"წარმატების ზენიტში მყოფს, რუსთაველის თეატრის მაყურებელი კარგად იცნობდა" - რას იხსენებს სტალინის შვილიშვილის პედაგოგი

"წარმატების ზენიტში მყოფს, რუსთაველის თეატრის მაყურებელი კარგად იცნობდა" - რას იხსენებს სტალინის შვილიშვილის პედაგოგი

წარმატების ზენიტში მყოფს, რუსთაველის თეატრის მაყურებელი კარგად იცნობდა. ყველა სპექტაკლი, რაც კი ამ სცენაზე იდგმებოდა, მუსიკალურად სწორედ მისი გაფორმებული იყო. ახლა მისი რეალობა რადიკალურად შეცვლილია და დამსახურების მიუხედავად, ისე ვერ ცხოვრობს, როგორც იმსახურებს. თუმცა, იმედსა და შემართებას მაინც არ კარგავს. ლეილა სიყმაშვილი ამჟამად ბარებში, როიალზე უკრავს. თანამედროვე ჰიტებისა თუ კლასიკის მისეული ვარიანტების მოსასმენად, მეც და სხვა მსმენელიც ამ ადგილებს სიამოვნებით ვსტუმრობთ...

ახალგაზრდა თაობა კონცერტმაისტერს ნაკლებად იცნობს. ამიტომ გადავწყვიტე, მასთან ინტერვიუ ჩამეწერა. ქალბატონი ლეილა განვლილ ცხოვრებას, დაუვიწყარ მეგობრებსა და მათთან ერთად გატარებულ დროს იხსენებს.

- 75 წლის ვარ და შეიძლება ითქვას, 60 წლის სამუშაო სტაჟი მაქვს. სკოლაში 5 წლის შემიყვანეს და 15 წლისამ დავამთავრე. კონსერვატორიაში პირველ წელს ვერ მოვხვდი: დამიწუნეს, როგორც ყველაზე უნიჭო ბავშვი და სამსახურში გამაგდეს. 16 წლის ვიყავი, როცა ვახტანგ ჭაბუკიანთან დავიწყე მუშაობა და 12 წელი მასთან ვიყავი. მერე ისე მოხდა, რომ გოგონა, რომელიც რუსთაველის თეატრში კონცერტმაისტერად მუშაობდა, დეკრეტში გავიდა. მის ნაცვლად მიმიღეს და დავბერდი კიდეც რუსთაველის თეატრში. 60 წლის ვიყავი, როცა სამსახურიდან წამოვედი, მერე კი უბინაობისა და უსახსრობის გამო, რუსეთში წავედი...

- ასაკით საკმაოდ პატარა იყავით, როცა ვახტანგ ჭაბუკიანთან დაიწყეთ მუშაობა. როგორ მიგიღოთ?

- იქ ჩემი მეზობელი მუშაობდა და მან მიმიყვანა. ვახტანგი მხოლოდ სცენაზე მყავდა ნანახი და ჩემთვის ის ღმერთის მერე, პირველი კაცი იყო. ბალეტზე ბავშვობიდან ვგიჟდებოდი, მაგრამ ყოველთვის პუტკუნა ვიყავი - 2 წლისა, 30 კილოგრამი გახლდით და ჩემი წონის გამო, ვინ შემიყვანდა? ამიტომ, ოცნება ოცნებად დამრჩა... ვახტანგთან მიმიყვანეს, მას ჩემთვის უნდა მოესმინა და გადაეწყვიტა, ამიყვანდნენ თუ არა კონცერტმაისტერად. მე კი ჭაბუკიანი რომ დავინახე, ხელებმა კლავიატურაზე თავისით დაიწყო ხტუნვა. - დაწყნარდი, შვილო, ასე რატომ ნერვიულობო? - მკითხა და ნოტები წინ დამიდო, მაგრამ ისეთი დაბნეული ვიყავი, ზედ ვერაფერს ვხედავდი. დაკვრა იციო? - მკითხა. - რაც გინდათ, ყველაფერს დავუკრავ-მეთქი. ჰოდა, დავიწყე: "ვალსი", "პოლკა", "მაზურკა", "მარში"? ყველაფერი დავუკარი, თან, არაერთი ვარიანტი. გაგიჟდა, ნოტებს არც უყურებს, ისე უკრავს! გამოგვადგება ეს ბავშვიო, - მოადგილეს უთხრა. ასე დავიწყე მუშაობა, 16 წლისამ. ვახტანგი რომ გარდაიცვალა, ეს ძალიან განვიცადე. ის 60 წლამდე სცენაზე იდგა და "ოტელო" 60 წლის იუბილეზე იცეკვა. ასეთი მოცეკვავე მსოფლიოს არ ჰყოლია. მან საოცარი მოლხენაც იცოდა და სუფრასთან და წვეულებებზე რიგში ვიდექით, ვახტანგთან რომ გვეცეკვა. ასეთი ბედნიერი ცხოვრება მქონდა 12 წლის განმავლობაში. როცა მისგან წამოვედი, ძალიან გაბრაზდა, აღარ მელაპარაკებოდა. საბალეტო სტუდიაში ჩემი ქალიშვილი რომ მივიყვანე, არ მესალმებოდა და ეს ჩემთვის ისეთი ტრაგედია იყო, ენით ვერ გადმოგცემ. ვიჯექი და ვტიროდი: რა ჭირად მინდა ეს რუსთაველის თეატრი, როცა ასეთი ადამიანი დავკარგე-მეთქი.

- შეგირიგდათ?

- კი, რა თქმა უნდა. მერე უკვე ავად გახდა, ორი ჯოხით დადიოდა, ბოლოს ლოგინად ჩავარდა...

- რუსთაველის თეატრში ათწ­ლეულები გაატარეთ. ბევრმა მსა­ხიობმა, ასე ვთქვათ, თქვენს ხელში გამოიარა. მათთან მეგობრობდით. როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება ამ გენიოსებით სავსე კოლექტივში მოხვედრისას?

- რუსთაველის თეატრში ბალეტმაისტერი იურა ზარეცკი იყო, რომელიც საბალეტო სტუდიაში მუშაობდა, მის გაკვეთილებზე ვუკრავდი და "რუსთაველში" გადასვლაც სწორედ მან შემომთავაზა, - რეზო მირცხულავა ბულგაკოვის "ფარისეველთა შეთქმულებას" დგამს. გია ყანჩელმა მუსიკა უკვე დაწერა და სასწრაფოდ, კონცერტმაისტერი სჭირდებათ, უნდა წამოხვიდეო. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის თეატრში ხუთი წლიდან პარტერში ვიჯექი და სპექტაკლებს ვესწრებოდი (დედაჩემი სანდრო ახმეტელის მკვიდრი ბიძაშვილი იყო. სხვათა შორის, გარეგნულადაც ჰგავდნენ - ერთნაირი ხუჭუჭა თმა და ნაკვთები ჰქონდათ), იქ სამუშაოდ მისვლა გავაპროტესტე, მაგრამ ბოლოს, მაინც დამითანხმეს. იქაც ისე გავოცდი, როგორც ჭაბუკიანის დანახვისას: ამდენი ცოცხალი ლეგენდა: რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, მედეა ჩახავა, გოგი გეგეჭკორი და სხვები რომ დავინახე, დუსტმოყრილი ტარაკანივით ავეკარი კედელს. მერე საშა იოსელიანმა ჩემზე სატელევიზიო ფილმი გადაიღო, რამაზმა კი იხუმრა: ზარეცკის ვუთხარი, - ეს ქორფა, ახალგაზრდა გოგო რომ შემოვიდა და გვითხრეს, თქვენი კონცერტმაისტერიაო, ვიფიქრე, ამ მხეც და ველურ არტისტებში ამან რა უნდა გააკეთოს, გაგვექცევა და ტყუილად მოიყვანე-მეთქი. არადა, გაგვექცა კი არა, რუსთაველის თეატრი "მაგაზე იდგა" და სტურუას სპექტაკლებმა მის კისერზე გადაიარაო.

1971 წლის ნოემბერში მივედი, პრემიერა დეკემბერში იყო და მეც, საორკესტრო ორმოში ვიჯექი. იქ მომისმინა დიდმა რეჟისორმა სტურუამ და მერე, "ყვარყვარეს" დადგმა რომ დაიწყო, მოინდომა, სცენაზე დავესვი. - აქვე რომ გნახო გაშოტილი, სცენაზე არ გამოვალ-მეთქი, - გავჯიუტდი. - ახლა არ დაიწყო კახური ისტერიკებიო, - იბუზღუნა რობიკომ და მაინც, თავისი გაიტანა. 1975 წელს "კავკასიური ცარცის წრის" - საოცარი სპექტაკლის პრემიერა იყო. მერე "რიჩარდ მესამე" და ა.შ. მოკლედ, ყველა წარმოდგენის სცენაზე ვუკრავდი, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სცენის უკან გადავინაცვლე, სადაც თხელი ფარდა ჩამოუშვა.

- ცნობილია, რომ რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეებთან განსაკუთრებული მეგობრობა გაკავშირებდათ...

- რამაზი უდიდესი მოვლენა იყო... ხელებში ჩამაკვდა და მეორე დღეს ინსულტი დამემართა. ჯერ ხომ ჭაბუკიანმა წაიღო ჩემი სიცოცხლის ნახევარი და მეორე ნახევარი - რამაზმა. გარდა იმისა, რომ გენიალური არტისტი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემთვის უდიდესი მეგობარი გახლდათ ისიც და ნატაშაც. ერთი ოჯახივით ვიყავით. უჩემოდ მათთან სუფრა არ გაშლილა და არ არსებობდა, იქ კუბური "ავე მარია" არ მემღერა. ცოლ-ქმარი გასტროლებზეც დამატარებდა. "კავკასიური ცარცის წრე" ბოლოს 2005 წელს ვითამაშეთ. 2008 წელს, რამაზს რომ "ვარსკვლავი" გაუხსნეს, უჩემოდ ითამაშა, რადგან მოსკოვიდან ვერ ჩამოვედი...

- ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში სტალინის შვილიშვილის ფოტო გავრცელდა. მის უცნაურ იმიჯსა და გარეგნობაზე ბევრი ისაუბრეს. როგორც ცნობილია, თქვენ ოლგას პედაგოგიც იყავით და ქართული სიმღერები შეასწავლეთ. გვიამბეთ, როგორ მოხვდა ის თქვენთან და შემდეგ უკვე, თქვენ - კირა ალილუევასთან?

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი