ხიდი, რომელიც ერთგვარ დამაკავშირებელ გზას წარმოადგენდა გარე სამყაროსა და ანაკლია-განმუხურში გამართულ უპრეცენდენტო ელექტრონულ ფესტივალ Gem Fest 2016 -ს შორის, წელს 30 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. ადამიანებმა, რომლებიც ფესტივალს 82 ქვეყნიდან სტუმრობდნენ, 9-14 აგვისტოს გამართული ფესტივალი განსაკუთრებული შთაბეჭდილებებითა და უამრავი სასიამოვნო მოგონებით დატოვეს.
5 სცენა; 133 არტისტი (მათ შორის ისეთი მსოფლიო დონის ელექტრონული მუსიკის ლეგენდები, როგორებიც არიან Paul Kalkbrenner, Fedde Le Grand, Paul Van Dyk, Stephan Bodzin, Gus Gus, Dub FX თუ Boris Brejcha); მეგობრული, საინტერესო და სრულიად განსხვავებული გარემო; საკმარისზე მეტი მიზეზი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ვიზიტორები დადებითი ენერგიით დაემუხტა და პოზიტიური განწყობებით დაეტვირთა.
ფესტივალმა, რომელიც პირველად გასულ წელს ჩატარდა, წელს გაორმაგებული ენერგიითა და სიურპრიზებით უმასპინძლა ვიზიტორების საგრძნობლად გაზრდილ რაოდენობას.
Gem Fest 2016 -ის შედეგების პრეზენტაცია ფესტივალის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ ტექნოპარკში გამართა და მედიას თუ დაინტერესებულ პირებს ანგარიში ჩააბარა.
პროექტი Gem Fest 2016 "check in GEORGIA"-ს ფარგლებში ჩატარდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,9 მლნ ლარით დაფინანსდა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, Gem Fest 2016 -ზე სტუმართა რაოდენობამ 30 000 ადამიანს გადააჭარბა. აქედან 1 500 -ზე მეტი ვიზიტორი მოსკოვში გაუქმებული ფესტივალის, "აუთლაინის" ბილეთებით 9-14 აგვისტოს ანაკლია - განმუხურში გამართულ ფესტივალს სრულიად უსასყიდლოდ დაესწრო. საფესტივალო ტერიტორიაზე საგანგებოდ მოწყობილ 3 000 -ზე მეტ კარავს, ანაკლია-განმუხურსა და ზუგდიდში არსებულ სასტუმროებსა და "გესთ ჰაუსებს" ვიზიტორები 82 ქვეყნიდან სტუმრობდნენ. Gem Fest 2016 -ს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები 150 -მდე პირი დაესწრო. ფესტივალი 20-ზე მეტმა საერთაშორისო მედიამ გააშუქა, სამეგრელოს რეგიონში კი 6 დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიონი დაიხარჯა. 
პრესკონფერენციაზე გიორგი სიგუამ მადლიერება გამოთქვა საქართველოს მთავრობის, სამეგრელოს რეგიონის ხელმძღვანელობისა და პირადად, გიორგი კვირიკაშვილის მიმართ, რომელმაც რეგიონში არსებულ ყველაზე მასშტაბურ და წარმატებულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს მხარდაჭერა გამოუცხადა. გიორგი სიგუას თქმით, სწორედ მთავრობის მხარდაჭერით Gem Fest საქართველოსთვის სუპერ წარმატებული პროექტი გახდება.
"მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს მთავრობისგან და პირადად გიორგი კვირიკაშვილისგან, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ Gem Fest-ი გახდეს მეგა პროექტი და სუპერწარმატებული პროექტი ქვეყნისთვის. როგორც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, როდესაც ფესტივალს ვქმნიდით, ეს იქნება ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ეს არის ადგილი, სადაც სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი, ირანელი, ქართველი, აფხაზი - ყველა ერთად ისვენებს და ერთობა", - აღნიშნა გიორგი სიგუამ.
მომავალ წელს Gem Fest ვიზიტორებს ისევ დაუვიწყარ მოგონებებს პირდება. ამჯერად უკვე ფესტივალი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
თამარ კორკოტაშვილი