პრობლემა, რომელიც საქართველოსთვის 21-ე საუკუნის ნარკომანიად იქცა

პრობლემა, რომელიც საქართველოსთვის 21-ე საუკუნის ნარკომანიად იქცა

90-იანი წლები, მძიმე სოციალური ფონი, წამალდამოკიდებული ახალგაზრდობა და ნარკომანიას შეწირული თაობები - საქართველოს უახლესი და უმძიმესი წარსული ბევრი ოჯახისთვის ნაცნობი და მტკივნეულია. მე-20 საუკუნის დაუძლეველი სენი 21-ე საუკუნის საქართველოში ახალმა "ვირუსმა" ჩაანაცვლა - ლუდომანია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, რომელსაც ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს.

ამ "ვირუსით" საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული - ასეთია აფბა-ს (ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია) კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც ჩვენს ქვეყანაში ონლაინ-კაზინოებით მოსარგებლეთა ძირითადი ასაკი 14-დან 35 წლამდე მერყეობს.

"გავყიდე ქათამი და იმ თანხით სათამაშოდ სოფლიდან ჩვენს რაიონულ ცენტში წავედი"... "გუშინ ბებიაჩემის ნაჩუქარი საათი დავალომბარდე და ვითამაშე"... "ცოლმა მითხრა, სახლიდან მივდივარ, შენი ატანა უკვე შეუძლებელია"... "დედა ჩემ გამო დაავადდა, ვეღარ აიტანა ჩემი ყურება და დარდისგან გარდაიცვალა"... "მინდა, თამაშს თავი დავანებო, იმის გამო, რომ სახლში მითხრეს, შინ აღარ დაბრუნდეო"...

"მამამ იმისთვის, რომ უზრუნველად მეცხოვრა, დამიტოვა პურის საცხობი, ტანსაცმლის ატელიე, სურსათის მაღაზია, მე კი ეს ყველაფერი თამაშს გადავაყოლე"... - ეს ფრაზები იმ ადამიანებს ეკუთვნით, ვინც თამაშს ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ, შესწირეს... რა კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი? რა ხდება მათ ტვინსა და გონებაში და როგორ უნდა დაეხსნან ამ უმძიმეს სენს, ამ საკითხებზე ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა გვესაუბრა:

- თამაში ზრდასრული ადამიანის ქცევა არ არის, მაგრამ იმის გამო, რომ თითოეულ ჩვენგანში რაღაც დოზით, ბავშვი ისევ ცოცხლობს, ზოგჯერ თამაშის მოთხოვნილება გვიჩნდება. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა სტრატეგია მთლიანად გართობაა, რასაც ჰედონიზმი ჰქვია. ეს მთლიანად სხეულის სიამოვნებაზე ორიენტირებული ქმედებაა. ასეთი ადამიანები მუდმივად იმაზე ფიქრობენ, რა გააკეთონ ისეთი, რაზეც დროს სიამოვნებით გაიყვანენ... ჰედონიზმი სტრესმედეგობის დაქვეითებას იწვევს, ანუ ადამიანს სტრესთან გამკლავება უჭირს. ასევე დაავადებებსაც ვერ ებრძვის, იმუნიტეტი უქვეითდება და საბოლოოდ იფიტება. ასეთი ადამიანი დილიდან გამოცარიელებულივით გრძნობს თავს, ადაპტაციის უნარი არ აქვს.

როგორც ავტომანქანას სჭირდება საწვავი, ასევე სჭირდება სხვადასხვანაირი აქტივობა - ნარკოტიკის მიღება, თამაში, რაზეც დამოკიდებული ხდება. ამას კი ლუდომანია, იგივე გემბლინგი ჰქვია. პათოლოგიური გემბლინგი ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა, რომლის შესახებაც მსოფლიოს მასშტაბით სერიოზული განგაშია ატეხილი, რადგანაც ამ დაავადებასთან ბრძოლა რთული აღმოჩნდა.

- რა ხდება ასეთი ადამიანის თავის ტვინში?

- თავის ტვინში ნეირომედიატორული ტრასებია, რომლებიც უამრავ ფუნქციაზე (ძილი, სიფხიზლე, გუნება-განწყობა, ნებისმიერი ემოცია, სიხარული, ბედნიერებისა და მადლიერების განცდა, აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების უნარი) არის პასუხისმგებელი. თავის ტვინს აქვს როგორც აღგზნების, ასევე შეკავების უნარი, როდესაც საფრთხეს ხედავს, ცდილობს შეაკავოს და ვექტორი შეცვალოს. გემბლინგით დაავადებულთა შემთხვევაში, ეს მუხრუჭი აღარ მუშაობს და როგორც უმუხრუჭო მანქანა, დაღმართში, ისე მიექანება. მოკლედ, ეს ყველაფერი პათოლოგიური ლტოლვაა (მძაფრი ემოცია), რომელსაც წამოკიდებული ჰყავს ადამიანი და აბსოლუტურად ვეღარ აკონტროლებს თავს.

ეს ყველაფერი მოქმედებს მეხიერებაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე და ა.შ. იგივე თვისებები უჩნდება, რაც ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანს. თუმცა, მაინც სხვადასხვა ფსიქოტიპთან გვაქვს საქმე, თან, მოთამაშეს უფრო მაღალი ინტელექტი აქვს, მაგრამ ორივეს პასუხისმგებლობის ვექტორის გატანა გარეთ ახასიათებს, ანუ ცდილობს, სხვას გადააბრალოს ყველაფერი.

- სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ამ მდგომარეობამდე 10 ადამიანიდან რამდენი მიდის?

- პროცენტულად ამის დადგენა ძნელია, მაგრამ სავარაუდოდ, 10 ადამიანიდან 2 შეიძლება, ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მაგრამ მათი ქმედებით დანარჩენი რვაც ზიანდება... თავიდან იწყება მოგების სერია, რასაც აუცილებლად წაგება მოჰყვება. წაგება ნებისმიერი ქვეყნის პირობებში, მით უფრო საქართველოში, კატასტროფაა. ადამიანი კარგავს ყველაფერს: სახლ-კარს, ცოლ-შვილს და "გაბომჟების" პირას მიდის. არადა, ქუჩაში გახვალ და ერთმანეთის გვერდით ჩაწყობილია: ლომბარდი, სლოტკლუბი, კაზინო, ინტერნეტში თამაში ყველასთვის ხელმისაწვდომია...

- და გზავნილიც - "ითამაშე და მოიგე" ყველგან ისმის...

- ეს საშინელებაა. წამახალისებელი ლატარიის წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ უშრომელ ფულს კარგი არაფერი მოაქვს. ადამიანი, რომლის ხელში 5.000-მა ლარმა გაიარა, 300-ლარიან სამსახურში სამუშაოდ არ წავა. ერთი თვე არ იმუშავებს იმისთვის, რომ 300 ლარი აიღოს, რადგანაც მისთვის ფული აბსოლუტურად გაუფასურებულია. მაგრამ არსებობს მითი, ვიღაცამ მოიგო და ფიქრობს, რომ ახლა მისი ჯერია, მისი დღეა, იქნებ მოიგოს ჯეკპოტი? ამიტომ არც ერთ დღეს არ კარგავს და თამაშობს... თან, რევანშისტული განცდა აქვს, წააგო, წააგო და იქნებ როგორღაც დაამარცხოს ეს უარყოფითი განცდა.

- მაინც რა არის იმის მიზეზი, რომ ადამიანი ამ ზომამდე მიდის?

- აქ ერთი მიზეზი არ არის. ეს ძირითადად პრობლემიდან გაქცევის სტრატეგიაა. ვიღაცა ნარკოტიკს ირჩევს, ვიღაც - კაზინოს, იოლი ცხოვრების გზას, ზოგი მეცნიერებაში მიდის, ზოგიც - ხელოვნებაში...

- რა შეიძლება იყოს ამის პრევენცია?

- გვაქვს შეხვედრები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. სათამაშო ბიზნესის სრულ აკრძალვას ვითხოვთ.

- მერე შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში მისი აკრძალვა?

- საკითხის დარეგულირება მაინც უნდა მოხდეს. იმას მაინც რომ მივაღწიოთ, რომ საქართველოს მოქალაქეს კაზინოში შესვლის უფლება არ ჰქონდეს, მესმის, რომ ეს არ არის გამოსავალი, რადგან ვისაც უნდა, თამაშისთვის გზას მაინც მოძებნის, მით უფრო, რომ მის ეზოში კაზინოს სარეკლამო აბრა ანათებს, ბრჭყვიალებს, ეპატიჟება. მოკლედ, შევა, ითამაშებს და წავა იმ ჯადოსნურ წრეზე. გარდა ამისა, რაღაც განთლება, ინფორმაციის შეტანაა საჭირო, თუ რას იწვევს თამაში, მაგრამ ახალგაზრდასდისთვის არგუმენტი არ არსებობს, რადგანაც ის ექსტრემალი, აზარტულია, მას მძაფრი ემოცია სჭიდება.

ჩემი აზრით, ამ ადამიანებისთვის ერთდერთი პრევენცია ის არის, რომ დრო მთლიანად ჰქონდეთ გაწერილი და დაკავებული, რადგანაც როდესაც საქმე, საფიქრალი არ მაქვს და გასართობიც ბევრია, რაღაც სისულელეს ავირჩევ.

- თქვენთან ალბათ მოდიან ისეთი პაციენტები, რომლებიც ამ მანკიერების დაძლევაში დახმარებას გთხოვენ.

- კი, მოდიან... მე მჯერა, ადამიანის თავისუფალი ნებისა და გადაწყვეტილების. თუ მან დააპირა, ამ საშინელებისგან თავის დახსნა შეუძლია. მას საკუთარი თავის შეცვლაც შეუძლია. აბა, რა არის პიროვნული თავისებურება? პიროვნებას გადაკეთების, საკუთარი გენეტიკის შეცვლის უნარიც აქვს, როგორც ნეგატივისკენ, ასვე პოზიტივისკენ. არჩევანის თავისუფლება, ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

ისინი, ვინც ჩემთან თავიანთი პრობლემით მოდიან, ჩამქრალები და უემოციოები არიან. აქვთ აკვიატებები. ამავე დროს ყველაფერი იციან, პირიქით შენ წაგიკითხავენ ლექციას, როგორ არ უნდა მოიქცე, მაგრამ საკუთარ თავს ვერ შველიან. ყველაზე უარესი შემთხვევაა, როცა მოდის და ამბობს, რომ ამ საშინელებისგან თავის დახსნა იმიტომ უნდა, რომ ცოლი ეყრება, ან დედაა ავად, თორემ არც იმედი აქვს და არც სურვილი, რომ ამ ყველაფრიდან გამოძვრეს. უმძიმესი შემთხვევისას მედიკამენტოზური ჩარევა ხდება საჭირო, რაც თამაშის არანორმალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების განცდას იძლევა.

- ე.ი. თუ მოთხოვნილება დაკმაყოფილდა, ლტოლვაც შემცირდება?

- კი და საჭიროა, ფსიქიატრის ჩართვაც... სამწუხაროა, რომ მოსწავლეების, სტუდენტების დიდი ნაწილია ამ საშინელებაში ჩათრეული და ამ პრობლემით ჩვენთან მომართვიანობაც გაზრდილია. ეს ყველაფერი ეპიდემიასავით არის...

- ქალბატონებიც თამაშობენ, ხომ?

- კი, საერთაშორისო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ქალების რიცხვი ნაკლებია, მაგრამ ქალი უფრო მძიმე შემთხვევაა, უფრო გვიან და რთულად აღწევს ამ სენს თავს.

- რატომ?

- რთული კითხვაა... ნარკომანი და კრიმინალი ქალიც მძიმე შემთხვევაა... ქალი, რომელიც ნარკოტიკამდე დადის, მას უკვე ისეთი საზღვრები აქვს გადალახული, რომ იმის მობრუნება რთულია. ეს ისეთი "დაცემაა", რომ მის "წამოყენებას" მხოლოდ სასწაული თუ შეძლებს. გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაა.

ესაუბრა ლალი ფაცია, AMBEBI.GE

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა