2013 წელს ბიძინა ივანიშვილის სახელზე, "ვერისბაღელებმა" წერილი გამოაქვეყნეს და თხოვნით მიმართეს იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს: დაგვიბრუნეთ ჩვენთვის საამაყო "ლაღიძის წყლები", რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობდაო. ეს ხომ ის ადგილია, სადაც წლების განმავლობაში, ადამიანები არა მხოლოდ გემრიელი წყლის დასაგემოვნებლად დადიოდნენ, არამედ ეს იყო შეხვედრების, შეყვარებული წყვილების საყვარელი ადგილი და როცა თბილისში უცხოელი ჩამოდიოდა, პირველ რიგში, სტუმარი სწორედ იქ მიჰყავდათ მასპინძლებს. როგორც ამბობენ, წყლის დაგემოვნების შემდეგ უცხოელები აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ...
პროფესორი გურამ ტატიშვილი სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ გვეწვია რედაქციაში. მასაც ისევე აწუხებს ნამდვილი "ლაღიძის წყლების" დაკარგვა, როგორც თითქმის ყველა ძველი თაობის წარმომადგენელს, ახალმა თაობამ კი ამ გაზიანი წყლის შესახებ ბევრი არაფერი იცის. მართალია, ტკბილი გაზიანი წყალი სხვადასხვა სახელწოდებით დღესაც იყიდება, მაგრამ ამბობენ, რომ მისი შედარებაც არ შეიძლება ძველებურთან...
- 1960 წელს სულ რაღაც, 2-3 თვის დანიშნული ვიყავი თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად (მაშინ ეს იყო საკავშირო რეკორდი - 29 წლისა უკვე ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დავინიშნე). მითხრეს, ქალაქის ხელმძღვანელი, პარტიის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, გიორგი გეგეშიძე გიბარებსო. საქმიანი და ძალიან ძლიერი პიროვნება იყო. გამიკვირდა, ჩემგან რა უნდა-მეთქი? იმ დროს დასაწინაურებლად და თავზე ხელის გადასასმელად იშვიათად თუ დაგიბარებდნენ, საჩხუბრად და თითის დასაქნევად - უფრო ხშირად. ჰოდა, ვიფიქრე, - ნეტავ, რა დავაშავე ამ 2-3 თვეში-მეთქი? თუმცა, როცა მასთან გამოვცხადდი, მისი მდივანი ისე შემხვდა, მივხვდი, ჩემს თავს ცუდი არაფერი მოხდებოდა. მითხრა, - გიორგი ანდრეევიჩი გელოდებათო და კაბინეტში შემიძღვა.
გიორგი ანდრეევიჩი უშუალო კაცი იყო. მასთან მანამდე მხოლოდ ერთხელ მქონდა ურთიერთობა: როცა ცეკას ბიუროზე დირექტორად უნდა დავემტკიცებინეთ, გეგეშიძემ მკითხა, - ჩვენგან რამე ხომ არ გჭირდებაო? ვუპასუხე: მთელი თვეა, რაც დაწესებულებაში დავდივარ და ერთ რამეს ვერ მოვერგე, ჯერჯერობით-მეთქი. - რას გულისხმობო? - დაწესებულება იწყებს მუშაობას 10 საათზე. სტაციონარში 350 ავადმყოფი გვიწევს. ათზე რომ დილის კონფერენცია იწყება, საშუალოდ ნახევარი საათი მაინც გრძელდება და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საოპერაციოდ გამზადებული პაციენტები გველოდებიან და ძალიან ნერვიულობენ. არადა, ეს მოლოდინი 12 საათამდე მაინც იწელება. თანაც, ხომ იცით, ანალიზი რისგან კეთდება და ზოგიერთი ამასობაში ყროლდება კიდეც. ჰოდა, იქნებ სამუშაო დღე 9 საათზე დავიწყოთ-მეთქი. - მერე, რა გიშლით ხელს ამაშიო? - ქალაქის საბჭოს დადგენილებაა, რომ ტრანსპორტის განტვირთვის მიზნით, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები 10 საათზე იწყებენ მუშაობას, საავადმყოფოები კი 9-ზე, მაგრამ ყველა საავადმყოფოზე მეტი პაციენტი ჩვენ გვყავს და ვერ ვხვდები, ეს რა ლოგიკაა-მეთქი? - სამსახურში რომ მიხვალთ, თანამშრომლები გააფრთხილეთ და ერთი კვირის ვადა მიეცით, რომ ოჯახური პირობები მოაგვარონ (შვილების ბაღში, სკოლაში მიყვანის პრობლემა და ა.შ.). მერე ვინმე თუ შეგეწინააღმდეგებათ, ჩემთან გამოგზავნეთო. იმ დღეს გახარებული წამოვედი.
- თანამშრომლები არ გაგიბრაზდნენ?
- ეს დიდად არ მადარდებდა. ჩემი მიზანი იყო, ინსტიტუტი "ამომექაჩა". მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ გეგეშიძემ დამიბარა და მის კაბინეტში შევედი. ძმაკაცივით შემომეგება, მომესალმა და სკამი შემომთავაზა, - შეგაწუხე, მაგრამ რა ვქნა, ერთ რამეში უნდა დამეხმაროო. ვერ დავფარე გაოცება, - გიორგი ანდრეევიჩ, მე რით უნდა დაგეხმაროთ, პირველი კაცი ხართ ქალაქში და თქვენი სიტყვა კანონია-მეთქი. - აი, შენ წარმოიდგინე, ჩემი შველა შეგიძლიაო.
მერე ამიხსნა, რომ პოპულარული უალკოჰოლო სასმელების - "ლაღიძის წყლების" დამაარსებლის, ცნობილი ქართველი მოღვაწის - მიტროფანე ლაღიძის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა ამ დიდებული ტრადიციული სასმლის წარმოების შეწყვეტის საშიშროება. ამ სასმლის ტექნოლოგიის ნიუანსები იცოდა მხოლოდ მისმა ქალიშვილმა - თინამ. ეს იყო გემოვნების პრინციპზე აგებული საიდუმლო. თინა გახლდათ ექიმი-ქირურგი და ჩვენი ინსტიტუტის ერთ-ერთ განყოფილებაში მუშაობდა. პრინციპული ქალი, ნამდვილი ექიმი იყო. იმ დროისთვის მიტროფანეს ვაჟი გარდაცვლილი გახლდათ და თინა მის შვილს - თორნიკეს ზრდიდა.
თურმე, ცეკას პირველმა მდივანმა, ვასილ მჟავანაძემ დაავალა კვების მრეწველობის მინისტრს, - ეს ქალი როგორმე დაიყოლიეთ, რომ მამის საქმე გააგრძელოსო, მაგრამ მინისტრმა ის ვერაფრით დაითანხმა. თინას მკვახედ უთქვამს, - მე ექიმი ვარ და ქარხანაში არაფერი მესაქმებაო. არადა, რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის "ლაღიძის წყლების" წარმოების შემდგომი განვითარება იმდენად ეროვნული პრობლემა ყოფილა, რომ პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, მჟავანაძეს ამ საკითხის მოგვარება მერე უკვე პირადად გეგეშიძისთვის დაუვალებია.
- და იმანაც, დირექტორის დახმარებით გადაწყვიტა თანამშრომლის განიარაღება, არა? ... განაგრძეთ კითხვა