32 წლის ხათუნა გიორგაძე, წელიწადზე მეტია, რაც გულის მძიმე დაავადებას ებრძვის. სამი შვილის დედა, დროის უმეტეს ნაწილს საავადმყოფოში ატარებს. ახლაც, სიცოცხლეს ჯო ენის სამედიცინო ცენტრში უხანგრძლივებენ. ხათუნას მესამე ფეხმძიმობისას დილატაციური კარდიომიოპათია დაემართა და სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა. ოპერაცია საქართველოში არ კეთდება, საზღვარგარეთ კი მისი ღირებულება 100 000 დოლარია.
ხათუნა ამჟამად ჯო ენის კლინიკაში გადის მკურნალობას. მისი მდგომაროება სტაბილურად მძიმეა. გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა ოპერაციაა. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, გულის დაავადებამ სხვა შინაგანი ორგანოებიც ჩაითრია. გათიშულია თირკმელებიც, პაციენტი დიალეზს საჭიროებს.
ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ხათუნას მეუღლეა, ის მცირე გასამრჯელო, რასაც ის ხელფასის სახით იღებს, ავადმყოფ მეუღლეზე, მოხუც მშობლებსა და სამ მცირეწლოვან შვილზე ნაწილდება. მკურნალობის და მით უფრო ოპერაციის თანხა მათ არ გააჩნიათ. ოჯახმა დასახმარებლად არაერთხელ მიმართა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ისე მსხვილ კომპანიებს, მაგრამ ოპერაციისთვის საჭირო თანხის შეგროვება ვერ მოხერხდა.
ხათუნას სამი შვილი ჰყავს: 8, 7 და წლის და 6 თვის პატარები. პატარას ბებია ზრდის, ხათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ბავშვის ხელში აყვანაც კი არ შეუძლია. მარიამი და თამარი კი მუდმივად დედის ნატვრაში არიან. პირველკლასელი თამარი განსაკუთრებით ელოდება დედის გამოჯანმრთელებას - სურს დედა სკოლაში წაიყვანოს და პირველი მასწავლებელი გააცნოს.
ხათუნა ჯო ენის სამედიცინო ცენტრში მოვინახულეთ:
- მესამე ბავშვზე 5 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა დავსივდი. ვეღარ ვმოძრაობდი, ვერც ვწვებოდი, ვგრძნობდი, რომ ორგანიზმი წყლით მქონდა სავსე. როდესაც ექიმთან მივედი, მითხრა, ეს ვენების ბრალიაო და ვენების სამკურნალო მედიკამენტები დამინიშნა. ამასობაში ორგანიზმი წყლით მევსებოდა. ბავშვი აღარ მოძრაობდა. ძალიან ცუდად ვიყავი. ექიმს ვთხოვდი, სრულყოფილი ანალიზები ჩამეტარებინა და გაგვეგო, ჩემი დასიების რეალური მიზეზი, მაგრამ საჭიროდ არ მიიჩნია. 33 კვირის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც გულის ექოსკოპია გავიკეთე. იმ დღესვე სასწრაფოდ ღუდუშაურის კლინიკაში საკეისრო კვეთით მამშობიარეს. ერთი დღეც რომ დამეგვიანა, არც მე და არც ჩემი პატარა ცოცხლები არ ვიქნებოდით. პატარა როგორც კი შინ გაწერეს, მას შემდეგ დედაჩემი ზრდის. მე კი მუდმივად მკურნალობის ქვეშ ვარ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. "
კახა მჭედლიშვილი, ხათუნა გიორგაძის მეუღლე:
- გულის დაავადებამ შინაგანი ორგანოები ჩაითრია, მარცხენა პარკუჭში ტრომბი გაიჭედა. ექიმები აცოცხლებენ ხათუნას. გულის უკმარისობიდან გამომდინარე ორგანიზმი ხშირად სივდება, მუცელში წყალი გროვდება და ვეღარ მოძრაობს. ახლა მისი მდგომარეობა მძიმეა, თვეზე მეტია აქ ვართ და არც ვიცი როდის გაგვწერენ. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.