"მათი მხრიდან ლამაზი არ იყო ჩემი გამოყენება" - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ვრცელი ინტერვიუ სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს შემდეგ

"მათი მხრიდან ლამაზი არ იყო ჩემი გამოყენება" - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ვრცელი ინტერვიუ სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს შემდეგ

ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი სკანდალში გაეხვა. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სპორტსმენთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ოდესაში, რთველის დროს არის გადაღებული (იხ. ვიდეო). ვიდეოს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ითქვა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან სტუმრად ჩავიდა. როგორც გაირკვა რეალურად, ლადო ხინჩეგაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შემთხვევით აღმოჩნდა. თბილისში დაბრუნებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა Ambebi.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- როგორ მოხვდი უკრაინაში?

- როგორც იცით, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად ვემზადებოდი ოლიმპიადისთვის, ამიტომ გადავწყვიტე დასასვენებლად სხვა ქვეყანაში წავსულიყავი. წავედი უკრაინაში, სადაც ჩემი მეგობრები ცხოვრობენ. სწორედ მათთან ჩავედი სტუმრად კიევში. იქ გავიგე, რომ ოდესაში ერთ-ერთი გრანდიოზული კლუბის გახსნა იყო, სადაც მეგობრებთან ერთად წავედი.

- ოდესაში შეხვდით მიხეილ სააკაშვილს?

- ოდესაში სავახშმოდ ერთ-ერთ რესტორანში ვიყავით. იქ მოვიდა ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ის ჩემი მეგობრების ნაცნობია. როდესაც დამინახა წარმატება მომილოცა და შემოგვიერთდა. მისი მოსვლა რესტორანში ჩემთვის მოულოდნელი იყო. ვიცოდი, რომ იმ დროს ის საერთოდ არ იმყოფებოდა ოდესაში.

იხილეთ ვიდეო: რას პასუხობს ლადო ხინჩეგაშვილი კრიტიკოსებს მიშა სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს გამო

- რთველში როგორ აღმოჩნდით?

- სანამ კიევში დავბრუნდებოდი, ყველანი ერთად აღმოვჩნდით რთველში. ვენახების მფლობელი ფრანგი მეღვინეა.  იქ ქართული ჯიშის ღვინოს აწარმოებენ. ჩემთვის ეს სასიამოვნო იყო და საკუთარი წვლილი შევიტანე ყურძნის დაწურვაში. ჩემი სტუმრობა თავადაც ძალიან გაეხარდათ. იქ იყო მიხეილ სააკაშვილი, ის ერთ-ერთ არხს აძლევდა ინტერვიუს, დამიძახა და მითხრა, რომ მის გვერდით დავმდგარიყავი, ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ერთად ვისაუბროთო. მან იქვე აღნიშნა, რომ ეს არ არის პოლიტიკური ვიდეო. ვიდეოს სრული ვერსია არ გამოქვეყნდა, უბრალოდ ის ნაწილი დაიდო, რაც დაიდო. სამწუხაროდ, ხალხმა ეს ყველაფერი ნეგატიურად მიიღო. მივმართავ იმ ხალხს, ვინც სოციალურ ქსელში გამაკრიტიკა, ნუ გააკეთებენ დასკვნებს, სანამ რეალურად არ გაიგებენ რა მოხდა. მე ვხვდები, თუ რატომ მაკრიტიკებს ხალხი, მაგრამ არგუმენტირებულად უნდა გააკრიტიკო... თავის სამართლებელი არაფერი მაქვს, უბრალოდ მათი მხრიდან ლამაზი არ იყო, ჩემი გამოყენება.

- როდემდე აპირებდით კიევში დარჩენას და რატომ დაბრუნდით ასე ადრე?

- 6 ოქტომბრამდე ვრჩებოდი კიევში, მაგრამ ეს ამბები რომ ატყდა, გადავწყვიტე საქართველოში დავბრუნებულიყავი იმ ხალხთან, ვინც იცის მე რაზე ვარ ხელის მომწერი. ვინც გვერდით მიდგას, მათთან დავბრუნდი. მე არადროს ჩავრეულვარ პოლიტიკაში, არც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ვარ და არც სხვა პარტიის. მე ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი ვარ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი