BTUKids - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საკვირაო სკოლაში პირველი ლექცია ჩატარდა

BTUKids - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საკვირაო სკოლაში პირველი ლექცია ჩატარდა

საკვირაო სკოლის მოსწავლეები უახლეს ტექნოლოგიებს გაეცნენ - "სილიკონ ველი თბილისის'' ტერიტორიაზე მათ ელექტრომობილები დახვდათ, ელექტრომობილების მუშაობის ტექნოლოგიური პრინციპების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ და მომავლის მანქანებით გაისეირნეს კიდეც. ლექციაზე კი საკვირაო სკოლის მსმენელებს იმ ბავშვების შესახებ უამბეს, რომლებმაც იდეა ბიზნესად აქციეს და მსოფლიოში ყველაზე მცირეწლოვანი ბიზნესმენები გახდნენ. მომავალი ლექციისთვის ბავშვები საკუთარი ბიზნესიდეით მოვლენ და სხვადასხვა ქეისებზე ჯგუფურად იმუშავებენ.

საკვირაო სკოლაში სწავლების დროს გამოყენებული იქნება NASA-ს საგანმანათლებლო თამაშები, Microsoft-ის საყმაწვილო პროგრამები.

საკვირაო სკოლის მოსწავლის, ლუკა დარსალიას თქმით, პირველ გაკვეთილზე მათ ისაუბრეს ახალგაზრდა გამომგონებლებზე.

"გვესაუბრნენ ახალგაზრდა გამომგონებლებზე, რომლებსაც თავიანთი ბიზნესი აქვთ და გვაჩვენეს, რომ ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ, ნებისმიერ ახალგაზრდას ჰქონდეს იგივენაირი ბიზნესი", - განაცხადა ლუკა დარსალიამ.

ერთ-ერთი მენტორის, თამთა გველესიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ მიმართულებით, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდან ისწავლიან როგორ შეუძლიათ თავიანთი იდეებით შეცვალონ მსოფლიო.

"დღეს გადატვირთულ მსოფლიოში ძალიან რთულია იპოვო სხვადასხვა გამოსავალი ამა თუ იმ ბიზნეს სიტუაციაში, ან ტექნოლოგიების განვითარებაში, რაც ბავშვებს ძალიან მარტივად შეუძლიათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ადრეული ასაკიდან თუკი ვასწავლით მათ როგორ გამოიყენონ ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც დანერგილია თანამედროვე მსოფლიოში და განავითარონ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატების მომტანი შეიძლება იყოს", - განაცხადა თამთა გველესიანმა.

BTU kids - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბავშვო პროექტი უნიკალურია თავისი სასწავლო მოდულებით და 10-დან 15 წლამდე მოზარდებს უნვითარებს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ გლობალური ტექნოლოგიების ეპოქაში ადაპტირებაში დაეხმარებათ. BTU kids-ის მსმენელები 30 კვირის განმავლობაში გაივლიან 15 სასწალო მოდულს, სწალების დასასრულს, უკვე სერტიფიცირებული მსმენელები შექმნიან ერთობლივ პროექტს.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანმა, ნინო ენუქიძემ აღნიშნა სწავლების დროს ხდება თეორიული ნაწილის ინტეგრირება თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებთან, როგორიც არის დროის მენეჯმენტი, ღონისძიებათა მენეჯმენტი, ფინანსური რესურსების გადანაწილება და ა.შ.

BTU kids - ის სწავლების მეთოდი განსხვავებულია ტრადიციული გაკვეტილისა და ლექციისგან და შესაძლებლობას აძლევს მსმენელს მოახდინოს არსებული ცოდნის გააზრება, ახალი ცოდნის მოძიება, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობა, საკომუნიკაციო უნარების განვითარება, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზების ძიება.

BTU kids - ის საკვირაო სკოლაში მსმენელების მიღება ისევ გრძელდება.