"მეღვინეთუხუცესი ცოდოა, რომ თან ამხელა ცოდვა წაიღო" - რას ყვება ასმათ ტყაბლაძე მისი და ქეთი დოლიძის დაპირისპირებაზე

"მეღვინეთუხუცესი ცოდოა, რომ თან ამხელა ცოდვა წაიღო" - რას ყვება ასმათ ტყაბლაძე მისი და ქეთი დოლიძის დაპირისპირებაზე

ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში ერთმანეთს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე და რეჟისორი ქეთი დოლიძე დაუპირისპირდნენ. ერთმანეთს ბევრი მძიმე ბრალდება წაუყენეს და ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვაც უთხრეს. ცხადია, მათი დაპირისპირება ამ ეთერიდან არ დაწყებულა - როდის და რის გამო დაუპირისპირდა ორი ხელოვანი ერთმანეთს, ამ და სხვა თემებზე ასმათ ტყაბლაძემ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

"ჩემი და ქეთი დოლიძის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო. მან კი მითხრა, ოთარ მეღვინეთუხუცესს სისხლი გაუშრეო, მაგრამ კიდევ საკითხავია, ვინ ვის გაუშრო სისხლი. გარდაცვლილზე ცუდს არ ამბობენ და ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ოთარს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - მან 35 კაცი გამოუშვა მარჯანიშვილის თეატრიდან და თავისი მეუღლე აბაირამა. გურანდამ კარგად მოირგო ეს სიტუაცია, ეგონა, ვერიკოსა და სესილიას ადგილი დაიკავა, მაგრამ ხალხი კარგად ხედავს, ვინ ვინაა.

ასევე იხილეთ: "უსინდისო, არარაობა ... აფერისტკა" - მწვავე დაპირისპირება ქეთი დოლიძესა და ასმათ ტყაბლაძეს შორის პირდაპირ ეთერში

გამოშვებული 35 კაციდან, 15 გულგახეთქილი და დაავადებული გარდაიცვალა, 14 - ჩემი ბრძოლის შედეგად უკან დაბრუნდა. ბუნებრივია, თეატრში მასზე ბევრი იყო განაწყენებული, მაგრამ ისინი ღიად ვერ დადგნენ ჩემ გვერდით, რადგან იმწუთას გამოაგდებდნენ თეატრიდან. მაგრამ, მომაწოდეს დოკუმენტაცია, რომელიც კონტროლის პალატაშიც გადავამოწმე და ვნახე, რომ მეღვინეთუხუცესმა მაშინ გამოუშვა ხალხი, როცა ხელფასები შვიდი ლარიდან სამოცამდე გაიზარდა. ამდენ ხალხს ვერ შეინახავს თეატრიო. პირადად მე მითხრა: კარგად თამაშობ, მაგრამ გრძელი ენა გაქვს და ურჩი ხარო. იცით, რატომ? - როცა მას ხელმძღვანელად ირჩევდნენ, მე ვთვქი, რომ არ შეიძლებოდა მისი ხასიათის ადამიანი თეატრის ხელმძღვანელი ყოფილიყო. ამიტომაც, მოვხვდი გაშავებულთა სიაში. არადა ჩემი გამოშვების უფლება არ ჰქონდა. მარტოხელა დედა და სამი ადამიანის მარჩენალი ვიყავი, თან ორ მთავარ და ერთ-ერთ კარგ როლს ვთამაშობდი. მაგრამ, სპექტაკლები მოხსნა რეპერტუარიდან და სახლში გამოგვიშვა. იმ დოკუმენტაციაში ისიც ვნახე, რომ ჩვენ შემდეგ თეატრმა, დაახლოებით, 950 ათასის დაფინანსება მიიღო. აქედან 500 ათასი ლარი ფესტივალზე წავიდა, როცა მსახიობებს ექვსი თვე ხელფასები საერთოდ არ აუღიათ. ბიუჯეტში ფული არაა და ხელფასები გაიყინაო, გამოუცხადეს მართლა გაყინულ ხალხს. ამიტომაც ვუთხარი ქეთი დოლიძეს, რომ ბიუჯეტიდან ფული აქვს აღებული. იმავე დოკუმენტში წერია, რომ მას 500 ათასი არა, მაგრამ 50 ათასი მისცეს. თავად კი ამბობდა, არაფერ შუაში ვარო, მაგრამ იქ გარკვევით წერია, რომ მარტო მობილებისთვის 1800 ლარი გადაეცა ქეთი დოლიძეს თეატრის ბიუჯეტიდან.

ქეთი დოლიძის წყალობით დაჯდა 40 ათასი ის, რომ გურანდა გაბუნიას ერთხელ კლეოპატრა ეთამაშა და სნობი რომაა, ჩამოიყვანა ვიღაც, რომ ეჩვენებინა, თითქოს რაღაც იყო. ვის ახსოვს გურანდას კლეოპატრა? როგორ უნდა ათამაშო მას კლეოპატრა? მოკლედ, ჩვენი დაპირისპირება იმ დროიდან იწყება. მე ამ ყველაფერს ვერ შევეგუე, თორემ ქეთი დოლიძესთან არც შეყვარებული მყოლია გასაყოფი და არც როლი. ყოველ წელიწადს იძახის - მამაჩემის, სიკო დოლიძის ბინა ბანკში ჩავდე ფესტივალისთვისო. ვინ გთხოვა, ბატონო?! მაშინ, როცა თეატრის ბიუჯეტიდან ამხელა თანხაა წაღებული... შარშან კიდევ მერიიდან დიდი თანხა მიიღო, რისთვის დასჭირდა ბინის ჩადება? - თუნდაც ჩაედო, ყველა მთავრობას რატომ სთხოვს, სიკო დოლიძის ბინა გამომასყიდინეთო?! ბინას თუ ჩავდებ, პასუხსაც თავად ვაგებ. მე მადანაშაულებს, სამი რესტორანი გაქვსო. სამი არა - ორი მაქვს. თუმცა, ღმერთმა ქნას, ენამ უყივლოს. მაგრამ, ეს რა, დანაშაულია? თეატრიდან გამოშვებულმა მსახიობმა ხალხი დავასაქმე. თეატრში დაბრუნებაც ვცადე, მაგრამ ხან შევარდნაძე ჩარიეს და ხან ვინ. ამიტომაც ვთქვი, საკითხავია, სისხლი ვინ ვის გაუშრო-მეთქი...

...მერე კი თქვა ოთარმა, ეს ყველაფერი მე არ გამიკეთებია, თემურ ჩხეიძემ გამაკეთებინაო. მაგრამ, შე მამაცხონებულო, თუ იცი, ცუდ საქმეს გაკეთებინებენ, რატომ აკეთებ?! ოთარ მეღვინეთუხუცესი ცოდოა, რომ თან ამხელა ცოდვა წაიღო. ახლა, რაც გააკეთა, ყველაფერს აღარ ვამბობ. მედიკო ბიბილეიშვილი, ქალი, რომელიც ერთ დროს ყველა მთავარ როლს ასრულებდა, თეატრში აღარ შეუშვა მსახიობების შემოსასვლელიდან. "ჩემია" დაიჩემეს. ძალიან ცუდია, როცა ადამიანს ასე აუვარდება თავში წარმატება. სესილია ამბობდა ასეთ ადამიანებზე: შარდი აუვარდა თავში და აირიაო. სესილიასთან ახლო მეგობრობა მაკავშირებდა, ისევე როგორც ვერიკოსთან. ეტყობა, მათ მოსწონდათ უნიჭო ქალთან მეგობრობა. სულაც არ მომწონს, ამდენი ხნის შემდეგ ჩვენი დაპირისპირება, მაგრამ, რა ვქნა?! ეკრანს მიღმა ამ ხნის განმავლობაში არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა. თავის დროზე, მე ჩემი სათქმელი ვუთხარი. თვითონ თავი გაიგიჟა, დამნაშავე არ ვარო და ამით მორჩა. ხელოვანი ხარ, მაგრამ ხარ სხვა თეატრში, წადი იქ, რა გინდა მარჯანიშვილში?!"

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მხურვალე კოცნა - პაპარაცული კადრები, რომელიც წყვილის შერიგებას ადასტურებს

"მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი, დედამ ჩემს ხელში დალია სული" - რას ყვებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი მძიმე ბავშვობაზე, გურანდასა და კარიერაზე

ნანი ბრეგვაძის საარქივო ფოტოები მისი ოფიციალური "ინსტაგრამგვერდიდან" - როგორ აღინიშნება დიდი მომღერლის 85 წლის იუბილე?