"როცა გავდივართ ყველა ჩვენთან მოდის, ავტოგრაფს გვთხოვენ..." - ქართველი სპორტსმენების შთაბეჭდილებები "რიო 2016"-ზე

"როცა გავდივართ ყველა ჩვენთან მოდის, ავტოგრაფს გვთხოვენ..." - ქართველი სპორტსმენების შთაბეჭდილებები "რიო 2016"-ზე

"რიოს 2016" წლის ოლიმპიური თამაშები ორი დღის წინ საზეიმოდ გაიხსნა. ოლიმპიადაზე საქართველოდან სპორტსმენები უკვე გაემგზავრნენ, ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა კი წარმატებით იასპარეზა და უკვე ოლიმპიადის ნახევარფინალშია. "რიო 2016"-ის შთაბეჭდილებების შესახებ, Ambebi.ge-ს მოცურავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურა ხომასურიძე ესაუბრა.

- ძალიან მაგარი შემართებით არიან ჩვენი სპორტსმენები ოლიმპიადაზე, ყველა თავდაჯერებული და დარწმუნებულია საკუთარ ძალებში, რაც სპორტსმენის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ იმედებს ვამყარებთ ჩვენს ბიჭებზე და ვიცი რომ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს.

- როგორი სანახავი იყო გახსნის ცერემონიალი ეკრანს მიღმა?

- შთამბეჭდავი გახსნის ცერემონიალი იყო, ბრაზილიურ სტილში გადაწყვეტილი, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ფეირვერკი, რომლითაც დასრულდა გახსნის ცერემონიალი, ძალიან დიდი ემოციებით ვართ დახუნძლულები. რაც შეეხება ჩვენი სპორტსმენების ჩაცმულობას, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა საქართველოში, მე ვიტყვი რომ ბიჭებს ძალიან კარგად ეცვათ, მე მომწონს. უბრალოდ გოგონების ჩაცმულობაში შევიტანდი პატარ-პატარა ცვლილებებს.

- თუ ახერხებთ ოლიმპიური სოფლის გარეთ გასვლას?

- რა თქმა უნდა ვახერხებთ, მაგრამ ახლა შეჯიბრებები დაიწყო და ნაკლები დრო გვექნება ამისთვის. ყველა კარგად გვხვდება, ერთად ვცხოვრობთ ოლიმპიურ სოფელში და მეგობრულად ვართ ერთმანეთთან.

- ცნობილია რომ კრიმინალური ქვეყანაა ბრაზილია, თუ გიგრძვნიათ ეს რიოს ქუჩებში?

- ჩვენ მაინც ქართველები ვართ, ყველაფერი გავლილი გვაქვს, მსგავსი რაღაცეები არ გვაშინებს და არც დისკომფორტს გვიქმნის. პირიქით, მეგობრული ხალხი არიან ბრაზილიელები. ოლიმპიური სოფლიდან როცა გავდივართ ყველა ჩვენთან მოდის, ავტოგრაფს გვთხოვს, სურათს იღებენ ჩვენთან და ა.შ.

- უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია?

- ჩემთვის ეს რიგით მესამე ოლიმპიადაა და ასეთი გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები არცერთ ოლიმპიადაზე ყოფილა. პოლიცია და ჯარისკაცები აკონტროლებენ ყველაფერს და მაქსიმალურად ზრუნავენ იმაზე, რომ ტერაქტებისგან დაცული იყოს "რიო 2016".

- თქვენთვის, რით არის განსხვავებული "რიო 2016" წინა ოლიმპიადებისგან?

- ყველა ოლიმპიურ თამაშს საკუთარი დატვირთვა აქვს და განსხვავდება ერთმანეთისგან. ვფიქრობ ბრაზილია განსაკუთრებულად დაგვამახსოვრდება, ასეთი დიდი შემადგენლობით არასდროს ყოფილა ნაკრები ოლიმპიადაზე და ყველაფერს გააკეთებენ ბიჭები რომ საქართველო გაახარონ.

- ცნობილია, რომ მოცურავე ირაკლი ბოლქვაძემ დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა, რა ბედი ეწია მას ოლიმპიურ თამაშებზე?

- მეორედ შეამოწმებენ ირაკლის და იმედი გვაქვს დამტკიცდება მისი უდანაშაულობა. ვფიქრობთ, რომ გაუგებრობა იყო. თავად ირაკლიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ მას მეორედ ჩაუტარდება ტესტი.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი