თამარის და დავითის უძვირფასესი ხატები, დამწვარ ხეზე შესრულებული მადონა, ბრინჯაოთი მოხატული ალვის ხის ფესვი, სხვადასხვა ზომის ქანდაკებები, ფერწერული ნამუშევრები - ეს იმ არაჩვეულებრივი და უიშვიათესი ნივთების მცირედი ჩამონათვალია, რომლებსაც ბატონი გიორგი (კუკური) ლომიძის სახელოსნოში შეხვდებით. ოთახში შესვლისთანავე ჩემი ყურადღება ერთმა ხემ მიიპყრო. ტოტების გადანაჭრელ ადგილზე ხატები იყო ამოტვიფრული. როგორც ბატონმა გიორგიმ ბრძანა, ეს ხე წყალდიდობის დროს მტკვარს მოუგლეჯია და ნაპირზე გამოურიყავს. ხეზე კვეთის და ჩუქურთმის დიდოსტატს სახელოსნოში წამოუღია, ზედ ხატები ამოუტვიფრავს და "სიცოცხლის ხე" დაურქმევია. მისი ყველა ნამუშევარი დიდი ისტორიის მატარებელია და თითოეულ მათგანზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ალბათ საოცრებათა სამყაროში რომ იმოგზაურო, ბატონი გიორგის სახელოსნოს უნდა ეწვიო.
- წარმოშობით ქუთაისიდან ვარ. ძველი სპორტსმენი გახლავართ, ფეხბურთს ვთამაშობდი. ხელოვნებისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება მქონდა, ამიტომ როცა ფეხბურთს თავი დავანებე, საყვარელ საქმიანობას მივყავი ხელი. იმ დროს ქუთაისი ძალიან მაღალი ხარისხის ავეჯს უშვებდა, მეც იმ ქარხანაში ვმუშაობდი. მოსკოვის ხაზით ბევრი სიგელი მაქვს მიღებული. საბჭოთა კავშირის მასშტაბით ხშირად ვიმარჯვებდით. ჩატარდა სიმპოზიუმი და საუკეთესო მეავეჯედ დამასახელეს. სამუშაოდ მოსკოვში მიმიწვიეს. იმ პერიოდში ყველაზე მეტად ამას ვაფასებდი - თუ იყავი ძლიერი, ყველგან გაფასებდნენ და პატივს გცემდნენ. როცა კრემლში ჩავედი, ყველა პატივისცემით მეპყრობოდა. ხეზე მხატვრულ დამუშავებას ვხელმძღვანელობდი. ქუთაისიდან წაყვანილი მყავდა მოსწავლეები და გორბაჩოვის კაბინეტის ავეჯი მთლიანად ჩვენ გავაკეთეთ. ვიცი, რომ ბრეჟნევს და კუნაევსაც ჰქონდათ ჩემი გაკეთებული ავეჯი. მე კი ვიცოდი, რომ ეს ავეჯი პრეზიდენტისთვის ან მაღალჩინოსნებისთვის მზადდებოდა, მაგრამ იმ დროისთვის ამის გამხელის უფლება არ მქონდა.