ბარსელონის ოლიმპიადიდან ოქროს მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლერი ხაბელოვმაც ჩამოიტანა. მისი და ხახალეიშვილის ბავშვობისდროინდელი კარიერის დასაწყისი ერთმანეთს რაღაცით ჰგავს. ორივე ტანმაღალი და ნიჭიერი იყო, არც შრომისმოყვარეობა აკლდათ და წარმატებებსაც მალევე მიაღწიეს.
12 წლის იყო ლერი, თანატოლებმა საჭიდაოდ რომ შეაგულიანეს და დარბაზში მიიყვანეს. მალე თბილისის მოსწავლეთა პირველობაზე პრიზიორებში მოხვდა, შემდეგ უფრო სერიოზული გამარჯვება მოიპოვა, ინტერნებს შორის გამართულ საკავშირო ტურნირზე ყველა დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. 1981 წელს კი ვილნიუსში მოსწავლეთა საკავშირო პირველობაც მოიგო. ცოტა ხანში ჯერ ჭაბუკებში, ხოლო შემდეგ ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ფალავანის სახელი მოიპოვა. მოგვიანებით ახალგაზრდული ტიტულებით დახუნძლულმა ხაბელოვმა მსოფლიოს მცირე ჩემპიონატზე" - თბილისის საერთაშორისო ტურნირზეც რომ იმარჯვა, საბჭოთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან იარიგინმა ქვეყნის მთავარ გუნდში მიიწვია.
ლერი ხაბელოვი:
"ჩემს წონაში თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ძალიან ტიტულოვანი მოჭიდავეები გამოდიოდნენ, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები - ასლანბეკ ხადარცევი, ილია მატე, პიოტრ ნანიევი, ასლანბეკ ბისულთანოვი. ამათთან ჭიდილში გამარჯვება ძალიან პრესტიჟული იყო და იარიგინმაც 1985 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ლაიფციგში ქვემძიმე წონაში მე დამაყენა. ჩემი პირველი ევროპული ტიტული იქ მოვიპოვე. ფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, გერმანელი უვე ნოიპერტი დავამარცხე. მოგვიანებით, იმავე სეზონში ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზეც ოქროს მედალს დავეუფლე".
სეულის ოლიმპიურ თამაშებამდე ლერი ხაბელოვმა კონტინენტის ჩემპიონატები კიდევ ორჯერ მოიგო, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულებს კი ერთიც მიუმატა. 1987 წელს, ორივე ამ ტურნირის ფინალში ჩვენმა ფალავანმა წმინდად დაამარცხა რუმინელი ვასილე პუშკაშუ. ბედის ირონიით, ავსტრალიური ოლიმპიადის ფინალი სწორედ პუშკაშუსთან წააგო.
ლერი ხაბელოვი:
"ოლიმპიური ტურნირის დაწყებამდე ორი საათით ადრე, მოთელვისას ხალიჩაზე ფეხი გამიცურდა, დავეცი და ბარძაყის კუნთი გამიწყდა. აუტანლად მტკიოდა, ექიმები საჭიდაოდ აღარ მიშვებდნენ, მაგრამ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით გამაყუჩებელ ნემსებს მიკეთებდნენ და ასე ცალი ფეხით ფინალამდე ყველა მეტოქე დავამარცხე. იქ კი პუშკაშუ მელოდა. მანამდე მას რვაჯერ შევხვდი სხვადასხვა ტურნირში და რვაჯერვე ისე მოვუგე, რომ ერთი ქულაც არ მიმიცია. რუმინელს არასდროს არაფერი არ მოეგო, ფინალში გასვლითაც კმაყოფილი იყო და ლუდიც კი დალია, მაგრამ ჩემი ტრავმის შესახებ რომ გაიგო, შანსი გაუჩნდა. ჭიდაობის დროს შიშით ვერ მეკარებოდა, თუმცა ბოლოს ერთი ქულა მაინც აიღო და ჩემპიონი გახდა, მე ვერცხლის მედალი მერგო... განაგრძეთ კითხვა