"არ მეჩხუბო, კარგი რამ უნდა შემოგთავაზოო..." - დავით ბერძენიშვილი "რესპუბლიკელების" და ივანიშვილის კულუარული შეხვედრების დეტალებზე

"არ მეჩხუბო, კარგი რამ უნდა შემოგთავაზოო..." - დავით ბერძენიშვილი "რესპუბლიკელების" და ივანიშვილის კულუარული შეხვედრების დეტალებზე

"ნამდვილად არ ველოდი, ბიძინა ივანიშვილი თუ ამდენ ტყუილს იკადრებდა" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა ექს-პრემიერის კომენტარის საპასუხოდ. ივანიშვილის თქმით, "მტკნარი, აბსოლუტური სიცრუეა, რომ "რესპუბლიკური პარტია" უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი".

სწორედ ამ კომენტარის საპასუხოდ, ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილის პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რამდენიმე შეხვედრაზე იყო საუბარი.

როგორც ბერძენიშვილი იხსენებს, პირველად, როცა დავით უსუფაშვილს ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა, ამ შეხვედრას თავადაც ესწრებოდა. კიდევ ერთ შეხვედრაში კი, სადაც ივანიშვილის მხრიდან ამ თემაზე იყო საუბარი, ხათუნა სამნიძე, დავით უსუფაშვილი, ივლიანე ხაინდრავა და თავად იღებდნენ მონაწილეობას.

გარდა ამისა, ბერძენიშვილის თქმით, კოალიციაში კრიზისი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დაიწყო. მან "ინტერპრესნიუსთან" მოვლენათა განვითარების პერიპეტიები და ივანიშვილთან "რესპუბლიკელების" დახურული შეხვედრები გაიხსენა.

"კრიზისი კოალიციაში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესში გაჩნდა. ბიძინა ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება" ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან ცდილობდა კოალიციის კანდიდატები სუს-ს გაეკონტროლებინა. "რესპუბლიკური პარტია" იყო კატეგორიული წინააღმდეგი და ჩვენ ჩვენს მაჟორიტარებში მას ცხვირი არ ჩავაყოფინეთ. ვერ ვიტყვი, რომ დანარჩენი პარტიები ამას განსაკუთრებულად ცდილობდნენ. არავინ ეჩხუბებოდა ღარიბაშვილს და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს თვითმმართველობის არჩევნების წინ, სიების შედგენის დროს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე რამდენიმესაათიანი ძალიან მძაფრი და მკვეთრი საუბარი იყო ჩემსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის. ეს ხდებოდა 2014 წლის ივლისში, როცა ღარიბაშვილს ვუთხარი: შენ ანგრევ კოალიციას! ეს იყო ჩემი ბრალდება ღარიბაშვილის მიმართ.

ამის შემდეგ მე ბიძინა ივანიშვილს დავურეკე და ვუთხარი, რომ საკრებულოს ყველა თავმჯდომარე ღარიბაშვილს უნდოდა, რაც არასერიოზული იყო. ივანიშვილმა თქვა: "ვაი, ვაი, მე ამაში არ ვერევიო". ჩაერია და ღარიბაშვილს 12-13 საკრებულო გამოაყოფინა, სადაც თავმჯდომარეები არ იქნებოდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, წილში ყველა პარტია ჩაგვიჯდა, თუმცა ამისთვის არავის უზრუნია... საკრებულოს თავმჯდომარე ორი "რესპუბლიკელი" კანდიდატი გახდა, თუმცა ორი შეთანხმებული "ჩაგვიგდეს" - საგარეჯოსა და ახმეტაში. ამის შემდეგ 2014 შემოდგომაზე, სექტემბერ-ოქტომბერში, სწორედ ამ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად "რესპუბლიკელებმა" კოალიციის პოლიტსაბჭოს ვრცელი წერილი მივწერეთ. ამ წერილს ბიძინა ივანიშვილიც გაეცნო, სადაც არსებული არასისტემური კოალიციის ევროპულ კოალიციად გარდაქმნას ვითხოვდით. 2014 წლის 26 ოქტომბერს ჩვენ "რესპუბლიკური პარტიის" პოზიცია გამოვაქვეყნეთ, სადაც პირველებმა აღვნიშნეთ, რომ მოვითხოვთ პოლიტიკის სუს-სგან გათავისუფლებას, მოვითხოვთ ხელისუფლების დეპერსონალიზაციას და ინსტიტუციონალიზაციას. ეს იყო პირველი ტექსტი, რაც კოალიციაში ითქვა (და მაშინ, "თავისუფალი დემოკრატები" ჯერ კიდევ კოალიციაში იყვნენ) არაფორმალური მმართველობის თაობაზე. სხვათა შორის, ტერმინი "არაფორმალური მმართველობა" პირველად ხათუნა სამნიძემ ახსენა - პოლიტსაბჭოს შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მოულოდნელად ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. მას ხათუნა სამნიძემ უთხრა: "ალბათ, პირველად და უკანასკნელად გხვდებიო". ამაზე ივანიშვილმა გაიკვირვა, რაზეც სამნიძემ უპასუხა, თუ რა სტატუსით უნდა შეხვედროდა მას?!

ამის შემდეგ, 2014 წლის ოქტომბრის ბოლოდან, "რესპუბლიკელებსა" და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობები ძალიან დაიძაბა. მერე ჩვენ, პარტიის სამი პირველი პირი "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე მივედით, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოვიდა და ჩვენ მათ ძნელბედობის ჟამს სოლიდარობა გამოვუცხადეთ. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ფრიად შეშფოთდა და მან "რესპუბლიკურ პარტიასთან" შეხვედრა ითხოვა. შეხვედრა 2015 წლის 19 იანვარს შედგა. "ქართული ოცნების" ოფისში მარტო ბიძინა ივანიშვილი იყო. "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ხათუნა სამნიძე, დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და მე. შეხვედრა ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან მძიმე იყო და ეს შეხვედრა იმით დამთავრდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენგან ძალიან დაბნეული წავიდა. მან ბრალდებების წამოყენება დააპირა. რამდენი შემომიტია, იმდენი თინამ უპასუხა, რაზეც ბიძინას გავეხუმრე: "თინას თუ მოსწონხარ, ჩემს ხარჯზე კი არათქო".

ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა 19 იანვრიდან 22 თებერვლამდე ბევრი იფიქრა. 2015 წლის 22 თებერვალს "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის სხდომა იყო დანიშნული. კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, დილით ადრე, ბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილსა და მე დაგვიკავშირდა. შევხვდით. ივანიშვილმა მითხრა: "ახლა არ მეჩხუბო, კარგი რამ უნდა შემოგთავაზოო". მან მითხრა: "რესპუბლიკურ პარტიას" დავით უსუფაშვილისთვის პრემიერმინისტრის პოსტს გთავაზობთო. ამის შემდეგ იყო მარტი, აპრილი - 2015 წელს იყო ბევრი შეხვედრა სხვადასხვა ფორმატში. ერთი შეხვედრა იყო, სადაც პარტიის ოთხი თავმჯდომარე ვიღებდით მონაწილეობას: ხათუნა სამნიძე, დავით უსუფაშვილი, მე და ივლიანე ხაინდრავა. ყველა შეხვედრაზე ლაპარაკი იყო უსუფაშვილის პრემიერობაზე.

ერთ-ერთი ამ შეხვედრის დროს, სადაც ოთხი თავმჯდომარე ვიყავით, ივანიშვილისგან ღიად მოვითხოვდით, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში "რესპუბლიკელების" ჩართვის და დავით უსუფაშვილის პარტიიდან ასეთ მაღალ პოსტზე მივლინების დასტურად, სანაცვლოდ და გასაძლიერებლად, საჭირო იყო თავად ივანიშვილის ფორმალიზება. ჩვენ მას ორი ვარიანტი შევთავაზეთ: - მე და დათო ვეუბნებოდით, რომ პოლიტსაბჭოში შემოსულიყო, გამხდარიყო პოლიტსაბჭოს ლიდერი და მისი ხელისუფლება ინსტიტუციონალიზებული იქნებოდა. ივლიანე ხაინდრავა ბიძინას პერმანენტულად უმტკიცებდა, რომ პრემიერად უნდა დაბრუნდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტი რეალიზებული ვერ იქნება - რომ უსუფაშვილი კი არ იყოს პრემიერი და შენ პრემიერის ზურგს უკან, არამედ პრემიერი შენ თვითონ იყავი, რაკი ვერ ახერხებ, ჩამოშორდე ხელისუფლებასო. ამაზე კატეგორიულად უარზე იყო - პრემიერად ვერაფერს გავაკეთებო. ამის შემდეგ მომდევნო შეხვედრაზე მე და უსუფაშვილს გვითხრა, ივლიანე არ ყოფილა ძლიერი ანალიტიკოსიო", - იხსენებს დავით ბერძენიშვილი და ივანიშვილს მიმართავს, რომ თუ წარსულს იხსენებს, გაიხსენოს სიმართლე.

მისივე თქმით, ივანიშვილის ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, ეს ძალიან მალე და ადვილად გადამოწმებადია. "ეს ტყუილები მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. დადის ახლა სოფლის აგიტატორად და არა მგონია ამ თვალსაზრისით საკუთარ პარტიას რამე არგოს", - აღნიშნა მან.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

მაიკ პომპეო თბილისშია - აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თან მეუღლე ახლავს (კადრები აეროპორტიდან)

"შეცდომაა, რომ პომპეო მხოლოდ მთავრობას ხვდება" - რას წერს იან კელი პომპეოს საქართველოში ვიზიტზე