"აიღე 250-დან 3000 ლარამდე სესხი ყველაზე სწრაფად, გადავადების საკომისიოს გარეშე" - ამგვარი შინაარსის სმს-ები ჩვენს ტელეფონში ლამის ყოველდღე ჩნდება. სესხს გვთავაზობენ ინტერნეტით, სოციალური ქსელებით, სწრაფი სესხის შესახებ გვატყობინებენ ვებგვერდები, სადაც ამგვარი განცხადებების ადგილი თითქოს არ არის. ადამიანი, რომელსაც ფული სჭირდება და თანაც, სასწრაფოდ, ამ შემოთავაზებას იოლად ჰყვება, ნასესხებ თანხას უკან დროულად ვერ აბრუნებს და ბოლოს დიდ უსიამოვნებაში ეხვევა.
ამ თემაზე ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვესაუბრება, რომელიც ონლაინსესხებით დაზარალებულ არაერთ ადამიანს შეხვედრია:
- საქართველოში ძალიან მომრავლდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც სწრაფ სესხებს გასცემენ. სესხის აღება ინტერენტითაც შეიძლება, თანაც სულ რამდენიმე წუთში. ონლაინსესხის გაცემისას მათი პირობები ხშირად კაბალურია და მსესხებელს ძალიან აზარალებს. საერთოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სწრაფი სესხის ასაღებად ის პირი მიმართავს, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს. ვინაიდან დიდი პროცენტის გადახდა უწევს, ნასესხები თანხის დაბრუნებას თავის დროზე ვერ ახერხებს.
- ბატონო ირაკლი, რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომელიც ონლაინსესხის აღებას გადაწყვეტს?
- როდესაც ადამიანი სესხს ინტერნეტით იღებს, არ იცის რა ხალხთან, ან რა ორგანიზაციასთან აქვს საქმე. ამიტომ, ყველას ვურჩევ, დეტალურად გაარკვიოს ის პირობები, რომელსაც ესა თუ ის მიკროსაფინანასო ორგანიზაცია გვთავაზობს და თუ სხვა გამოსავალი არა აქვს, მხოლოდ მაშინ აიღოს სესხი. ყველა ამ ორგანიზაციას აქვს თავისი ვებგვერდი, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოცემული ინფორმაცია მშრალია, მაინც უნდა გაეცნოთ, თუმცა ჯობია დარეკოთ და ყველა დეტალი გაარკვიოთ. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ოპერატორები, რომლებიც ამ ზარებს პასუხობენ, კლიენტებს სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდიან და მხოლოდ ზერელე ინფორმაციით შემოიფარგლებიან. ზოგჯერ კი, არასწორ ინფორმაციასაც აწვდიან. კიდევ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ: მართალია, ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას კაბალური პირობები აქვს, მაგრამ მათ შორის რაღაც განსხვავები მაინც არის და მსესხებელმა ეს განსხვავება უნდა გაითვალისწინოს.
- თუმცა, ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ პირველი სესხი უპროცენტოა.
- გეთანხმებით, ზოგჯერ მითითებულია, რომ პირველი სესხი უპროცენტოა, მაგრამ ეს შეთავაზება ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არა აქვს. თანაც, უპროცენტო შეიძლება იყოს სესხი 300 ლარის ფარგლებში, მაგრამ კლიენტი უფრო მეტ თანხას თუ გაიტანს, მაშინ უკვე პროცენტიანია. ზოგიერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას პირველ ეტაპზე მართლაც აქვს უპროცენტო სესხები, ზოგს კი - არა აქვს. მსესხებელმა ამ ნიუანსს ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოს. მით უმეტეს, სესხის დროულად დაფარვის შემთხვევაშიც პროცენტი ძალიან მაღალია. ამის დასტურად რამდენიმე კონკრეტულ ფაქტს დავასახელებ: (ჩვენი კლიენტების ინტერესები რომ არ დაზიანდეს, ამ ადამიანების ვინაობას არ გავახმაურებ) თვენახევრის წინ გიორგი.ნ-მა ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართა და სწრაფი სესხის სახით 1200 ლარი მიიღო, რომელიც 30 დღის ვადაში უკან უნდა დაებრუნებინა. მართლაც დააბრუნა ეს თანხა, მაგრამ პროცენტის სახით თითქმის 500 ლარი გადაახდევინეს. გამოდის, რომ 30 დღეში 1200 ლარიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ 500 ლარის მოგება მიიღო. მეორემ კი, 500 ლარი გამოიტანა და 30 დღის განმავლობაში დაახლოებით 800 ლარი მოსთხოვეს, ეს იყო პროცენტი მიუხედავად იმისა, რომ ფული თავის დროზე დააბრუნა. კიდევ ერთ შემთხვევაზე მოგიყვებით: მომხმარებელს 300 ლარის სესხი ჰქონდა გამოტანილი, გადააცილა 30 დღეს და მოგვიანებით შეიტანა ძირი თანხა, მაგრამ ეს თანხა ჯარიმაში და პროცენტში ჩაუთვალეს. ამიტომაც, სესხი ისევ დაუფარავი დარჩა. 4-5 თვის შემდეგ კი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მსესხებლისგან 1800 ლარის დაბრუნება მოითხოვა.