"პირველად დედას დავურეკე" - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გულახდილი ინტერვიუ ჩემპიონობის შემდეგ

"პირველად დედას დავურეკე" - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გულახდილი ინტერვიუ ჩემპიონობის შემდეგ

ქართველი ფალავანი ლადო ხინჩეგაშვილი გუშინ რიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალის მფლობელი გახდა. ლადო გორში ცხოვრობს დასთან და დედასთან ერთად, საკუთარი წარმატების და ოჯახის შესახებ "ამბები.გე"-ს ოლიმპიური ჩემპიონი რიოდან ესაუბრა.

- 25 წლის ასაკში ყველა ტიტული მაქვს აღებული და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ოლიმპიადაზე წარმატებას ველოდი და ამისთვის თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი. ლონდონის ოლიმპიადაზე ფინალი წავაგე და სწორედ მაშინ დავისახე მიზნად წარმატება რიოს ოლიმპიადაზე და მივაღწიე კიდეც.

- რა სიხშირით ვარჯიშობდი ამ წარმატებისთვის?

- როცა სახლში ვარ დღეში 2 საათი ვვარჯიშობ, შეკრებაზე კი დღეში სამჯერ ვვარჯიშობდი 2-2 საათი. თავდაუზოგავი შრომის გარეშე წარმატება არ მოდის.

- ცნობილია, რომ მამა არკადი ხინჩეგაშვილი იყო მოჭიდავე და მისი გარდაცვალების შემდეგ დაკავდით სპორტის ამ სახეობით...

- 8 წლის ვიყავი, როცა მამა დამეღუპა. ისიც მოჭიდავე იყო და ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი. დედამ და მამაჩემის მეგობრებმა სწორედ მაშინ წამიყვანეს პირველად ჭიდაობაზე. მე არც ამირჩევია ჭიდაობა, ისე მიმიყვანეს. პირველი 5 წელი ერთი შეჯიბრიც არ მომიგია. იქ ვინც ვარჯიშობდა, მჯობდა ის ბავშვები. ერთ დღესაც მიზნად დავისახე წარმატება და პირველ წარმატებას 5 წლის შემდეგ მივაღწიე. ღვთის წყალობით მძიმე პირობებში არ გავზრდილვარ და ჩემი მწვრთნელიც ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის. 2006 წელს მოვხვდი ნაკრებში, მთლად კარგად ვერ იყო მაშინ საქართველოში სპორტის მდგომარეობა, მაგრამ ცდილობდნენ ყველაფრის გაკეთებას, ახლა კიდევ უფრო მეტს აკეთებს სახელმწიფო, კარგი პირობები რომ გვქონდეს სპორტმენებს.

- პირველმა ვინ მოგილოცა გამარჯვება?

- პირველად მწვრთნელმა მომილოცა, რომელიც შეჯიბრის დროს ჩვენთან ერთად არის. უამრავი შეტყობინება და მოლოცვა მივიღე საქართველოდან, მარტო "ვაიბერზე" და "ვოტსაპში" 160 შეტყობინება დამხვდა. მე პირველად რა თქმა უნდა, დედას დავურეკე საქართველოში. ის და ჩემი და ჩემი პირველი გულშემატკივრები არიან. ჩემს გამოსვლას სხვა გულშემატკივრებთან ერთად უყურებდნენ ისინი.

- უამრავი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდა...

- ლიმიტი ამომეწურა და ვეღარ ვამჩნევ ვერაფერს... არ ვიცი, რას წერენ ჩემზე.

- შეყვარებული გყავს თუ თავისუფალი ბიჭი ხარ?

- თავისუფალი ბიჭი ვარ, პირად ცხოვრებაზე სხვას არაფერს ვიტყვი. მერე პირადი აღარ იქნება.

- რას აპირებ ამ წარმატების შემდეგ?

- ძალიან დატვირთულ რეჟიმში ვცხოვრობდი ერთ წელზე დიდხანს და ვემზადებოდი ოლიმპიადისთვის. ახლა ცოტას დავისვენებ, განვიტვირთები და მერე ისევ გავაგრძელებ ვარჯიშს.

იხილეთ ვიდეო

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი