"თუშებმა მითხრეს, - არ შეხვიდე, თორემ მოგკლავენო..." - მწერლისა და ჟურნალისტის მშფოთვარე ცხოვრება

"თუშებმა მითხრეს, - არ შეხვიდე, თორემ მოგკლავენო..." - მწერლისა და ჟურნალისტის მშფოთვარე ცხოვრება

"წლის საუკეთესო რომანი" - ჯილდო, რომელიც "სამოთხეში დაკარგულებისთვის" მწერალმა და ჟურნალისტმა, ბექა ქურხულმა ლიტერატურულ კონკურსზე - "საბა", მიიღო. ბექა თავისი ნაწარმოებების, ე.წ. ცხელი წერტილების რეპორტიორობასთან დაკავშირებულ და იქ გადახდენილ ამბებსა და სხვა საინტერესო თემების შესახებ გვესაუბრება.

- "საბას" პრემიაზე რამდენჯერმე ვიყავი წარდგენილი. პირველად, ფინალში, 2006 წელს, როცა პროზაული კრებულით დებიუტი მქონდა და გული დამწყდა, რომ ვერ მოვიგე. "ორი მთვარის ამბავი" 2011 წელს გამოვიდა. თუმცა, "შორთლისტებშიც" ვერ მოხვდა და გამიკვირდა, რადგან ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი, ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ, რაც დამიწერია, სწორედ "ორი მთვარის ამბავია". ვისაც წაკითხული არა აქვს, შეუძლია დაიწყოს და ათი ფურცლის მერე თუ არ დაინტერესდება, გადადოს. მერე იყო პიესა - "აჰა, საცაა ხე წაიქცევა", ჩემდა მოულოდნელად, კარგი გამოვიდა და მოიწონეს. ლიტერატურული პიესა უფროა, ვიდრე - სასცენო. "საბას" "შორთლისტებში" ადრე იყო წიგნი - "ქალაქი თოვლში". ის იწყება მოთხრობით - "მკვლელი", რომელიც გალელ პარტიზანებზეა. ახლა გერმანულად და იტალიურად ითარგმნება.

- "დილის გაზეთში" მუშაობისას, მახსოვს, ცხელი წერტილებიდან საინტერესო რეპორტაჟები ჩამოგქონდა, რომლებიც წიგნებშიცაა შესული. როგორ აღმოჩნდი ამ სფეროში?

- სხვათა შორის, ჟურნალისტობის ინტერესი არასდროს მქონია. "დილის გაზეთში" ძალიან საინტერესო ხალხთან ერთად ვმუშაობდი. ეკონომიკა, პოლიტიკა და მსგავსი თემები საერთოდ არ მაინტერესებდა, ფორმალურად, კულტურის განყოფილებაში ვირიცხებოდი და რაღაცებს კულტურაზეც ვწერდი. მახსოვს, ჩემი ინტერვიუ ბატონ ოტია იოსელიანთან, ის ინტერვიუ თვითონაც მოსწონებია. 23 წლის ბიჭს გაზეთში რაზე უნდა მეწერა? პრეზენტაციებზე სიარული ჩემი ინტერესის სფერო არ იყო, რედაქტორი მეხუმრებოდა, - წადი, შვილო, აქ რა გინდაო? - არაფერს ვაკეთებდი, დავბლაყუნობდი, ბიჭებთან ერთად ვლოთობდი და გოგონებს ვეპრანჭებოდი (იცინის). იმდენი ვიუსაქმურე და ვილოთე, გამოშვებამდე მივიდა საქმე... მოკლედ, ვუთხარი, წავალ, ცხელ წერტილებში ვიმუშავებ-მეთქი და პანკისის ხეობაში წავედი, სადაც მაშინ ქვეყანა იქცეოდა. ჩეჩნეთის ომი ერთი თვის დაწყებული იყო. რედაქტორმა იფიქრა, - ვერ არის ეს, წავიდეს და თავს დამანებებსო (იცინის). ძალიან სარისკო იყო, მაგრამ მარტო წავედი. მაგრად მიქროდა. ყოველი მეორე მძევლად აჰყავდათ. სადგურში თუშებმა მითხრეს, - არ შეხვიდე, თორემ მოგკლავენ, სულ ცოტა, დაღლამდე გცემენო. თუმცა, გამიმართლა და გადავრჩი. იქაურობა ლტოლვილებით იყო სავსე, საინტერესო ამბები დამხვდა... გზაში დავიკარგე კიდეც და მთელი თავგადასავლები გადამხდა. მთა-მთა ალვანში ვაპირებდი გადასვლას, ჩემს ნათესავებთან, მაგრამ ჭალაში დავიკარგე... ალაზანში რომ გავტოპე, წამიღო და ძლივს გამოვაღწიე... დამიღამდა და სოფელს მივადექი - წინუბანს. ერთი სახლიდან სინათლე გამოდიოდა, სადაც ბებია, დედა და ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობდნენ. ასანთი ვთხოვე, - გზას გავინათებ-მეთქი. მერე როგორც მითხრეს, მორფინისტი გვეგონე და შეგვეშინდაო, მაგრამ ბებომ უთხრა, სახლში შემოიყვანეო... ამასობაში, შინ მამაკაცებიც დაბრუნდნენ და ამ ოჯახს, ძმებ გაურგაშვილებს, ელასა და ალაუდინას დავუმეგობრდი. ჩვენი ძმობა დღემდე გრძელდება. პანკისის ხეობიდან ძალიან ბევრი რეპორტაჟი მაქვს გაკეთებული.

- საინტერესო ამბებსა და რეპორტაჟებს, შესაბამისად, საფრთხეც ბევრი ახლდა, როგორ აღწევდი თავს?

- ვლადიკავკაზში რომ ვიყავი, რუსებმა დამიჭირეს და იქიდან ძლივს გამოვაღწიე. 2000 წლის სექტემბერი იყო. სოფელ ჩერმენში ვიყავი, სადაც საშინელი ბლოკპოსტია და იქიდან იმ არეულობის პერიოდში ბევრი ადამიანი გაქრა. გამიმართლა, აქაც გადავრჩი. ბესლანის ტრაგედიის დროს, ნანა ლეჟავა და ის ჯგუფი სადაც დაიჭირეს, იქ ვიყავი, ოღონდ ერთი წლით ადრე. რეპორტაჟი "დილის გაზეთში" დაიბეჭდა და ჩემს პირველ წიგნშიცაა შესული, ასე ერქვა - "ომი და მშვიდობა ჩრდილოეთ კავკასიაში"... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი