საქართველო რიოს პარალიმპიადაზე უპრეცედენტო რაოდენობის სპორტსმენებით მიემგზავრება

საქართველო რიოს პარალიმპიადაზე უპრეცედენტო რაოდენობის სპორტსმენებით მიემგზავრება

ქართველი პარასპორტსმენები პარალიმპიადაზე წარმატების მოლოდინით მიემგზავრებიან. პარასპორტმენების შემართება მაღალია, განწყობა იდეალური, მიზანი - მედალი. საქართველოს დელეგაცია წლევანდელ რიოს პარალიმპიადაზე უპრეცედენტო რაოდენობით - 5 სპორტსმენით მიემგზავრება.

სპორტსმენები იასპარაზებენ შემდეგ სახეობებში: პარამშვილდოსნობა - ვანო წიკლაური - იასპარეზებს 10 სექტემბერს, 15:00 საათზე; პარაძიუდო - ზვიად გოგოჭური - იასპარეზებს 10 სექტემბერს, 10:00 საათზე; წოლჭიმი (შტანგა) - აკაკი ჯინჭარაძე - იასპარეზებს 13 სექტემბერს, 16:00 საათზე; პარაცურვა - ლია ჩაჩიბაია - იასპარეზებს 14 სექტემბერს, 09:30 საათზე და ეტლით ფარიკაობა - ირმა ხეცურიანი - იასპარეზებს 14 სექტემბერს, 09:00 საათზე. სპორტსმენთა პირველი ნაკადი ბრაზილიაში პარალიმპიადაზე საასპარეზოდ 1 სექტემბერს, 03:35 საათზე გაემგზავრება.

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში დღეს ქართველი პარასპორტსმენების გაცილების ცერემონია გაიმართა. პარალიმპიელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ნარმანია და კომპანია BP-ის გენერალური მენეჯერი კრის შლიტერი შეხვდნენ და წარმატება უსურვეს.

ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი ჩვენთან მაღალ შანსებზე საუბრობს: "რაც შეეხება მოლოდინებს, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი და ვერ განვსაზღვრავ. არის შანსი ჩემ სპორტის სახეობაში. საკმაოდ რთული მოწინააღდეგეები გვყავს. მაღალი ხარისხის სპორტსმენები არიან, თუმცა ჩვენ შევეცდებით მაქსიმალური შედეგი დავდოთ და რაღაც სინჯის მედალი მაინც წამოვიღოთ იქიდან. მთელი ენერგიით, შემართებით და იმედებით მივდივართ აქედან. იმედი მაქვს სპორტსმენების წარმატებების და მათი კარგი შედეგების".

კიდევ ერთი პარალიმპიელის, პარამშვილდოსან ვანო წიკლაურის თქმით, ყველა შეჯიბრში მიზანი მხოლოდ ერთია - მედალი. "ძალიან სასიხარულოა ოლიმპიადაში მონაწილეობა. ეს დიდი გამოცდილებაა სპორტსმენისთვის. მიზანი არის ყოველთვის ერთი - მედალი", - აღნიშნა წიკლაურმა.

რიოს პარალიმპიადაზე საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს აკაკი ჯინჭარაძე. "160 კილოგრამის აწევას ვაპირებ. 150 კილოგრამი მაქვს ჩათვლილი, იქნება სიმკაცრე, მაგრამ ჩემი შედეგის გაუმჯობესება მინდა. წელიწადნახევარია ამ სპორტში ვარ და ასეთ მოკლე ხანში ძალიან მაგარი შედეგი იქნება თუ ჩავთვალე 160 კგ. ფსიქოლოგიურად კარგად ვარ მომზადებული. ვიბრძვი ჩემპიონობისთვის, გამარჯვებისთვის, რასაც დროთა განმავლობაში მივაღწევ", - აღნიშნა ჯინჭარაძემ.

პარალიმპიელები რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე კომპანია BP-ის მხარდაჭერით გაემგზავრებიან. კომპანია BP წარმოადგენს საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალურ პარტნიორს 2012 წლიდან. კომპანიის მიზანი საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობაა. საქართველოში კომპანიის გენერალური მენეჯერის, კრის შლიტერის თქმით, სასიხარულოა, რომ ქართველი სპორტსმენები რიოში მიემგზავრებიან.

"მე მინდა BP-ის მხრიდან გამოვხატო ღრმა პატივისცემა თითოეული ათლეტის და მწვრთნელის მიმართ. მათ ყველაფერი გააკეთეს პარაოლიმპიადაზე ასპარეზობისთვის და დამსახურებულად მოიპოვეს ლიცენზიები. გვიხარია, რომ ქართველი სპორტსმენები მიდიან რიოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი პარასპორტსმენები ასეთ დიდ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ სიამოვნებით მივადევნებთ თვალს მათ ასპარეზობას მსოფლიო არენაზე", - აღნიშნა BP-ის გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში კრის შლიტერმა.

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, პარასპორტსმენებისთვის პირობები უფრო და უფრო უმჯობესდება, რათა კიდევ უფრო მეტ შედეგს მიაღწიონ.

"ჩვენ პარალიმპიელებისთვის შევქმენით ყველანაირი სივრცე იმისთვის, რომ მათ ღირსეულად ივარჯიშონ და ჰქონდეთ წარმატება. ისინი მიემგზავრებიან ოლიმპიადაზე და დარწმუნებული ვარ ღირსეულ შედეგს აჩვენებენ. ვცდილობთ, რომ პირობები უფრო და უფრო გავაუმჯებესოთ, რათა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა ნარმანიამ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, გუნდში განწყობა პოზიტიურია. "ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ პარალიმპიელებს მომზადებისთვის განსაკუთრებული პირობები აქვთ. ამის შედეგია, რომ ჩვენი დელეგაცია სარეკორდო რაოდენობით იქნება წარმოდგენილი. განწყობა გვაქვს პოზიტიური. გუნდში გვყავს მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორები და გვაქვს იმედი, რომ ისინი მედლებით დაგვიბრუნდებიან. მე ვფიქრობ, რომ ის დადებითი ენერგია და ემოცია, რომლითაც ისინი მიემგზავრებიან, განაპირობებს, რომ გაახარონ ჩვენ გულშემატკივრები", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

შშმ პირთა პირველი საერთაშორისო შეჯიბრი 1960 წელს, რომის XVII ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე გაიმართა, სადაც ერთდროულად რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში 23 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

1989 წლიდან კი ჩამოყალიბდა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი. დღეს მის შემადგენლობაში შედის 177 ქვეყნის ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი და 9 საერთაშორისო სპორტული ფედერაცია. პარალიმპიელები მონაწილეობენ ზაფხულის და ზამთრის 31 სპორტულ დისციპლინაში. მათ შორისაა: მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ძალოსნობა (წოლჭიმი), ველოსპორტი, ეტლით კალათბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ჰოკეი, ეტლით ფარიკაობა, მაგიდის ჩოგბურთი და სხვა სახეობები.

პირველად საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის პეკინის პარალიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა. პეკინში საქართველოს სახელით ერთი ათლეტი - იაგო გორგოძე ასპარეზობდა ძალოსნობაში და მე-8 ადგილი დაიკავა.

რიოს 2016 წლის პარალიმპიური თამაშები 7 სექტემბერს გაიხსნება და 18 სექტემბერს დაიხურება. პრეცედენტი, რომელიც ახლა მოხდა, საქართველოს პარალიმპიური სპორტის ისტორიაში აქამდე არ ყოფილა. საქართველოს ნაკრები გუნდი და დელეგაცია წარდგება 5 ლიცენზიანტი სპორტსმენით. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და გამარჯვება. ძნელია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სპორტსმენები გაგვახარებენ და საპრიზო ადგილებს დაიკავებენ. დანარჩენი უკვე შეჯიბრებებზე გაირკვევა, არ გვინდა მოლოდინს წინ გავუსწროთ.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი