მაღალმთიან აჭარაში თოვლმა პრობლემები შექმნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში მცხოვრებმა ზაზა მარკოიძემ განუცხადა, თოვა გამთენიისას დაიწყო და ელექტროენერგიაც მალევე გამოირთო. მისი თქმით, ღორჯომში 50 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდა, თუმცა საფეხმავლო მიმოსვლა და მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება არ შეზღუდულა.
ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, დღეს დილიდან ელექტროენერგია გამორთულია მუნიციპალიტეტის 25 სოფელში, სადაც აღდგენით სამუშაოებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მისი თქმით, დაბა ხულოში თოვლის საფარი 20 სანტიმეტრამდეა, ზემო სოფლებში 50 სანტიმეტრამდე, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე ნალექი 60 სანტიმეტრს აჭარბებს.
თოვს ასევე შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, სადაც ნალექმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და რიგ სოფლებს შუქი არ მიეწოდება.
ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ბათუმში დილით სეტყვა და ძლიერი წვიმა იყო. სეტყვამ დააზიანა ციტრუსის მოსავალი.