რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“-ს ფარგლებში, კომპანია „ნუტრიმაქსის“ მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა. პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ჰოლანდიური კომპანიის ,,Trouw nutrition’’-ის სპეციალისტთა აქტიური ჩართულობითა და პარტნიორობით განხორციელდა.
დღეს უკვე ქართველ ფერმერს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი ფერმისთვის მაღალტექნოლოგური, არაქიმიური და დაბალანსებული პროდუქტი საქართველოში საუკეთესო ფასად მოიპოვონ.
მომავალში ქარხანა საქართველოს გარდა, სამხრეთ კავკასიის რეგიონსაც მოამარაგებს.
საერთაშორისო სტანდარტების საწარმოს მშენებლობასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში კომპანია „ნუტრიმაქსმა“ 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ხუთშაბათს, საწარმოს გახსნის საზეიმო ცერემონიალს მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო პარტნიორები და რეგიონალური მომხმარებლები ესწრებოდნენ.
როგორც ჟუნალისტებთან საუბარში პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ეს არის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელდა.
დიმიტრი ქუმსიშვილი: „მინდა მივულოცო „ნუტრიმაქსის“ დამფუძნებელ პარტნიორებს და, ასევე, მთლიანად საქართველოს, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გახსნილი კიდევ ერთი წარმატებული პროექტი. რეალურად, ეს არის 5 მილიონზე მეტი ინვესტიცია, რაც ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის საწარმო, რომელიც იმპორტის ჩამნაცველებელია და ექსპორტზეა ორიენტირებული. კომპანია უკვე აწვდის საქართველოს ბაზარს პროდუქციას, ასევე სომხეთის ბაზარს და გეგმავს გაფართოებას რეგიონში. აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქციის წარმოების პროცესი და პროცედურა თავიდან ბოლომდე აკმაყოფილებს ევროპის სტანდარტებს. შემდგომში, თუ კომპანია მოინდომებს აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებში შესვლას, მას ამის შესაძლებლობა ექნება”.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით: „ეს არის 152-ე ახალი საწარმო, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობის პროექტის ფარგლებში გაიხსნა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მაღალტექნოლოგიური საკვებწარმოების კომპანია, რომელიც მთლიანად მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს ქვეყანაში. საკვები ბაზა მეცხოველეობის განვითარების საწინდარია. ამ კუთხით ჩვენ ნამდვილად გვექნება წინგადადგმული ნაბიჯი ”ნუტრიმაქსის” გახსნით. “
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ფერმერების რეკომენდირება და მათი კონსულტირება საკვები პროდუქციის ეფექტურად გამოყენებაში.
ქარხნის ერთ-ერთი მმართველი პარტნიორის, ბესიკ ტოგონიძის თქმით, ქარხანა, რომელიც მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეთევზეობის სექტორზე იმუშავებს, წლიურად 50 000 ტონა კომბინირებული საკვების წარმოებაზეა გათვლილი.
ბესიკ ტოგონიძე: „გვინდა, რომ ეს პროდუქტები ყველა მომხმარებელთან მივიდეს. ვართ ექსპორტზე ორინეტირებული კომპანია. ჩვენ ვართ ერთ-ერთი მსხვილი ჰოლანდიური ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენ ვართ პროგრამა ”აწარმოე საქართველოს”, შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარები. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მთავრობას ამ დახმარებისთვის. ეს არის კარგი შესაძლებლობა საქმიანი ადამიანისთვის, მოახერხო საკუთარი პროექტების განხორციელება.“
კომპანია ,,ნუტრიმაქსი’’ ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან საქმიანობს. მისი წარმოებული კომბინირებული საკვები უმაღლესი ხარისხის, დაბალანსებული, არაქიმიური პროდუქციაა, რომელიც ფერმერების საქმიანობის გრძელვადიან შედეგსა და წარმატებას უზრუნველყოფს.
თორნიკე ყაჯრიშვილი