როგორ გავატარე უგემრიელესი დღე იტალიური სამზარეულოს ორ ჯადოქართან

როგორ გავატარე უგემრიელესი დღე იტალიური სამზარეულოს ორ ჯადოქართან

ძალიან ბანალური იქნება, თუ ამბის მოყოლას იმით დავიწყებ, როგორი კარგი დღე გავატარე ორ არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად, როგორ გახდა ორი საერთოდ უცხო ადამიანი ძალიან კარგი მეგობარი ერთ დღეში და როგორ არ ველოდი, რომ საქმიანი შეხვედრა შეიძლებოდა ასეთი სასიამოვნო ყოფილიყო.

ჩემი დღის მთავარი გმირები მაურიციო ჯიანოტი და ჯოვანი დი ჩიკო არიან. მაურიციოს პირველი დანახვისთანავე გამახსენდა ყველა ფილმი და ანიმაცია სადაც იტალიელი მზარეულები არიან, მუდამ მომღიმარი თვალები, ხალისიანი, სწრაფი საუბარი და თბილი გამოხედვა. მე იტალიური არ ვიცი, მან ინგლისური არ იცოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მთელი დღე გვეკონტაქტა, ჯოვანიმ იცოდა ინგლისური და ეს საქმეს გვიადვილებდა.

ერთმანეთს დღის 12 საათზე კაფე "ჩი გუსტა!"- ში შევხვდით. მათთვის, ვისაც სასიამოვნო გარემო, გემრიელი კერძები და წიგნები უყვარს, ეს ადგილი ნაცნობი და საყვარელია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ყავის მოყვარულებს მხოლოდ აქ შეგვიძლია პრეჯელის ყავა მივირთვათ, მაშინ ბევრისთვის მშობლიურიც კი არის "ბიბლუსი გალერეის" სიმყუდროვე. ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ვეკონტაქტებით. ისიც კი გავიგე, რომ მაურიციო კერძების შეფმზარეულია, ჯოვანი კი დესერტების ჯადოქარია, სასიამოვნო იყო იმის გაგებაც, რომ ჩი გუსტას! არაერთი ნაყინის არომატი მისი შემოქმედებაა.

დაპირება მივიღე, რომ გასეირნების შემდეგ ორივე მომიმზადებდა მათ საფირმო კერძს. ახლა ჩემი ჯერი იყო, მათთვის თბილისში საუკეთესო ქართული მეჩვენებინა. დრო ბევრი არ მქონდა, სულ რაღაც ერთი საათი, სანამ კერძების მომზადებას დაიწყებდნენ, ბევრი არ მიფიქრია გადავწყვიტე მათთვის ჩურჩხელა და ქართული ღვინო შემეთავაზებინა. მიხაროდა ყველა მიმიკა, რომელსაც ჩემი იტალიელი მეგობრების სახეზე ვხედავდი, როცა ქართულ შენობებს უყურებდნენ, თუმცა არასდროს დამავიწყდება ის სახე, რომლითაც ჩურჩხელას მიირთმევდნენ და ტყლაპის დაგემოვნებისას სასაცილოდ იშმუშნებოდნენ, თან მონდომებით ცდილობდნენ ქართული ბგერები წარმოეთქვათ.

ქუჩაში სეირნობისას აწუწუნებულებმა, რომ "სიცივეა" და "ნეტავ არ გავცივდეთ" მაშინვე შეწყვიტეს, როცა ღვინო დააგემოვნეს და შემდეგ უკვე ჭაჭა - უკვე აღარც ციოდა და ქუჩის მუსიკოსის ნამღერზე აცეკვებაც ბევრად მარტივი გახდა.

ხანმოკლე გასეირნებიდან დავბრუნდით და მაურიციომ დაიწყო - საგულდაგულოდ მომზადებული ფოკაჩოსთვის განკუთვნილი პური შუაში გაჭრა... დაახლოებით 15 წუთში ჩემს წინ ულაზესი თეფში იდო, ერთმანეთში ასე გემრიელად შეზავებული სუნელები არასდროს გამისინჯავს, კიდევ უფრო სასიამოვნო ის არის, რომ ფოკაჩო სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა. აქ არა, მაგრამ მისი დაგემოვნება არ დაგავიწყდეთ, თუ "ჩი გუსტა!"-ში რომელიმე ქვეყანაში მოხვდებით - მას ხომ მსოფლიოს 35 ქვეყანაში 70-მდე რესტორანი აქვს. არც პიცის გაკეთება დავიწყებია, სხვა შეგრძნებაა როცა შეფმზარეულის მიერ მომზადებულ პიცას მიირთმევ, ნამდვილ იტალიურ პიცას!

ახლა ჯოვანის ჯერი დადგა. ეს მხოლოდ ნაყინი არ ყოფილა, მეგონა, იტალიური კულტურის ნაწილს მივირთმევდი! უფრო სასიამოვნო მათი ბედნიერი სახეები იყო, როცა მათ მიერ მომზადებული კერძებით ვტკბებოდი - თითქოს ისინი ახალბედა მზარეულები იყვნენ, მე კი მათი კრიტიკოსი.

9 საათისთვის როლები გავცვალეთ - ახლა უკვე მე ვიყავი მათი მასპინძელი ერთ-ერთ ქართულ რესტორანში და მე ვუყურებდი მათ, რა აღფრთოვანებით შეექცეოდნენ ქართულ კერძებს. გადავიღეთ ბევრი ფოტო და ერთმანეთს დავპირდით, რომ შეძლებისდაგვარად ხშირი კონტაქტი გვექნება. მე კი პირობა მივეცი, რომ მოგზაურობისას ყველგან ვიპოვი "ჩი გუსტა!"-ს კაფეს, გავსინჯავ ნამდვილ იტალიურ კერძებს და ჩემს ემოციას ყოველთვის გავუზიარებ მათ!

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი