თბილისის მერიასთან მოშიმშილე აქციის მონაწილე ნატა ფერაძე შეუძლოდ გახდა. ის უკვე მეექვსე დღეა, რაც შიმშილობს. ფერაძეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის ექიმებმა განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა მათი რეკომენდაციაა, რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს.
"პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე ჩავუტარეთ სამედიცინო გამოკვლევა, რაც შესაძლებელი იყო. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა და ვიმედოვნებთ, პაციენტი ამას გაითვალისწინებს", - განაცხადეს ექიმებმა.
ნატა ფერაძის თქმით კი, ის არ აპირებს პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას. მისი განცხადებით, შიმშილობას გააგრძელებს მანამ, სანამ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი თანამდებობას არ დატოვებს.
"მე არ გამომიძახებია სასწრაფო. არ ვწყვეტ შიმშილობას, პროტესტის ამ ფორმას გავაგრძელებ მანამ, სანამ ქალბატონი სულხანიშვილი არ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას. მე ჩემი შვილების ჯანმრთელობა მირჩევნია ჩემს ჯანმრთელობას", - განაცხადა ნატა ფერაძემ.
აქცია თბილისის მერიასთან ამ დრომდე გრძელდება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მთელი ღამის განმავლობაში იქნებიან თბილისის მერიასთან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნატა ფერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულება, მას აქციის სხვა მონაწილეები ჩაენაცვლებიან.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.