი მსგავს მოთხოვნას.

სამწუხაროდ, მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გავრცელებული კონკრეტული საჯარო მოხელის - გამგებლის წარმომადგენლის მიერ" , - ნათქვამია გამგეობის განცხადებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა რეაგირებას მოახდენს.

"აღსანიშნავია, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა მხოლოდ სოფელ ქვედა ჭალოვანში და ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დანარჩენ 14 სოფელში.

ბოდიშს ვუხდით სოფელ ქვემო ჭალოვანის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინციდენტის გამო მაღალმთიანი დასახლებებისთვის კანონით გათვალისწინებული სიკეთეების განხორციელებას ხელი არ შეეშლება", - ნათქვამია ჭიათურის გამგეობის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი