მეზობლების ინფორმაციით, გლდანის მე-2 მიკრორაიონში, მე-9 სართულიდან წლინახევრის ბავშვი გადმოვარდა, რის შემდეგაც გადმოხტა დედაც. ორივე ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი წლისა და 4 თვის იყო, დედა - 28 წლის.
ამჟამად ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები. პერიმეტრი შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტით.
მეზობლების განცხადებით, მათ მომხდარის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს. მათი ინფორმაციით, ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, ბავშვის დედა და ბებია სამზარეულოში საქმიანობდნენ და როცა ბავშვი მოიკითხეს, ვერსად იპოვეს. მეზობლების ვარაუდით, პატარა აივანზე გაძვრა და გისოსებიდან გადავარდა.
"დედამ მოიკითხა ბავშვი სად არისო, გადმოიხედა ფანჯრიდან და დაინახა ბავშვი ეგდო ძირს. მაშინვე ძირს ჩამოვიდნენ, თურმე მამამთილს მიაწოდა დაღუპული, გაიქცა მეცხრე სართულზე, დადგა ფანჯარაზე და გადმოვარდა", - ყვებიან თვითმხილველები.