იმის გამო, რომ არ მინდა ამ ამბის გმირებს პრობლემები შევუქმნა, მათ ვინაობას ვერ დავასახელებ. კარგად მესმის, რომ მსგავსი ფაქტების გამოაშკარავება ნებისმიერი ადამიანის და მით უფრო, ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ აჯობა ჩემში ჟურნალისტმა ჩვეულებრივ გულჩვილ ქალს. ერთიცაა, ამ შემთხვევაში არც კი ვიცი, აქვს თუ არა კანონებზე ლაპარაკის უფლება იმ სახელმწიფოს, რომელიც ვერაფერს აკეთებს გაჭირვებული და მართლაც უსაშველოდ გაუბედურებული თავისი მოქალაქეების დასახმარებლად და სოციალურ დახმარებას იმ შემთხვევაშიც კი უხსნის, თუ შინ ნაჩუქარი ძროხა და ორიოდე კვერცხისმდებელი ქათამი ჰყავთ...
მოკლედ, ცოტა ხნის წინ მეგობარმა თავის სოფელში წამიყვანა. იმ მხარეში მანამდე არასოდეს ვყოფილვარ და ამიტომაც დავთანხმდი სიხარულით. არც მინანია, რადგან მართლაც, ძალიან ვისიამოვნე ქართული სოფლების ზღაპრული ყოფითა და სტუმართმოყვარეობით...
ჩვენი მასპინძლები ჩვენს იქ ყოფნაში ძეობაზე დაპატიჟეს და შინ არც სტუმრები დაგვტოვეს. ორმოცი წლის გიორგის, რომელიც ვეტერინარია და გაჭირვების დროს, ვიდრე ექიმი მოაღწევს, ადამიანებსაც მკურნალობს ხოლმე, ერთი წლის წინ შეუქმნია ოჯახი და წლისთავზე ტყუპი ვაჟიც გასჩენია, რასაც მთელი სოფელი ზეიმობდა. გიორგიც და მისი მამა-პაპაც სულ ხალხის სამსახურში ყოფილან და ენანებოდათ უოჯახოდ დარჩენილი ვაჟკაცი, ვინ აღარ ერეოდა თურმე მის ბედში და ბოლოს, ისევ თავად გაუკეთებია არჩევანი - მეზობელი სოფლიდან მოუყვანია გოგო, რომელიც ერთი დანახვით მოსწონებია და რომ ვნახეთ, მართლაც ულამაზესი იყო ახალბედა დედა...
თუმცა, არ მომეწონა მისი თვალში საცემი სინორჩე - აშკარად არ უნდა ყოფილიყო სრულწლოვანი. როცა მითხრეს, რომ ცამეტი წლის იყო და მხოლოდ თვე-ნახევარში გახდებოდა თოთხმეტის, მართლა ძალიან მეწყინა და მეტკინა - ანუ როცა ორმოცი წლის კაცზე გაათხოვეს, ცამეტისაც არ იყო და მაშინაც ასე იტყოდნენ თორმეტი წლის გოგოზე: დღე-დღეზე ცამეტის გახდებაო...
- დასაჭერია ეგ თქვენი გიორგი! - წავუსისინე დაბოღმილმა გვერდით მჯდომ მეგობარს და როგორც ჩანს, ხმამაღლა მომივიდა, რადგან იქვე მჯდომმა მასპინძელმა დამფრთხალმა შემომხედა და შემეხვეწა:
- ჩუმად, შენი ჭირიმე, არავინ გაგიგონოს, არ დამღუპო...
ხასიათგაფუჭებულებმა იქაურობა მალე დავტოვეთ და თითქოს, თავს იმართლებსო, ისე გვიამბო დეიდა თამარმა ახალგაზრდა დედის ამბავი:
- ვერ წარმოიდგენთ, როგორი გაჭირვებული ოჯახიდან წამოიყვანა გიორგიმ. მამა ჭკუანაკლულია და არც დედაა დიდად დალაგებული. ყველას უკვირს, ასეთი კარგი შვილები როგორ გაუჩნდათ. შვიდი შვილი ჰყავთ. ჩვენი პატარძალი მეორეა ოჯახში. უფროსი დაც მასავით ლამაზი იყო და ისიც პატარა მოიტაცეს, მაგრამ როცა ნახეს, რა გაუბედურებული ოჯახიდან იყო, ორსული მოაბრუნეს უკან და იმისი შვილიც სარჩენად დააწვათ. კი უჩივლეს და დააჭერინეს მოძალადე, მაგრამ ამ ჩვენს უცნაურ ქვეყანაში, ის ბიჭი ორ წელიწადში გამოუშვეს ციხიდან და გოგო კი დარჩა გაუბედურებული. საქონლის ძველ, მიტოვებულ ფერმაში ცხოვრობენ, რადგან მათი სახლი მეწყერმა დაანგრია. ძროხა ჰყავთ და ფრინველი, შრომას არ თაკილობენ, ამიტომ არც დახმარება ეძლევათ. გიორგის ეცოდებოდა მშიერი ბავშვები და იმ ოჯახს ეხმარებოდა. თავად შეუთავაზებიათ მისთვის შვილი: სანამ ესეც სხვას არ გაუუბედურებია, წაიყვანე და უპატრონე, სიცოცხლის ბოლომდე შენზე ვილოცებთო... ამასაც, გული შევარდნია და დათანხმდა. მარტო ახალგაზრდა ცოლს კი არა, მთელ მის ოჯახს ჰპატრონობს. განაგრძეთ კითხვა