2008 წლის აგვისტოს ომის დროს დევნილად ქცეული 38 წლის ბუთხუზა, გულღია და ენერგიული ალექსანდრე კუდუხოვი მეორე წელია, რაც მეეზოვედ მუშაობს. მუშაობას დილაადრიან იწყებს. დედაქალაქის სისუფთავეზე დაბანილი, წვერგაპარსული და სუნამო ნაპკურები ზრუნავს...
- ადრე მთაწმინდის პარკში, ატრაქციონის ოპერატორად ვმუშაობდი. შემცირებები რომ დაიწყო, 2011 წლიდან უმუშევარი დავრჩი. თამარაშენიდან დევნილი ვარ. თბილისში ქირით ვცხოვრობდი. ძალიან გამიჭირდა. სამსახურს ვეძებდი. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, მერიაში განცხადება არაერთხელ დამიწერია, რომ ჩემი მდგომარეობა გაეთვალისწინებინათ. შარშან სპორტული ოლიმპიადები რომ ტარდებოდა, მერიაში განცხადება დავწერე, რათა დავესაქმებინე. დღევანდელ ხელისუფლებას დიდ მადლობას ვუხდი: კარგი სიურპრიზი გამიკეთა - ასეთი კარგი სამსახურით დამაჯილდოვა. მეამაყება, რომ თბილისს ვასუფთავებ, ვაწკრიალებ... ადამიანი სკვერში დასასვენებლად რომ შევა, იქ სისუფთავე უნდა დახვდეს. თუნდაც, ტურისტები თავიანთ ქვეყანაში რომ დაბრუნდებიან, იტყვიან, - საქართველოში სისუფთავე და დისციპლინააო... ამასობაში, ჩვენც ნაშრომი დაგვიფასდება. 140 კილომდე ვიწონი - მსუქანი ვარ. ალბათ, ჩვენს ხელმძღვანელობას უკვირს, ამდენ რაღაცას როგორ ვაკეთებ. ჩემს თანამშრომლებს ძალიან ვუყვარვარ და პატივს მცემენ. მათაც ვეხმარები ხოლმე. თანამშრომლები სულ მეჩხუბებიან - ვაიმე, ბრიგადირმა არ დაგვინახოსო. - ნუ გეშინიათ-მეთქი, - ვამშვიდებ. ჰგონიათ, რადგან ვეხმარები, სამსახურს დაატოვებინებენ. უბრალოდ, ვერ ვიტან, ქალები რომ იჩაგრებიან. "ხელს ვუმსუბუქებ" ხოლმე, რომ შინ დროულად წავიდნენ: ზოგს ქმარ-შვილი ჰყავს, ზოგი ავადმყოფია, მაგრამ მაინც მუშაობს - რა ქნას, აბა? ზოგს ბანკის ვალები აქვს...
- ოჯახი თქვენ არ გაქვთ?
- კი, მეუღლე მყავს.
- მეეზოვეობა შემოსავლიანი საქმეა? ხელფასი გყოფნით?
- ნათქვამია, მცირეში ერთგულს მერე დიდში გაკურთხებს ღმერთიო. ხელფასი 660 ლარი გვაქვს. ბინის ქირაში 300 ლარს ვიხდი. ჩემი ერთადერთი ნატვრაა, რომ საკუთარი ჭერი მქონდეს. "ქირა-ქირა" სიარულით მართლა დავიღალე. ხან სად მივდივარ, ხან - სად... ბინას იაფად ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიშოვე. ახლა მერიაში განცხადების დაწერას კიდევ ვაპირებ, იქნებ მხარში ამომიდგნენ. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა, ეს 660 ლარი არ მყოფნის, მაგრამ ჩემს ქვეყანას მაინც ერთგულად ვემსახურები.
- მეუღლე მუშაობს?
- ამჟამად, სამსახურიდან წამოსულია, რადგან ხელფასს არ უხდიდნენ: ერთ-ერთ კლინიკაში დამლაგებლად მუშაობდა. 7-8 თვის ხელფასი ასაღები აქვს. ადამიანურად, სამართლიანად უნდა აგვინაზღაურონ, რაც გვეკუთვნის - ხელშეკრულებაში როგორც უწერიათ, გასამრჯელო იმის მიხედვით უნდა გადაგვიხადონ, ხომ ასეა?
- რა თქმა უნდა. თქვენი პირველი სამუშაო დღე გაიხსენეთ... საქმეს ალღო იოლად აუღეთ?
- როგორც გითხარით, მერიაში განცხადება მქონდა შეტანილი. დამირეკეს - კარგი, ერთგული თანამშრომელი გვესაჭიროებაო. ასე ხდება: ჯერ ერთი კვირა დაგაკვირდებიან, როგორ მუშაობ. შემდეგ მითხრეს, - 1 თვის მერე დაგირეკავთო. ვუთხარი, - 1 თვე უფასოდ ვიმუშავებ, რადგან უბრალოდ, სახლში ჯდომა აღარ მინდოდა. მაინც უმუშევარი ვიყავი და ჩემს ქვეყანას 1 თვე უფასოდ მოვემსახურე. ვერის ბაღში ვმუშაობდი. როდესაც უფროსობა მოდიოდა, აკვირდებოდა, რომ საქმეს სუფთად, ხარისხიანად ვაკეთებდი, სიგარეტის ნამწვები არ ეყარა... რამდენიმე დაზიანებული, გატეხილი სკამი შევცვალეთ. იქაურობას ვასუფთავებდი, ვაწკრიალებდი... მოგეხსენებათ, ზოგი თანამშრომელი ისვენებს, ზოგი - შვებულებაში გადის. ამიტომ სამუშაო ადგილის გაცვლა-გამოცვლა გვიწევს. ამ 2 წლის განმავლობაში ხან სად ვიმუშავე, ხან - სად... დღესდღეობით რუსთაველზე, ცენტრალურ ქუჩას ვალაგებ. მადლიერი ვარ, რომ ასეთი კარგი ხელმძღვანელობა გვყავს: ყველანაირად ხელს გვიწყობენ (პრემიები, წახალისება, მეცამეტე ხელფასი...). სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს, განცხადება არაერთხელ დამიწერია, მაგრამ ადრე ხალხს "შინაურობებით" ასაქმებდნენ. გული მწყდებოდა, ცრემლებიც კი წამომსვლია - ჩემს ქვეყანაში გაზრდილს არ მასაქმებენ-მეთქი.
- სამუშაო დღეს რომელ საათზე იწყებთ?
- მაღვიძარას ყოველთვის ძალიან ადრე ვაყენებ, რადგან პუნქტუალობა მიყვარს. წესით, მუშაობას 7 საათზე ვიწყებთ. შინიდან 6-ის ნახევარზე გამოვდივარ, რათა მეტროს პირველ ვაგონს მივუსწრო. 7-ის ნახევარზე ადგილზე ვარ. საერთოდ, ამ დროს მუშაობას ქალები იწყებენ - ქუჩებს გვიან. ჩვენ სკვერებს ვალაგებთ, შემდეგ, დღის 3 საათამდე ქუჩებში ვმოძრაობთ, რომ ქალაქის სისუფთავე შევინარჩუნოთ. ყველას ჩვენი საქმე გვაქვს: მაგალითად, ოპერას ხომ 2 სკვერი - ზედა და ქვედა. ჯერ ერთს ვასუფთავებ, შემდეგ - მეორეს, მერე კი ქალბატონებს ვეხმარები, ვინც გარეთ არიან...
- თბილისელები ქუჩებს ძალიან ანაგვიანებენ?
-კი, ძალიან. მაგალითად, მზესუმზირას ყიდულობენ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ჭამენ, ნაფცქვენებს კი დაბლა ყრიან. ასეთ ადამიანებთან არაერთხელ მივსულვარ. უბრალოდ, მითქვამს, - ჩემო ძვირფასო დაიკო, თუ შეიძლება, "სემიჩკას" დაბლა ნუ ყრი-მეთქი. ცელოფანის პარკიც კი მიმიტანია, რომ ნაგავი იქ ჩაეყარათ, მაგრამ თავი შეურაცხყოფილად უგრძნიათ - რა მოხდა? სკვერია, სკვერში ჭამა როგორ არ შეიძლებაო?! რა თქმა უნდა, ჭამა შეიძლება, ნაგვის დაყრა კი - არა. უბრალოდ, გული მტკივა, რომ ქალაქს ძალიან ანაგვიანებენ, არ უფრთხილდებიან. ძალიან მინდა, თბილისი სისუფთავის ქალაქი იყოს. ადამიანებმა მომავალ თაობას სისუფთავის დაცვა უნდა ასწავლონ.
- ქუჩის დანაგვიანება ჯარიმას ხომ ითვალისწინებს? ... განაგრძეთ კითხვა