500 დოლარით მეგობრების მიერ დაწყებული ბიზნესი, უდიდესი შრომის ფასად მიღწეული წარმატება და სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის შექმნილი მრავალფეროვანი სამყარო - ეს კომპანია "ნევერლენდია", რომელიც 5 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე უამრავი ბავშვისა თუ მოზარდის პოზიტიურ განწყობაზე ზრუნავს. "ნევერლენდის" დაფუძნების, მისი განვითარებისა და კონცეფციის შესახებ AMBEBI.GE-ს "ნევერლენდის" დამფუძნებელი, გიორგი გოგუაძე ესაუბრება:
საწყისი კაპიტალი და პირველი ნაბიჯები
"ბიზნესი, რომლის იდეაც მეგობრებს გაგვიჩნდა, 500$-ით დავიწყეთ. თავდაპირველად საკუთარი ფორმებიც კი არ გაგვაჩნდა, ზღაპრის გმირებს სხვისგან - ფიზიკური პირისგან ვქირაობდით, მეგობრებს ვაცმევდით და დაბადების დღეებზე გამოძახებებზე დავდიოდით. დროთა განმავლობაში უდიდესი ენერგია და შრომა ჩაიდო ამ ყველაფერში.
განვვითარდით, გაიზარდა "სტაფი" - ამაღლდა პროფესიონალიზმი, ანიმატორები გამოცდილი მსახიობებით დავაკომპლექტეთ, შევიძინეთ თოჯინები, სხვადასხვა ზღაპრის გმირების ფორმები (გარდერობი დავაკომპლექტეთ ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი ხარისხიანი ფორმებით), შევიძინეთ სხვადასხვა ინვენტარი, მართვაში ავიღეთ საბავშვო სადღესასწაულო ცენტრები, რომლებსაც დიდი წარმატება მოვუტანეთ სწორი მენეჯმენტით. Neverland გახდა ბავშვებისთვის და მშობლებისთვის საყვარელი ბრენდი, რომლის ხარისხსაც ენდობიან, ეს ნდობა კი უმნიშვნელოვანესია, რაც უდიდეს მოტივაციას გვაძლევს. გამოძახებების და ბავშვთა გასართობი ცენტრების გარდა - დაფუძნებიდან ერთი-ორი წლის შემდეგ ცნობილმა ქართულმა წარმატებულმა კომპანიებმა დაიწყეს ჩვენთან აქტიური თანამშრომლობა".
"ნევრელენდის" სამყარო
"კომპანია "ნევერლენდი"მოიცავს სხვადასხვა ასაკის ბავშვებზე გათვლილ დაბადების დღის ცენტრებს, ანიმაციას/გასართობ შოუ-პროგრამებს, ზღაპრის გმირების გამოძახების სერვისს. ჩვენ გვაქვს განსხვავებული პროგრამები: თამაშები როგორც პატარებისთვის, ასევე თინეიჯერებისთვის. მშობლები გვენდობიან, ბავშვებს კი ვუყვარვართ. ნევერლენდის სამყაროში 150-მდე ზღაპრის გმირი ცხოვრობს და ესეც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან გარდა დაბადების დღის ცენტრებისა, ჩვენ გვაქვს საქართველოს ბაზარზე ყველაზე ხარისხიანი ანიმაცია, კოსტუმირებული გმირები გვყავს, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე გამოძახებით მიდიან და ბავშვებს საკუთარ დაბადების დღეს დღესასწაულად უქცევენ."
სიახლე თინეიჯერებს "ნევრელენდისგან"
"ნევერლენდის" ახალი საბავშვო ცენტრი წელს გაიხსნა (საბურთალოზე); ასევე, წელს დავამატეთ ახალი ცენტრი/ახალი ხაზი Neverland teens - დაბადების დღის კლუბი თინეიჯერებისთვის. ასევე გვაქვს საბავშვო ცენტრი გლდანში (გლდანის პარკის ტერიტორიაზე).
წარმატების ფორმულა
"ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც ჩვენი წარმატება განაპირობა, ის გუნდურობა და ენთუზიაზმი იყო, რაც საქმის კეთებისას ყველას ერთნაირად გვქონდა. ვითარდებოდა ბიზნესი, წარმატება თავდაუზოგავ შრომასთან, ღამეების თენებასთან ერთად მოდიოდა. წარმატების მთავარი ფორმულაა - მიზანი, რომლისკენაც მიიწევ. ამისთვის კი, თავის მხრივ, საჭიროა შრომისმოყვარეობა და ნებისყოფა. მთავარია რწმენა, რომ თქვენ ეს გამოგივათ!"
#გააზიარეწარმატება, #წარმატებაგადამდებია
"თიბისი ბანკის პროექტის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგეთ და ვიფიქრეთ, რომ პროექტში მონაწილეობის მიღება იყო ჩვენი შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა წარმატების ჩვენი ისტორია ადამიანებისთვის. მიზანი და მოლოდინი კი ის არის, რომ ამ პროექტის საშუალებით ჩვენი გუნდის პოპულარიზაცია მოხდეს. ვფიქრობთ, გამარჯვების მცირე შანსიც გვაქვს - თუ არ ცდი, ვერც ვერასდროს მიაღწევ!"
სამომავლო გეგმები და ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკა
"ჩვენი სამომავლო გეგმები ისევ და ისევ განვითარებას უკავშირდება. ორიენტირებული ვართ ზრდაზე. ბავშვებთან მუშაობა, პირველ რიგში, ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. თუმცა, ამავდროულად, მარტივი არ არის - ის პასუხისმგებლობა რაც გვაკისრია, სრულად გვაქვს გაანალიზებული. მთავარია ბავშვები გიყვარდეს, იცოდე მათთან მიდგომა - რა უყვართ, რა ახარებთ... ჩვენ ხშირად ვატარებთ კვლევას. ეს გვეხმარება კომპანიის ზრდასა და ხარისხის მართვაში. უამრავ პატარასთან გვაქვს კომუნიკაცია - ეს ფაქტი ასმაგად სასიამოვნოს ხდის ჩვენს ბიზნესს და მოტივაციაც დიდია."
თამარ კორკოტაშვილი
AMBEBI.GE