გამწვანებული და ათასფერი ყვავილებით გაფორმებული ეზოების კულტურა დღითიდღე აქტუალური ხდება საქართველოში. რა აუცილებელი კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბაღი ფუნქციური, მყუდრო, ამავე დროს ლამაზი და თვალწარმტაცი იყოს, როგორ მოვამზადოთ ნიადაგი, რა ყვავილები ჩავრგათ, რომ მთელი წლის განმავლობაში თავიანთი უხვი ყვავილობით დაგვასაჩუქრონ. "შინის" მკითხველს ამ და სხვა საინტერესო თემებზე რჩევებს ლანდშაფტის არქიტექტორი თამარ თავართქილაძე უზიარებს.
- არსებობს ეზოს გაშენების სამი ძირითადი პრინციპი. ეს არის ფუნქცია, ანუ რა ფუნქციური დატვირთვა უნდა ჰქონდეს ბაღს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ სტილი და ადგილმდებარეობა. ეს სამი არის მთავარი კრიტერიუმი, რისი შერწყმითაც უნდა დაიდოს საუკეთესო შედეგი. პირველ რიგში ძალიან სწორად და ზუსტად უნდა განვსაზღვროთ ის, თუ რისთვის გვინდა ეს ეზო, რატომ ვაკეთებთ, რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს ამ ეზოს ჩვენთვის მომავალში? პირველ რიგში მყუდროდ და კომფორტულად უნდა იგძნო თავი. როგორი ლამაზი ეზოც არ უნდა გავაშენოთ, თუ პრაქტიკულად მოსახერხებელი არ იქნება, მას ვერ გამოვიყენებთ და მხოლოდ ნახატის დანიშნულება ექნება. როცა ზუსტად განვსაზღვრავ ფუნქციურ დატვირთვას, ამის მერე ვიწყებ სტილის შერჩევს.
მსოფლიოში ბევრნაირი სტილია ჩამოყალიბებული. მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ადგილმდებარეობა, რაც განსაზღვრავს მიკროკლიმატურ პირობებს, ნიადაგის მდგომარეობას. ყველაფერს ამას კარგად რომ შევისწავლი, ამ კომპონენტების სინთეზით ხდება შემდეგ ეზოს დაგეგმარება.