"ფინანსურ პირამიდებში" სულ უფრო მეტი ადამიანი გაებმება

"ფინანსურ პირამიდებში" სულ უფრო მეტი ადამიანი გაებმება

საქართველოში საფინანსო კომპანიების მიერ დაზარალებულ მეანაბრეთა რიცხვი იზრდება. ისინი რეკორდულად მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობენ მეანაბრეებს და ფინანსურ პირამიდას ქმნიან. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ასეთი საქმიანობა სახელმწიფოს მიერ არ რეგულირდება, რაც "პირამიდის მაშენებლებს" სრულ თავისუფლებას ანიჭებს. მოსახლეობა კი მთავრობის მხრიდან მკაცრი ზომების გატარებას და მეტ ყურადღებას მოითხოვს. სიტუაცია უკონტროლოა და ვითარება სამომავლოდ კიდევ უფრო დამძიმდება.

საფინანსო ორგანიზაციებიდან კომპანია "საქართველო" ერთ-ერთია, რომელიც მასმედიის სხვადასხვა საშუალებით აწარმოებდა აქტიურ სარეკლამო კამპანიას და ფიზიკური პირებისაგან სახსრების მიზიდვის მიზნით, კლიენტებს სთავაზობდა ბაზარზე არსებულთან შედარებით, გაცილებით მაღალ საპროცენტო განაკვეთს. "საქართველო", ბანკებისგან განსხვავებით, არ წარმოადგენდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტს და მის მიმართ არ ვრცელდებოდა შესაბამისი საზედამხედველო მოთხოვნები. მალე გაირკვა, რომ დიდი რისკის ქვეშ დგებოდა მიზიდული სახსრები.

ამიტომ სებ-მა წერილობითი თუ ზეპირი ფორმით, არაერთხელ გააფრთხილა კომპანიის ხელმძღვანელობა. მათ მოსთხოვეს დაფინანსების ბიზნესმოდელის შეცვლა და სახსრების მიზიდვის სარეკლამო კამპანიის შეწყვეტა. თუმცა, კომპანიამ არ გაითვალისწინა ეროვნული ბანკის გაფრთხილება, რის გამოც, ვითარება უფრო გართულდა.

წინა კვირას "საფინანსო კომპანია საქართველოსთან" შეკრებილი 20-მდე მეანაბრე კუთვნილი თანხების დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვდა. როგორც მათ განაცხადეს, ორი თვეა კომპანიისგან კუთვნილი პროცენტი არ მიუღიათ.

საქართველოში შეიძლება "პირამიდულმა ბიზნესმა" ისევ გაშალოს ფრთები და ქვეყანა 90-იან წლებს მიუბრუნდეს. იოლი ფულის შოვნის გზას უკვე ბევრი დაადგა. ამის თავიდან ასარიდებლად "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე აუცილებლად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას. მსგავსი დამოკიდებულება მომავალში თავიდან გამორიცხავს სირთულეებს და უპასუხისმგებლო კომპანიების მომრავლებას ხელს შეუშლის.

"დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოში "პირამიდული ბიზნესი" არ არის კრიმინალური საქმიანობა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში ამ კუთხით ვითარება მძიმდება. ამიტომ საკანონმდებლო ცვლილება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაატაროს ახალმა პარლამენტმა.

საქართველოში არსებობს რამდენიმე კომპანია, რომლებიც მსგავსი სქემით (ე. წ. პონცის სქემა) მუშაობს. ეს გულისხმობს იმას, რომ ყველა შემდეგი მომხმარებლის ფულით ხდება წინა მომხმარებლის გასტუმრება. როდესაც ახალი მომხმარებელი აღარ შეიტანს ფულს ასეთ ორგანიზაციაში, სისტემა ჩამოიშლება, რაც ყველას აზარალებს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი