ლატარიის ჩატარების უფლება ისევ ერთ კომპანიას ექნება ექსკლუზიურად

ლატარიის ჩატარების უფლება ისევ ერთ კომპანიას ექნება ექსკლუზიურად

ფინანსთა სამინისტრომ ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური უფლების მოსაპოვებლად ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულ პრეტენდენტს ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების უფლება ექსკლუზიურად 10 წლის ვადით გადაეცემა. "როცა ხელისუფლება ასეთ ექსკლუზივზე საუბრობს, კორუფციული რისკები ყოველთვის მაღალია", - ასე აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გია ხუხაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" ფინანსთა სამინისტროს მიერ ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების გადაცემაზე გამოცხადებულ ტენდერს. ხუხაშვილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ამაზე გარკვეული ლობისტური ჯგუფი მუშაობდეს, მომავალი ექსკლუზიური უფლების მქონე კანდიდატიც უკვე შერჩეული იყოს და გამოცხადებულ ტენდერს მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდეს.

"კაზინოს მსგავსად ლატარიაც ბიზნესია და გაუგებარია, რატომ აძლევს სახელმწიფო ლატარიის კომპანიას ექსკლუზიურ უფლებას, მაშინ როცა მაგალითად სათამაშო ბიზნესში ასე არ ხდება. არ შეიძლება ასეთ საკითხზე ჩინოვნიკი იღებდეს გადაწყვეტილებას. სჯობს, ლატარიის ლიცენზიის მოპოვების პირობები შესაბამისი კანონმდებლობით განისაზღვროს და ბაზარზე იქნება ერთი თუ ათი კომპანია ბაზარმა განსაზღვროს და არა ხელისუფლებამ. ეს არის ბიზნესის ამ სეგმენტის განვითარების ხელოვნური შეზღუდვა, რაც ეწინააღმდეგება იმ ამოსავალ პრინციპებს, რაც ხელისუფლებას ბიზნესისა და ბიზნესურთიერთობის ფორმირების კუთხით აქვს", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ლატარიის გათამაშების 10 წლიანი ექსკლუზიური უფლების მოსაპოვებლად სატენდერო წინადადებების მიღება ფინანსთა სამინისტროში 2016 წლის 12 დეკემბრამდე მოხდება.

ცნობისთვის, საქართველოში ლატარიის გამართვის ექსკლუზიურ უფლებას "საქართველოს ლატარიის კომპანია" ფლობს, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე დაახლოებით, 216 მილიონი ლარზე მეტი დავალიანება აქვს.

"ლატარიის კომპანიის" აღნიშნული დავალიანების არსებობა კითხვებს უჩენს გია ხუხაშვილს, რომელიც ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ლატარიის კომპანია, რომელიც თავის თავში გარანტირებულ, უეჭველ მოგებას გულისხმობს წამგებიანი იყოს, მითუმეტეს, როცა ბიზნესის წარმოების ექსკლუზიური უფლება აქვს.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი