პირველი სალონი თბილისში, სადაც მხოლოდ ბავშვებს ემსახურებიან

პირველი სალონი თბილისში, სადაც მხოლოდ ბავშვებს ემსახურებიან

რამდენიმე წლის წინ, 2 წლის ლუკას ჭირვეულობა თმის შეჭრის დროს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აღმოჩნდა, თბილისში პირველი საბავშვო სალონის გასახსნელად, სალონის, სადაც პატარა სტუმრებისთვის თმის შეჭრისა თუ სხვადასხვა ვარცხნილობის გაკეთების პროცესი სასიამოვნო და საინტერესო იქნებოდა.

"გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ასეთი სალონი, შეგვექმნა ბავშვებისთვის სასურველი გარემო, სადაც ყველა დეტალი მათთვის იქნებოდა შექმნილი და გათვლილი: მოიხატებოდა კედლები, უამრავ სათამაშოსთან ერთად იქნებოდა გასართობი პროგრამა და თმის შეჭრის უსიამოვნო პროცესი სახალისო და დასამახსოვრებელი გახდებოდა", - ამბობს KIDS SALON-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ხარებავა და AMBEBI.GE-ს საბავშვო სალონის დაარსებისა და განვითარების ისტორიას უყვება:

პირველი ნაბიჯები და საწყისი კაპიტალი: "თბილისში პირველი საბავშვო სალონის გახსნის იდეა სრულიად შემთხვევით, მეგობრის სტუმრობის შემდეგ, 2011 წლის ნოემბერში გაჩნდა. მეგობარი ყვებოდა, როგორ ვერ მოახერხა ბავშვისთვის თმის შეჭრა, როგორ ტიროდა პატარა ლუკა და ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა.

როგორც გაირკვა, საბავშვო სალონების ფუნქციონირების გამოცდილება უკვე არსებობდა სხვა ქვეყნებში, რამაც კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა შეგვმატა. უცხოეთში არსებული მოდელებისა და ბაზრის შესწავლით იდეამ ნელ-ნელა რეალური სახე მიიღო. ექსკლუზიურად, ჩვენი მომხმარებლისთვის სპეციალური მანქანა-სკამები დავამატეთ, რომლებშიც ბავშვები სიხარულით ჩერდებიან თმის შესაჭრელად; მოვიძიეთ კომპიუტერული თამაშები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის. გამოვიწერეთ საბავშვო შამპუნები და სხვა მნიშვნელოვანი აქსესუარები.

იმისათვის, რომ იდეა რეალობად გვექცია, საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა და ბევრი სირთულეც გამოვიარეთ. მიუხედავდ ამისა, ოთხმა მეგობარმა ერთმანეთის თანადგომითა და მხარდაჭერით მივაღწიეთ მთავარ მიზანს: 2012 წლის მაისში საქართველოში პირველი ბავშვთა სალონი გავხსენით".

სირთულეები: "პირველი ორი წელი ბიზნესისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სირთულე ჯერ კიდევ სალონის გახსნამდე წარმოიშვა, როდესაც გამოცდილი სტილისტის მოძებნა გაჭირდა: ბევრს არ სურდა მხოლოდ ბავშვებთან მუშაობა, რადგან ეს გაცილებით მეტ ენერგიას მოითხოვდა, ზოგიერთს საერთოდ არ სჯეროდა, რომ სალონი მხოლოდ ბავშვებისთვის იმუშავებდა და არ რისკავდნენ, შეეცვალათ სამსახური.

ჩვენი მხრივ, ჩვენც განსაკუთრებული მოთხოვნები გვქონდა: სტილისტი, რომელიც ჩვენს სალონში იმუშავებდა, აუცილებლად მხიარული, ენერგიული უნდა ყოფილიყო და უნდა ჰყვარებოდა ბავშვები. სწორედ ასეთი სტილისტები გვყავს დღეს. თუმცა, მათ მოძებნასა და დაინტერესებას დიდი დრო და ენერგია დასჭირდა.

შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო ვერ მოვახერხეთ სატელევიზიო თუ სხვა მასშტაბური სარეკლამო აქტივობების განხორციელება. შესაბამისად, კლიენტის მოსაზიდად, ძირითადად, Word of mouth advertising-ი მუშაობდა, რაც უფრო დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი აქცენტი მუდმივად იყო და რჩება ბავშვებისთვის მაქსიმალურად მხიარული და სასიამოვნო გარემოს შექმნა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხარისხის კონტროლი სალონში, როგორც თმის შეჭრაზე, ასევე სხვა მომსახურებებზე. ყოველივე ამან ხელი შეგვიწყო ჩვენს პატარა მომხმარებელში მოგვეპოვებინა დიდი სიყვარული, მშობლებისაგან დაგვემსახურებინა ნდობა და ჩვენ ეს შევძელით".

წარმატება და რჩევები წარმატების მისაღწევად: "ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ KIDS SALON-ი დღეს წარმატებულია და გვჯერა, რომ წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება გველოდება. ყველაზე ღირებული ის არის, რომ ამ 4 წლის მანძილზე შევძელით მოგვეპოვებინა პატარების და მათი მშობლების სიყვარული. KIDS SALON-ი არის ადგილი, სადაც მათ მოსვლა უხარიათ. ეს კი აისახება მათ განმეორებით ვიზიტებსა და სხვებისთვის რეკომენდაციის გაწევაში.

KIDS SALON-ის წარმატება ბავშვებისთვის შექმნილ განსაკუთრებულ გარემოსთან ერთად, სალონის არაჩვეულებრივ გუნდშია და ჩვენ ამით ვამაყობთ. აქ უყვართ ბავშვები და მათთან ურთიერთობით ბედნიერები არიან. ჩვენც ვიზრდებით და ვიხვეწებით, ვითვალისწინებს მოსაზრებებსა და შენიშვნებს.

წარმატების მისაღწევად აუცილებელია გქონდეს რწმენა, რომ თუ ბოლომდე დაიხარჯები, აუცილებლად მიაღწევ დასახულ მიზანს. არ უნდა გეშინოდეს დაბრკოლებების. როდესაც ამ ბიზნესს ვიწყებდით, ხშირად გვიმეორებდნენ: "ბავშვთა სალონი რომ კარგი იდეა ყოფილიყო, აქამდე ხომ უკვე იქნებოდა საქართველოში?" დიახ, ბევრს ქონია კარგი ბიზნეს იდეა, მაგრამ ასეთი დამოკიდებულების გამო არც უცდია რამე გაეკეთებინა, გარკვეული დროის შემდეგ კი აღმოუჩენია, რომ მსგავსი რამ სხვამ წარმატებით განახორციელა. წარუმატებლობის რისკი და შიში ყოველთვის არსებობს, მით უმეტეს - ბიზნესში. მთავარია, რისკები ლოგიკურად შეისწავლო - საკუთარ შიშს კი გადააბიჯო.

ჩვენ ვურჩევთ ყველას, ვისაც აქვს ახალი და განსხვავებული იდეა, დღესვე დაიწყოს მისი განხორციელება და აქციოს ის წარმატებულ ბიზნესად."

#გააზიარეწარმატება და #წარმატებაგადამდებია: "ამ პროექტში მონაწილების ჩვენი ერთადერთი მიზანი ძალიან კარგად ემთხვევა პროექტის მთავარი მესიჯს #გააზიარეწარმატება და #წარმატებაგადამდებია... გვინდა, რაც შეიძლება მეტი ახალი და კრეატიული ბიზნესი შეიქმნას საქართველოში. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას".

სამომავლო გეგმები: "ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომხმარებელთან ურთიერთობა და მათი მოსაზრებების შესწავლა, ამიტომ მომავალი ადგილის შერჩევაში, სადაც ახალ ფილიალს გავხსნით, ისინიც აქტიურად არიან ჩართულები. თუ სად იქნება ახალი ფილიალი, ამას სასიამოვნო მოულოდნელობად დავტოვებთ, მაგრამ ერთმნიშვნელოვან სიახლეს გაგიმხელთ - მალე ჩვენი მომსახურების მიღება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც შესაძლებელი გახდება".

მთავარი: "ყველაზე სასიამოვნო მომენტი პატარა კლიენტებისთვის ალბათ ის არის, როდესაც პირველად გაკეთებული ვარცხნილობის შემდეგ მათ სპეციალურ სიგელს გადავცემთ. დაგროვებით ბარათებით ვასაჩუქრებთ მშობლებსაც. ვფიქრობთ, კლიენტის სურვილებსა და განწყობის შექმნაზე ორიენტირებული მიდგომა განაპირობებს ამ ბრენდის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს - ეს მიმართება ჩვენთვის ძალიან ღირებულია და ამას ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით".

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE