კულტურის მინისტრი - ტაძრებში ისეთი სანთლები უნდა გამოიყენებოდეს, რომლითაც ფრესკის დაზიანების რისკი მინიმუმამდე შემცირდება

კულტურის მინისტრი - ტაძრებში ისეთი სანთლები უნდა გამოიყენებოდეს, რომლითაც ფრესკის დაზიანების რისკი მინიმუმამდე შემცირდება

მეტი აქცენტი გაკეთდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კონტროლის გამკაცრებასა და ასევე სამონასტრო ცხოვრებაზე, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რითაც ვარძიის სამონასტრო კომპლექსში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა.

მიხეილ გიორგაძის თქმით, ის, რაც ვარძიაში მოხდა, ძალიან სამწუხაროა და „პირველადი გაწმენდის სამუშაოების შემდეგ გამოჩნდება, თუ რასთან გვაქვს საქმე".

"დიდი იმედი მაქვს, რომ ფრესკები აღდგენადია. საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყება და მასში ჩაერთვებიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი წამყვანი სპეციალისტები. რაც შეეხება საპატრიარქოსთან ურთიერთობას, დიდი ხანია თანამშრომლობის ფორმატი გააქტიურებულია და ეს არ ხდება იმის გამო, რაც ვარძიაში მოხდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საპატრიარქოს აქვთ შექმნილი ერთობლივი საბჭო, რომელიც მსჯელობს იმ ფაქტებზე, რომელიც მედიით გავრცელდა სხვადასხვა გადაცდომებთან დაკავშირებით, სხვადასხვა არქიტექტორულ თუ მემკვიდრეობის ძეგლებზე განხორციელებული თვითნებური ჩარევის გამოსასწორებლად და არაერთი მაგალითი გვაქვს უკვე გამოსწორებული მდგომარეობის. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება გამკაცრებაზე, თავად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და სამონასტრო ძეგლებზე", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კულტურის მინისტრი მიიჩნევს, რომ სანთლებთან დაკავშირებით ახალი შეთანხმება უნდა იქნას მიღწეული, რათა „მაქსიმალურად ისეთი სანთლები იქნას გამოყენებული, ან ისეთ ადგილას, რომლითაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი პოტენციური, თეორიული შანსიც კი კედლის მხატვრობის, ან ფრესკის დაზიანების".

გიორგაძის თქმით, აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რაც ვარძიაში მოხდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი