"დამპირდნენ, რომ 24 საათი იმუშავებენ და ჩემს შვილს ამომიყვანენ წყლიდან" - დაკარგული ჯარისკაცების მშობლები და თავდაცვის მინისტრი თურქული ხომალდის ბორტზე

"დამპირდნენ, რომ 24 საათი იმუშავებენ და ჩემს შვილს ამომიყვანენ წყლიდან" - დაკარგული ჯარისკაცების მშობლები და თავდაცვის მინისტრი თურქული ხომალდის ბორტზე

დაკარგული ჯარისკაცების მშობლები თურქული ხომალდის ბორტზე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის მშობლები - ვლადიმერ შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების Minehunter-ის ტიპის ხომალდზე, Tcg Akcakoca-ის ბორტზე აიყვანა და ეკიპაჟის წევრები გააცნო.

უწყების ინფორმაციით, სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ წვრთნების დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

"ძალიან დიდი პერიმეტრია, თითოეულ დეტალს ამოწმებენ და შესაბამისად, ეს დროს ითხოვს. თურქული მხარის განცხადებით, სამძებრო სამუშაოს ყველაზე მცირე 3 დღე დასჭირდება, თუმცა შესაძლოა გაგრძელდეს. მშობლების ჩართულობა იმიტომ მინდოდა, რომ თავად ენახათ, რა ტექნიკურ საშუალებებთან გვაქვს საქმე და გასაუბრებოდნენ ეკიპაჟის ხელმძღვანელობას", - განაცხადა ლევან იზორიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების დროს დაკარგული კაპრალის იაგო შარაძის მამამ ვლადიმერ შარაძემ თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა. ვლადიმერ შარაძის თქმით, ის თურქული ხომალდის ეკიპაჟს ესაუბრა და პირობა მიიღო სამძებრო სამუშაოების უწყვეტ რეჟიმში გაგრძელების შესახებ.

"დამპირდნენ, რომ 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ და ჩემს შვილს ამომიყვანენ წყლიდან. მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებენ და მგონია, რომ ყველაფერი კარგად წავა", - აღნიშნა ვლადიმერ შარაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ხომალდზე, ასევე, იმყოფებოდნენ თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი და შსს სასაზღვრო დეპარტამენტის დირექტორი თემურ კვანტალიანი.

გეგმიური სწავლების დროს დაკარგული სპეციალური ოპერაციების ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო ღონისძიებაში თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის გარდა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენი და შსს სასაზღვრო დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები არიან ჩართულები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი