14 წლის ტყუპმა ძმამ, გიორგი და დემეტრე კაჭკაჭიშვილებმა ახლახან ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავეს. ძმებმა ინჟინერ გურამ ჩაგანავას ხელმძღვანელობით, ჰაერის გამწმენდი სისტემა შექმნეს, რომელიც ჰაერში ბუნებრივი აირის, მტვრის, ორთქლისა და ტემპერატურის დონეს აფიქსირებს. თუ მათი შემცველობა ზღვარს სცდება, ავტომატურად ირთვება სიგნალიზაცია, შესაბამისი გამწოვი და გამწმენდი სისტემები, გადაიკეტება გაზის წყარო და ობიექტის მფლობელს ტელეფონზე შეტყობინება ეგზავნება. ინოვაციური სისტემა შესაძლებელია, გამოიყენო ნებისმიერი ტიპის შენობაში, სადაც ჰაერის კონტროლი მნიშვნელოვანია.
დემეტრე:
- სისტემის დანიშნულებაა, აღმოაჩინოს ბუნებრივი აირის გაჟონვა, ჩართოს ვენტილაცია, გაწმინდოს ჰაერი და პარალელურად, ამის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება სახლის მფლობელს მობილურ ტელეფონზე გაუგზავნოს. ბუნებრივი აირის გარდა, ხელსაწყო ჰაერში მტვრის, ორთქლის, კვამლის არსებობაზეც რეაგირებს. თუ ჰაერში საშიში ნივთიერება არაა გაჟონილი და ის სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, ამ შემთხვევაში სიგნალიზაცია არ ირთვება, მხოლოდ გამწოვი მოდის მოქმედებაში.
- რატომ გადაწყვიტეთ სწორედ ამ შინაარსის სისტემის შექმნა?
- ძალიან გვინდოდა მონაწილეობა გამომგონებლების ოლიმპიადაზე. რამდენიმე იდეა გვქონდა, რომელთა შორის საუკეთესო სწორედ გამწოვი სისტემის შექმნა აღმოჩნდა. დაწყებისას მხოლოდ სახაზავი, სქემის დაფა და ვენტილაცია გვქონდა, ორი სენსორით. ახლა უკვე მთელი მოწყობილობა გვაქვს და სისტემისთვის ფუნქციების გაზრდასაც ვაპირებთ. მაგალითად, ჰაერის წმენდის პარალელურად ვამატებთ გაზის წყაროს გადაკეტვის ფუნქციას. გარდა ამისა, სისტემის ბლოკთან დასაკავშირებლად ახლა თუ სადენებს ვიყენებთ, ვაპირებთ, უკაბელო გავხადოთ.
- ოლიმპიადა რა შედეგით დასრულდა?
- პირველი ოლიმპიადა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი იყო, სადაც ფინალში, ათეულში მოვხვდით. ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე ორი ტური იყო - რესპუბლიკური და საერთაშორისო. ორივე ეტაპზე პირველი ადგილი დავიკავეთ.