ამჯერად ადამიანთა სხვადასხვა ერებად ჩამოყალიბებასა და ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან დაკავშირებულ საკითხებს შევეხებით...
- რა პერიოდიდან მოხდა ადამიანთა სხვადასხვა ერებად ჩამოყალიბება?
მამა მაკარი:
- ადამიანთა სხვადასხვა ერებად ჩამოყალიბება დაიწყო ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტის შემდეგ, როდესაც უფალმა ენები აღურია ადამიანებს. ხალხი დედამიწის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტა. ეს დაედო საფუძვლად სხვადასხვა ერების ჩამოყალიბებას. შემდეგ მოხდა მათი დაყოფა. თუ ვთქვათ, ისრაელის ერს - ებრაელ ერს ავიღებთ, ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტის შემდეგ არ წარმოშობილა, ისინი მომდინარეობენ აბრაამიდან, ისრაელიანთა პირველი მამამთავრიდან, მაგრამ როგორც ერი, ებრაელები ეგვიპტეში ჩამოყალიბდნენ. ეს საკმაოდ დიდი პერიოდია ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტიდან - დაახლოებით 12 თაობის შემდეგ. არსებობენ ერები, რომლებიც უშუალოდ ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დღიდან მომდინარეობენ, მათ შორის - ქართველები და არიან ერები, რომლებიც მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ. ქართველი ერი ერთ-ერთი უძველესია. ამის უახლესი დამადასტურებელი ფაქტია სულ ახლახან აღმოჩენილი წარწერა კასპთან, გრაკლიანის გორაზე. უახლესი ინფორმაციით, ამერიკაში ზუსტად დაადგინეს, რომ ეს წარწერები მიეკუთვნება ქრისტესშობამდე IX საუკუნეს. ამ პერიოდისთვის მხოლოდ ორი დამწერლობაა ცნობილი - ეგვიპტური იეროგლიფები და შუმერული, ნუსხური დამწერლობა. სწორედ ამ დროის პარალელურად აღმოჩნდა დამწერლობა საქართველოში, რაც კიდევ ერთი უეჭველი ნიშანია, რომ ქართველები უძველესი ერი ვართ.
- რატომ გახდა საჭირო ადამიანთა ერებად ჩამოყალიბება?
- ვიცით, რომ წარღვნამდე ადამიანები ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ და კაცობრიობა იყო ერთიანი. შესაძლოა, ასეთ დროს ღვთისმოსაობა გავრცელდეს, მაგრამ ასევე ძალიან ადვილად ვრცელდება ცრუ სწავლება და უკეთური ცხოვრების წესიც. როდესაც ადამიანები სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ჯგუფებად ჩამოყალიბდნენ, ასეთმა ჩაკეტილმა სისტემებმა სხვადასხვა ერის წარმოშობას შეუწყო ხელი და ისინი სხვადასხვა ინტელექტითა თუ მენტალიტეტით ჩამოყალიბდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამან პირველ რიგში ხელი შეუწყო იმას, რომ ისრაელის ერმა ეგვიპტეში ყოფნის დროს არ დაკარგა სარწმუნოება. ადამიანთა შორის ჭეშმარიტი სარწმუნოება იქნა შენარჩუნებული. თუ ისრაელის ერი არ იქნებოდა სხვა ენაზე მოლაპარაკე, სხვა მენტალიტეტის მქონე, მაშინ ეგვიპტეში ჩასახლების დროს ისევე იცხოვრებდნენ, როგორც ეგვიპტელები... სწორედ ამან განაპირობა, რომ ქრისტეს მოსვლამდე ადამიანთა გარკვეულ ნაწილში შენარჩუნებულიყო ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაცხოვრის მოსვლის შემდეგ, ქრისტიანობა გახდა ზეეროვნული და ყველა ეროვნებაზე მაღლა იდგა. როდესაც ქრისტიანებს ეროვნებას ეკითხებოდნენ, ისინი პასუხობდნენ, რომ იყვნენ ქრისტიანები და მათი სამშობლო იყო ზეციური იერუსალიმი ანუ ქრისტიანობა ეროვნებად ითვლებოდა. თუ ქრისტეს მოსვლამდე საჭირო იყო ეროვნულობა და ებრაელი ერის ეროვნულობის გამოხატულებით ჭეშმარიტი სარწმუნოება იქნა შენარჩუნებული. მაცხოვრის მოსვლის შემდგომ, ღვთისმოსაობის ანუ ჭეშმარიტი სარწმუნოების შესანარჩუნებლად ეროვნულობა საჭირო აღარ არის.
ხშირად ადამიანები თვლიან, რომ რადგან ჩვენი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ, ამიტომაც მივსდევ ქრისტიანობასო. ჩვენი წინაპრები უფრო ადრე წარმართები იყვნენ და გამოდის, ჩვენც წარმართები უნდა ვიყოთ. ადამიანი ქრისტიანი უნდა იყოს სარწმუნოების გამო და არა ტრადიციიდან გამომდინარე. ვინც ტრადიციის გამოა ქრისტიანი, არაქრისტიანულ ქვეყანაში ან წარმართობის დროს რომ დაბადებულიყო, ის არასოდეს მიიღებდა ჭეშმარიტებას, თუნდაც ქრისტიანობის გავრცელების დროს ეცხოვრა, ისევე დაუწყებდა დევნას ქრისტიანებს, როგორც წარმართები დევნიდნენ... განაგრძეთ კითხვა