"მომხმარებელს ელექტროსიგარეტი აუფეთქდა" - მოწევაზე თავის დანებების საშუალება თუ ნელი სიკვდილის მომტანი კომერციული ხრიკი?

"მომხმარებელს ელექტროსიგარეტი აუფეთქდა" - მოწევაზე თავის დანებების საშუალება თუ ნელი სიკვდილის მომტანი კომერციული ხრიკი?

ელექტრონული სიგარეტი - მოწევაზე თავის დასანებებელი წამალი თუ ნელი სიკვდილის მომტანი მორიგი კომერციული ხრიკი? ამ ნივთს საქართველოში პირველად, როგორც მოწევაზე თავის დანებების საშუალებად გაეცნენ. ხუთი წლის წინ, ქართულ ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე, აღნიშნული პროდუქციის შესახებ ამ ტიპის სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს. თუმცა, თითზე ჩამოსათვლელთ მიაჩნიათ, რომ მოწევას თავი ელექტრონული სიგარეტის დახმარებით დააღწიეს. ამასთან, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ელექტრონული სიგარეტი უკვე შეფასდა თამბაქოს პროდუქციის ერთ-ერთ სახეობად. ამიტომაც უამრავ ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტის წარმოება და რეალიზაცია თამბაქოს სხვა ნაწარმის მსგავსად რეგულირდება და მისი რეკლამა-პოპულარიზაცია და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ტრანსპორტში გამოყენება იკრძალება.

ელექტრონული სიგარეტი გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, ჰონკონგში გამოიგონეს. დროთა განმავლობაში მოდერნიზებული მოსაწევი საშუალება ბოლო ათი წელია მსოფლიოს იპყრობს. ელექტრონული სიგარეტის ბაზრის ინტენსიური განვითარების გამო "ფილიპ მორისმა," "ბრითიშ თობაქომ", "იმპერიალ თობაქომ" და თამბაქოს მწარმოებელმა სხვა მულტინაციონალურმა კომპანიებმა ელექტრონული მოსაწევის ლიცენზია შეისყიდეს და ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიით ცდილობენ პოტენციური მომხმარებლები ელექტრონული სიგარეტის უსაფრთხოებაში დაარწმუნონ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კი ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაადასტურა, რომ ელექტრონული სიგარეტი თამბაქოზე თავის დანებების საშუალება კი არა, ჩვეულებრივ, ნიკოტინის შემცველი, თამბაქოს პროდუქტია და თუ მომხმარებელი ქაღალდის სიგარეტიდან ელექტრონულზე გადადის, მოწევას კი არ ანებებს, ერთ მოსაწევ საშუალებას მეორეთი ანაცვლებს.

საზოგადოებრივი მოძრაობა "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე აცხადებს, რომ საქართველოში ელექტრონული სიგარეტის შემოსვლისთანავე მოითხოვეს მისი, როგორც თამბაქოს პროდუქტად აღიარება და იგივე ჩარჩოებში მოქცევა, რითაც საერთოდ თამბაქოს ნაწარმი რეგულირდება.

- თავიდანვე ვთქვით, რომ ელექტრონული სიგარეტის, როგორც მოწევაზე თავის დანებების საშუალების რეკლამა იყო ბლეფი და გათვლილი საზოგადოებაზე, რომელმაც არ იცის ზუსტად რა არის ელექტრონული სიგარეტი.

- ზუსტად რა არის ელექტრონული სიგარეტი?

- ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯი დიდი რაოდენობით, 6-დან 24 მილიგრამამდე თხევად ნიკოტინს შეიცავს. სპეციალისტების ვარაუდით, მომხმარებელი რომ ნიკოტინს მიეჯაჭვოს, კარტრიჯში მისი დოზა იმაზე მეტია, ვიდრე სინამდვილეში ამბობენ. ეს მოსაწევი საშუალება ასევე შეიცავს ტოლუოლს, ანტიფრიზს (სითხე რომ არ გაიყინოს) და გლიკოლს, გემოს და არომატის მიმცემ ნივთერებებს, რომელთა დასახელება უკვე 8000-მდეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილია შესწავლილი. დადასტურებულია, რომ მათი გახურების შედეგად ორთქლში გამოიყოფა მიკრონაწილაკები, ტოქსინები და კარცენოგენები, რაც სერიოზული საფრთხის შემქმნელია. უკვე დადასტურდა, რომ ემფიზემას, ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებს ელექტრონული სიგარეტი ისევე იწვევს, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი. ასევე ე.წ. კვამლი, ორთქლი იწვევს გულსისხლძარღვთა, პირის ღრუს, ხორხის, საყლაპავი მილის დაავადებებს, მათ შორის კიბოს. შესაბამისად, შემცველობის გამო კვამლი სახიფათოა არამხოლოდ მწეველისთვის, გარშემო მყოფთათვისაც. დაფიქსირდა ფაქტებიც, როდესაც მომხმარებელს ელექტრონული სიგარეტი აუფეთქდა.

- ელექტრონული სიგარეტით მოწევაზე თავის დანებება შეუძლებელია?

- ნიკოტინი არის დამოკიდებულების, მიჯაჭვულობის გამომწვევი, ნარკოტიკი შეიძლება რაიმეზე და მით უფრო, მოწევაზე თავის დასანებებელ საშუალებად გამოგადგეთ? ამასთან, ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისას ნარჩუნდება მოწევის ქცევა, რაც ყველაზე რთულად დასაძლევია, როდესაც მომხმარებელს თამბაქოს გადაგდება სურს. ჩვევაში გადასული მოწევის მანერა პირობითი რეფლექსების დონეზე ყალიბდება და მწეველს სწორედ ეს აიძულებს სიგარეტის ხელში აღებას.

- ხომ არსებობს ელექტრონული სიგარეტი ნიკოტინის გარეშე?

- ფაქტობრივად, ეს არის ელექტროჩილიმი და ჩვეულებრივი ჩილიმივით ნიკოტინს არ შეიცავს, მაგრამ სხვა ქიმიური ნივთიერებების წვით, მათგან გამოყოფილი ტოქსინებით და კარცეროგენებით სერიოზულად აზიანებს სასუნთქ გზებს. ამასთან, ორთქლი სახიფათოა როგორც მწეველისთვის, ისე, ირგვლივ მყოფთათვის.

- თქვით, რომ ელექტრონული სიგარეტის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაც შეიმუშავეთ.

- მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენილ, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში მითითებულია, რომ ელექტრონული სიგარეტი თამბაქოს ნაწარმის სხვადასხვა სახეობებთან ერთად დასახელდეს და მოექცეს შესაბამისი რეგულაციის ქვეშ, არ შეიძლებოდეს არასრულწლოვნებზე მისი მიყიდვა, დაუშვებელი იყოს რეკლამა და პოპულარიზაცია. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 მეტრის რადიუსში არ გაიყიდოს და ა.შ. ელექტრონული სიგარეტი ჩვეულებრივი სიგარეტის მსგავსად უნდა იბეგრებოდეს. აქციზის გადასახადები მასზეც უნდა დაწესდეს. სამწუხაროდ, ამას ზოგიერთი პოლიტიკოსიც სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს.

- ბევრი მწეველისგან მსმენია, რომ ძალიან უნდათ მოწევაზე თავის დანებება, მაგრამ ვერ ახერხებენ, როგორ უნდა შეძლონ?

- სახელმწიფო ვალდებული იყო შეექმნა სიგარეტზე თავის დანებების სერვისები. ერთადერთი, ბოლო ორი წელია, მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების ნაწილის გადამზადება შეძლო, ასწავლეს მოკლე კონსულტაციები, როგორ ავუმაღლოთ მწეველს მოტივაცია, რომ მალე გათავისუფლდეს მოწევის ჩვევისგან. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ გვიჩვენა, თამბაქოზე სწრაფად და ეფექტურად თავის დანებებას ხელს უწყობს ყოვლისმომცველი კანონის ძალაში შესვლა. იმის გამო, რომ კანონით აიკრძალა სამსახურებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ტრანსპორტში მოწევა, ეს ჩვევა ძალიან არაპოპულარული გახდა და ძალიან ბევრმა ადამიანმა მარტივად შეძლო მისი გადაგდება. მოწევის სრული აკრძალვა, გადასახადების მატება, ცხოვრების ჯანსაღი წესების პოპულარიზაცია და თამბაქოზე თავის დანებების სერვისები, ერთობლივად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა მასობრივად უარი თქვან ლეგალურ ნარკოტიკზე. დღეს ერთმა თუ დაანება თავი, ათი - იწყებს, რადგან ყველგან თვალში ხვდება თამბაქოს და უკვე ელექტრონული სიგარეტის რეკლამა.

ეკა ლომიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი