სვანეთმა უჩვეულოდ იცის შეყვარება. ერთხელ თუ მაინც დაადგი ფეხი იქ, მერე სულ მიგიწევს გული ენგურის ან ცხენისწყლის სათავეებისკენ. თოვლისა და მყინვარების ნაჟურები ხეობებში თავს იყრიან და გულმოსულ მდინარეებად იქცევიან.
ხაიშთან ჭუბრულას ენგური ყლაპავს. ოდნავ კი უძალიანდება მორძისფრო ჭუბრულა, მაგრამ მერე თავისი თეთრი კალმახებიანად შავდება. ხაიშელებს ენგურზე მოქანავე ხიდი გაუკეთებიათ და მასზე ისე დადიან, როგორც მუშაითები - თოკზე. ამ ხიდის იქით მიწის ნაკვეთებია, სადაც ყველანაირი ბაღჩეულ-ბოსტნეულის მოყვანაა შესაძლებელი, რაც კი დასავლეთ საქართველოში შეიძლება მოიწიოს გლეხმა. სწორედ მიწასთან მოჭიდილე სვანმა იცის, რომ ხაიშის მიწა არ უნდა დაიტბოროს, რადგან ელექტრონის მიღება სხვანაირადაც შეიძლება - სვანეთის წყალქვეშ მოქცევის გარეშეც! ამაზე ოდესმე ცალკე დავწერ, ახლა კი ენგურის სათავეებისკენ დავიძრათ.
როცა ბარიდან სვანეთის მაღალი ზონისკენ მიდიოდნენ მგზავრები, შესასვენებლად ლახამულას ირჩევდნენ. ამ სოფლიდან იწყება კოშკებიანი სვანეთი. ჭკადუების სოფელში ერთ საათს თუ მაინც დაჰყოფთ, ეს დრო საკმარისია იმის გასაგებად, რომ უკვე სხვა განზომილებაში გიწევს ყოფნა. მართალია, სოფელში ბარიდან მოყვანილი რძლებიც ჰყავთ, მაგრამ მათაც დასტყობიათ სვანეთის გავლენა: ბარელებზე უფრო ომახიანად საუბრობენ და მთის გემრიელი სამზარეულოს საიდუმლოებებიც აუთვისებიათ. აქაც, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, გულიანად გიწილადებენ სიყვარულსა და პატივისცემას. თუმცა, ნამდვილი სვანეთის ნახვა მაინც იქ სჯობს, სადაც ენგური იღებს სათავეს.
ლახამულადან მე და ჩემს თანამგზავრებს ლალი მასწავლებელი მოგვყვება მესტიამდე. მოკრძალებული ქალბატონი დინჯად გვპასუხობს ყველა შეკითხვაზე. მესტიის შუაგულში ავტომობილს გვაჩერებინებს და წუთში გამოაქვს საიდანღაც მზის დისკოსხელა კუბდარები. ვხვდებით, ეს ჩვენი ფეშქაშია და ვიწურებით მხრებში, მაგრამ უარის თქმა უფრო უხერხულია...
"თეთნულდზე მზის ამოსვლა ყველაზე დიდი სანახაობაა", - მქონდა მოსმენილი ერთი ადამიანისგან და თანამგზავრებსაც თეთნულდის აისის ნახვა ავუკვიატე. ლალი მასწავლებელმა, გზა არ აგებნეთო და, თავისი ძმის მანქანით, აუბნეველ მანძილამდე მიგვაცილა. უზარმაზარი სამუშაოები ჩაუტარებიათ თეთნულდის მისადგომებთან. მძიმე ტექნიკა, ლითონის კონსტრუქციები, თავპირისმტვრევით წამოსული ნაკადული, დეკიანი, თოვლის ბუმბერაზი გუნჯლები უცნაურ ანსამბლს ქმნიდა მოღამებულში. გაიშვიათებული ჰაერის გამო ვბარბაცებდით, მაგრამ კარვის აწყობა მაინც საჩქაროა: აქ ბუნებას არ უყვარს ხუმრობა. ღამით ყინავს და თუ დროზე არ შეეხიზნე სითბოს, მერე ვერ გიშველის ხეტიალის სიყვარული. თეთნულდამდე კილომეტრზე მეტი აღმართია, ამიტომ დილის ხუთზე მაინც უნდა გავეშუროთ, რომ რთულ გზასა და უჟანგბადობას გავუძლოთ. სიცივის და მოსალოდნელი სანახაობის გამო აფორიაქებულები, დათქმულზე ადრე წამოვდექით. ვეება ლოდები გზას აფერხებს, მაგრამ ზღაპრული აისის ნახვის პერსპექტივა მაღლა-მაღლა გვექაჩება... მზის სხივები ჯერ თეთნულდის სატრფოს - ორწვერა უშბას ხვდება. ჩაშაქრებული უშბა ჩოხიან სასიძოს ემსგავსება, თეთნულდი კი ისევ პატარძლის ძილშია... უცებ, გარშემო გამუქდა ჰაერი და ულამაზესად, გახეთქილი ბროწეულივით ამოგორდა მზე მთის უკანა მხრიდან. თეთნულდის ლანდი მულხურას ხეობისკენ ჯერ წაგრძელდა, მერე კი ნელ-ნელა დაიწყო დამოკლება... მოულოდნელმა შთაბეჭდილებამ ხმა დაგვიკარგა. სამი ათას მეტრზე მეტი სიმაღლიდან ვუყურებდით ფეხქვეშ მოქცეულ სამყაროს. ძირს, სილურჯეში გარდამავალი სიმწვანე, კოშკები, მდინარის ხეობები და გზატკეცილი ფეხქვეშ გათელილი, მონური ფსიქოლოგიით შემოგვცქეროდა. აქვე, სამეულმა დასკვნა გამოვიტანეთ: "ნეტავ მას, ვისაც თეთნულდური აისის ნახვის სიამოვნება წინ აქვს!" თეთნულდის მისადგომები სევდანარევი სიხარულით დავტოვეთ. ... განაგრძეთ კითხვა