2016 წლის „თბილისი მარათონი“ წელს, 23 ოქტომბერს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება და სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს.
ორგანიზატორების განცხადებით, „თბილისი მარათონის“ მარშრუტი კვლავაც თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს - სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები.
მათივე თქმით, წლევანდელი გარბენი გულისხმობს - ნახევარმარათონს (21,097 კმ) - რეგისტრაციის საფასური - 15 ლარი; 10 კილომეტრიან გარბენს - რეგისტრაციის საფასური - 10 ლარი და ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე - 500მ და 11-15 წლამდე - 1,2კმ) - რეგისტრაცია უფასოა.
„თბილისი მარათონის რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას „ჰაიდელბერგცემენტი“ ტრადიციისამებრ გააორმაგებს და წელს საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოახმარს. შესაბამისად, „თბილისი მარათონის“ თითოეული მონაწილეც ქველმოქმედი ხდება“, - განაცხადეს ორგანიზატორებმა.
2016 წლის „თბილისი მარათონის“ რეგისტრაცია მიმდინარეობს 22 ოქტომბრის ჩათვლით, ვებგვერდზე - www.tbilisimarathon.ge.
„თბილისი მარათონი“ არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით, თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
წლევანდელი ღონისძიების სპონსორები არიან - კომპანია „ლენოვო“, „ვისოლ ჯგუფი“, საინფორმაციო ცენტრი 11808, სასტუმრო შერატონი, სასტუმრო მერიოტი, დავით ტატიშვილის გამაჯანსაღებელი ცენტრი, პალიტრა მედია, ტელეკომპანია GDS, ტელეკომპანია „იმედი“, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“. „ზედაზენი“, საინფორმაციო ცენტრი my.ge, სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“, სასტუმრო „რუმზ ყაზბეგი“, კომპანია „თაიმი“, რადიო „ჯაკო“, „ავტო რადიო“, Vitamin Well, კომპანია „ტერიტორეფი“ - ჟურნალი „ბიზნეს ჯორჯია“, სასტუმრო „ლოპოტა“, ესტეთიკური ცენტრი „ლა ბელლე“, Pulse.ge, „საირმის წყლები“, სპორტული მაღაზია „სითი სპორტი“, „ბახმარო“, მაღაზია „ველო+“. კლუბი 71, სნეპი, კომპანია „დიო“, Treepex, Check in Travel, Georgia Today. თბილიმარათონის მონაწილეთა ოფიციალური მზღვეველია კომპანია IC Group.
„ჰაიდელბერგცემენტის“ სოციალური პროექტი „თბილისი მარათონი“ ყოველწლიურად სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 50-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნეს სექტორი. „თბილისი მარათონზე“ საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, 3000-მდე მონაწილეს ველით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც’, - აცხადებენ ორგანიზატორები.