"16 წლის ასაკში მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი..." - ქართველი პარალიმპიელი, რომელიც ცურვასა და ცეკვაში ერთნაირად წარმატებულია

"16 წლის ასაკში მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი..." - ქართველი პარალიმპიელი, რომელიც ცურვასა და ცეკვაში ერთნაირად წარმატებულია

ლიკა ჩაჩიბაია 6 თვეა ცურავს და უკვე მოიპოვა უმთავრესი სპორტული ღონისძიების საგზური - 20 წლის ქართველი პარალიმპიელი რიოს პარალიმპიადაზე იასპარეზებს.

ქართველმა სპორტსმენმა პორტუგალიაში გამართულ შეჯიბრზე დადებითი შედეგი აჩვენა და ოლიმპიური თამაშების ე.წ. ველური ბარათი მოიპოვა. ლიკა პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ბოლომდე და ღირსეულად დაიცვას საქართველოს სახელი, ძლიერ მოწინააღმდეგეებს კონკურენციას გაუწევს და მედლისთვის იბრძოლებს. ლიკა ჩაჩიბაია ცურვასთან ერთად სპორტულ ცეკვებსაც აქტიურად მიყვება, სადაც ასევე მაღალი შედეგები აქვს.

ლიკამ ოლიმპიადისა და მისი წარმატებების შესახებ AMBEBI.GE-სთან ისაუბრა:

- ახლა პარალიმპიადისთვის მზადებაში ვარ და უფრო ცურვისკენ ვარ გადართული, თუმცა მალე დროს ცეკვასაც დავუთმობ. ვცეკვავ კერძო სტუდიაში ქეთი ზაზანაშვილთან. ამ ეტაპზე მთლიანად გადართული ვარ სპორტზე. მინდა ღირსეულად დავიცვა საქართველოს სახელი ცურვაში. ყველანაირად შევეცდები, შემდეგ პარალიმპიადაზეც გავიდე და ვიბრძოლო საპრიზო ადგილისთვის.

- ლიკა, როგორც ვიცით ცურვასა და ცეკვაში ერთნაირად წარმატებული ხარ. რა შედეგებს მიაღწიეთ უკვე?

- ვცეკვავ ერთი წელია და ვცურავ დაახლოებით, 6 თვეა. ორივე მიმართულებით საკმაოდ კარგი შედეგები მაქვს. რაც შეეხება მიღწევებს, ცურვაში ვიყავი პორტუგალიაში ერთ-ერთ ტურნირზე, სადაც დავაფიქსირე კარგი შედეგი და მოვიპოვე ე.წ. ველური ბარათი, რისი წყალობითაც მონაწილეობას მივიღებ პარალიმპიადაში. იმედია, რომ ყველაფერი წარმატებით გაგრძელდება. ცეკვას რაც შეეხება, ვიყავი სატელევიზიო პროექტ "ნიჭიერში", სადაც დავამტკიცე, რომ შეზღუდული შესაძლებლობები საერთოდ არ არსებობს. ასევე ვიყავი ბაქოში ცეკვის ფესტივალზე, სადაც ავიღე ლიცენზირებული დიპლომი. ცეკვის ჩემპიონატში აღებული მაქვს პირველი ადგილი. ამ დროისთვის ვქმნით თეატრალურ დასს.

- სად ემზადებით, რომელ დარბაზში და როგორი პირობებია?

- ცურვაზე ვემზადები ოლიმპიურ აუზში, დიღომში. მწვრთნელი არის ანა სალნიკოვა. ყველაფერს ვდებთ, რომ კარგი შედეგი გვქონდეს და მივაღწიო წარმატებას. "ველური ბარათის" შემდეგ დამენიშნა სტიპენდია 400 ლარის ოდენობით. ვცურავ 100-მეტრიან დისტანციაზე ბრასს. შეკრებაზე მივდივარ 19 აგვისტოს ბულგარეთში და დარწმუნებული ვარ, იქაც პროგრესი მექნება. პარალიმპიადაზე მეტოქეები ისეთი ძლიერი მყავს, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მათთან შებრძოლება.

- ლიკა, როგორ ერთობით, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს, საერთოდ თუ გრჩებათ დრო გართობისთვის... ძალიან ლამაზი გოგონა ხართ, თაყვანისმცემლებიც გეყოლებათ...

- ვცდილობ ყველანაირად აქტიური ვიყო. ახლა აღარ მაქვს გართობის დრო, მაგრამ თავისუფალ დროს ყოველთვის მეგობრებთან ვარ კინოში ან კაფეში. ვცდილობ გამოვნახო დრო და გავერთო ისე როგორც შემიძლია. შესაძლოა თაყვანისმცემლები მყავს, არ ვიცი, თუმცა ვერ ბედავენ ალბათ ამის თქმას. ვფიქრობ, რომ რადგან შეზღუდული შესაძლებლობების პირი ვარ, რაღაც ხდება, არ არიან გახსნილები, იკავებენ თავს ურთიერთობებში. საზოგადოების მხრიდან პრობლემა ისევ არის. ქუჩაში იშვერენ ხელს და ამბობენ - ვაიმე, რა ცოდოა. ზუსტად ეს ქმნის დისკომფორტს, მაგრამ გამიმართლა და მადლობა ჩემს მეგობრებს და მშობლებს, რომ ასეთი დისკომფორტი საერთოდ არ გამაჩნია და თამამად დავდივარ ქუჩებში.

- ლიკა, რა არის თქვენი მთავარი სტიმული, რომლითაც ასე აქტიურად ცხოვრობთ?

- 16 წლის ვიყავი, როდესაც გადმოვვარდი მე-9 სართულიდან. ღვთის წყალობით გადავრჩი. გამიკეთდა ხელის ამპუტაცია, თუმცა ვცადე ჩემი ბედი პარასპორტში და ვაპირებ მთელი ცხოვრება გავყვე. მინდა მივმართო ყველა ადამიანს თხოვნით, ვისაც აქვს დეპრესია, რომ გამოვიდნენ სახლებიდან, სპორტით დაკავდნენ და დაამტკიცონ, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები. ისინი უნდა დაკავდნენ პარასპორტით, განავითარონ პარასპორტი და თვითონვე დარწმუნდებიან, რომ რთული არ არის. ნუ არიან ჩაკეტილები და ნუ არიან დეპრესიაში.

შეგახსენებთ, საქართველო პარალიმპიადაზე 2 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. საქართველოს სახელს ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური და მოცურავე ლიკა ჩაჩიბაია დაიცავენ. პარალიმპიელები რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე კომპანია BP-ის მხარდაჭერით გაემგზავრებიან. კომპანია BP წარმოადგენს საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალურ პარტნიორს 2012 წლიდან. კომპანიის მიზანი საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობაა. რიოს პარალიმპიური თამაშები "მარაკანაზე" 7 სექტემბერს გაიხსნება და 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი