საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2015 წლის ბოლოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩაატარა. კვლევაში, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბავშვთა შრომაში ჩართულია 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2%, ნაჩვენებია ბავშვებისათვის "სახიფათო სამუშაო."
კვლევის მიხედვით საქართველოში 15.6 ათასი ბავშვი სახიფათო შრომაშია ჩართული, რაც მთლიანად ბავშვთა შრომის 63.9%-ია, ხოლო მომუშავე ბავშვთა - 46.4%. სოფლის მეურნეობა ბავშვებისთვის ძირითად დასაქმების სფეროს წარმოადგენს, სახიფათო სამუშაოს შემთხვევების უმეტესი ნაწილიც (სახიფათო სამუშაოთი დაკავებული მთლიანი შემთხვევების 73.1%) ამ დარგში გვხვდება. სახიფათო სამუშაოს უმეტესად ბიჭები ასრულებენ. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, 5-15 წლის სახიფათო სამუშაოში ჩართული ბავშვებიდან 80.7% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ხოლო 16-17 წლის ბავშვებში აღნიშნული მაჩვენებელი 64.6%-ს შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სახიფათო შრომაში დასაქმებულ ბავშვთა უმეტესობისათვის (9.0 ათასი ბავშვი) ღამით მუშაობა სახიფათო სამუშაოს განმსაზღვრელი კრიტერიუმია.